გურამ ფალავანდიშვილისა და „ალტ-ინფოს" დამფუძნებლის სახლში ჩხრეკა ჩატარდა

პუბლიკა

პოლიციამ გურამ ფალავანდიშვილისა და „ალტ-ინფოს” დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩხრეკა ასევე ჩატარდა „ალტ-ინფოს” კიდევ ერთი დამფუძნებლის კონსტანტინე მორგოშიას სახლშიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე ოფიციალურად ადასტურებენ მხოლოდ იმას, რომ ჩხრეკა ჩატარდა სხვადასხვა მისამართზე და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

როგორც „ინტერპრესნიუსთან” ზურაბ მახარაძის მეუღლე ამბობს, სამართალდამცავებმა საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის დასრულებს შემდეგ, ზურაბ მახარაძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

14 ივლისის საღამოს ცნობილი გახდა, რომ ჰომოფობიური, ქსენოფობიური, სექსისტური და ულტრამემარჯვენე განწყობების მქონე პლატფორმა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლები, მათ შორის, კონსტანტინე მორგოშია და ზურა მახარაძე, რომლებიც 5-6 ივლისის ძალადობრივი აქციების ორგანიზატორები იყვნენ, პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.