არავის მიეცემა უფლება, რომ საახალწლო და საშობაო დღესასწაულები გავაქროთ - კალაძე

პუბლიკა

ბოლო დღეებია ამაზრზენ პოლიტიკურ განცხადებებს ვისმენთ – არავის მივცემთ უფლებას, ბნელი, ბოროტი განზრახვებით საქართველოში, თბილისში საახალწლო და საშობაო დღესასწაულები გავაქროთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, არსებობს თარიღები, რომელთაც განსაკუთრებული აღნიშვნა სჭირდებათ.

„სამწუხაროა, რომ ბოლო დღეებია ამაზრზენ პოლიტიკურ განცხადებებს ვისმენთ, რომელთა განხილვასაც არ შევუდგები, მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა – არავის მივცემთ უფლებას, მათი ბნელი, ბოროტი განზრახვებით საქართველოში, თბილისში საახალწლო და საშობაო დღესასწაულები გავაქროთ. არავის მიეცემა ამის უფლება და შესაძლებლობა. ახალი წელი და შობა არის დღესასწაულები, რომელსაც ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანი განსაკუთრებით ელოდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისში საახალწლო ილუმინაციები და მთავარი ნაძვის ხე ხვალ, 9 დეკემბერს აინთება.

„9 დეკემბერს, ხვალ, საღამოს 20:00 საათზე განათდება ქალაქი და ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება. მინდა, დავპატიჟო ყველა – მობრძანდით, ერთად ჩავიფიქროთ სურვილები და მშვიდობა, რაც დღევანდელ რეალობაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ყველას, მთელ მსოფლიოს გვინდა ვუსურვოთ მშვიდობა და სიმშვიდე. ნაძვის ხის ანთების შემდეგ კონცერტი გაიმართება. თბილად ჩავიცვათ, რადგან ცივა. წამოიყვანეთ შვილები, შვილიშვილები და მობრძანდით, გელოდებით რუსთაველის გამზირზე. საახალწლო სურვილები უცვლელია – სიკეთე, სიყვარული, სიცოცხლე, სოლიდარობა და რა თქმა უნდა, მშვიდობა“,- განაცხადა კალაძემ.


მოქალაქეთა ნაწილი თბილისის ახალ საახალწლო სლოგანს „მშვიდობის ქალაქი“ აპროტესტებს. 9 დეკემბერს დაანონსებულია აქციაც.

„9 დეკემბერს, 20:00, ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს წინ, ერთად ვნახოთ,რას გვიპასუხებს მერია მოთხოვნაზე – შეცვალოს ან გააუქმოს წარწერა – „მშვიდობის ქალაქი“, – აცხადებენ ორგანიზატორები.