თბილისის მერს, კახა კალაძეს მიაჩნია, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების გაფიცვა „პროვოკატორების მიერ მათი აბუნტების შედეგია”. მისი თქმით, ოპოტენტებს არ მოსწონთ, რომ თბილისი იყოს სუფთა, მოწესრიგებული და მწვანე. ამის შესახებ კალაძემ წუხელ განაცხადა, როდესაც შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ღამით მომუშავე თანამშრომლებს შეხვდა.
„ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ: მარტო ჩვენ რომ მიგვიწიოს მუშაობა, ამ ადამიანებთან ერთად, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს სუფთა, მოწესრიგებული, თუმცა გარწმუნებთ, რომ მარტოს არ მოგვიწევს ამის გაკეთება, ძალიან ბევრნი ვართ, ვინც დადგება იქ, სადაც ჩვენს ქალაქს სჭირდება. პირადად მე, ჩემი თანამშრომლები, მზად ვართ, ამ ქალაქს ვემსახუროთ 24 საათის განმავლობაში. ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ქალაქი იყოს ყველაზე სუფთა, მოწესრიგებული და მწვანე. ეს არ მოსწონთ ჩვენს ოპონენტებს, მაგრამ რას ვიზამთ, მოუწევთ კიდევ ბევრი წელი უყურონ ჩვენს გაკეთებულ პროექტებს და დატკბნენ ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოებით.
თქვენ ვერ მოიტანთ ვერც ერთ ჩემს ნათქვამს, თითქოს, ვარ უკმაყოფილო „თბილსერვისის“ თანამშრომლებით. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, მიზანმიმართულად გავრცელებული ჭორი, კონკრეტულად იმ პროვოკატორების მიერ, ვინც დღეს იქ აბუნტებდა ადამიანებს. ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას მხარდაჭერისთვის. უამრავმა ადამიანმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე სუფთა და მოწესრიგებული. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ სელფები და ვიდეოები იღოს გადავსებულ ნაგვის ურნებთან. ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მის კომენტარს თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებასა და ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი კომპანიის, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები გუშინ დილიდან გაიფიცნენ.
ისინი სამუშაო გრაფიკის შეცვლის შესაბამისად, ხელფასის მომატებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ არსებული ანაზღაურება ყოველდღიური მოთხოვნილებებისთვის საკმარისი არ არის.
თბილისის მერიის ცნობით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გაფიცული თანამშრომლების ნაწილი სამუშაო რეჟიმს გუშინვე დაუბრუნდა.