„თბილსერვის ჯგუფის“ გაფიცული თანამშრომლების ნაწილი სამუშაო რეჟიმს უკვე დაუბრუნდა - მერია

პუბლიკა

თბილისის მერიის ცნობით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გაფიცული თანამშრომლების ნაწილი სამუშაო რეჟიმს უკვე დაუბრუნდა.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობა თბილისის მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად აქციის მონაწილეებს შეხვდა და მათ მოთხოვნებს გაეცნო.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ მოთხოვნათა დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, კერძოდ, უნიფორმებისა და სპეცტექნიკის განახლების მიმართულებით გადადგმულია ნაბიჯები.  ასევე, გასული წლის დეკემბრიდან მოხდა „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა ხელფასების 20%-იანი ზრდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ  გამოყოფილია სესხი ახალი სპეცტექნიკის შეძენის მიზნით და რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების ტენდერი ახლო მომავალში გამოცხადდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება აქციის შეწყვეტის შესახებ და დაუბრუნდა სამუშაო რეჟიმს“, – ნათქვამია განცხადებაში.

დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებასა და ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი კომპანიის, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები დღეს დილიდან გაიფიცნენ.

ისინი სამუშაო გრაფიკის შეცვლის შესაბამისად, ხელფასის მომატებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ არსებული ანაზღაურება ყოველდღიური მოთხოვნილებებისთვის საკმარისი არ არის.