იურიდიული კომპანია „ემ-ქეი-დი“ განცხადებას ავრცელებს და შვეიცარიულ მედიას აკრიტიკებს იმის გამო, რომ, მათი განცხადებით, შვეიცარიაში ბიძინა ივანიშვილის პრესრელიზი არ გაშუქებულა. არადა, იურიდიული კომპანიის განცხადებით, ივანიშვილის მიმართ არსებულ „ვალდებულებათა იმგვარ დარღვევებს შეეხებოდა, რომლებსაც არათუ გამართლება, არამედ ახსნაც კი არ გააჩნია“.
„მოცემულ პრესრელიზში ვაცხადებდით, რომ ბანკის მენეჯმენტი თვითდაზიანების რეჟიმში არის და რომ მისი მოქმედებები ანგრევს არათუ უშუალოდ Credit Suisse-ის იმიჯს, არამედ ლახავს მთელი შვეიცარიული საბანკო სისტემისა და სახელმწიფოს რეპუტაციას.
საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ პრესრელიზში გაცხადებული ინფორმაცია მიწოდებოდა შვეიცარიულ საზოგადოებასაც, უფრო კონკრეტულად კი, მომხდარიყო მიმართვა შვეიცარიელი კანონმდებლებისა და ფინანსური მარეგულირებლისთვის, რათა მათ, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, დაეცვათ ის სისტემა, რომელზეც, დიდწილად დგას შვეიცარიის ეკონომიკა და რომელსაც შეგნებულად, არაერთგზის და განგრძობადი დარღვევებით, მიზანმიმართულად ანგრევს Credit Suisse-ი და მისი მენეჯმენტი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ეხება შვეიცარიულ სისტემურ ბანკს, ასევე, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს, ხოლო ადრესატებს წარმოადგენენ შვეიცარიელი კანონმდებლები და საბანკო მარეგულირებელი, არცერთმა წამყვანმა შვეიცარიულმა მედია საშუალებამ – არც გაზეთმა, არც ტელევიზიამ და არც რადიომ არ ისურვა ზემოაღნიშნული შინაარსის შემცველი ტექსტის გამოქვეყნება ან სხვაგვარად გამოხმაურება“, – წერს „ემ-ქეი-დი“.
იურიდიული კომპანიის განცხადებით, ისინი სთხოვდნენ შვეიცარიულ მედიას, რომ არა უბრალოდ გაეზიარებინათ მათი ინფორმაცია, არამედ თავადაც ობიექტურად მოეკვლიათ საკითხი და დარწმუნდებოდნენ ივანიშვილის პოზიციის სისწორეში.
„ემ-ქეი-დი“ წერს, რომ არც ერთმა წამყვანმა შვეიცარიულმა მედიამ მათი თხოვნა არ გაითვალისწინა, რაც წარმოშობს ეჭვს, რომ „უარის მიღმა შეიძლება სხვა საფუძველი არსებობდეს“.
„ჩვენთვის საკვირველია, რომ არ მოიძებნა არც ერთი შვეიცარიული მედია საშუალება, რომელიც შვეიცარიული საბანკო სისტემისა და სახელმწიფოსთვის ამ მნიშვნელოვან გზავნილებს გაახმოვანებდა მისთვის მისაღები ფორმით და სათანადო პროცედურების დაცვით.
მედიის მხრიდან საკითხით დაუინტერესებლობას, ამავე თემის უმნიშვნელობას ან მეორეხაროსხოვნებას ვერ მივაწერთ, რადგან მსგავსი საკითხები შვეიცარიაში ყოველთვის მედიაფოკუსშია.
უფრო მეტიც, შვეიცარიული მედია ჩვენი ჩართულობითაც და თავადაც, ჩვენგან დამოუკიდებლად, ყოველთვის უყოყმანოდ აქვეყნებდა კრიტიკულ, ნეგატიური შინაარსის შემცველ სტატიებს შესაბამის ბანკთან დაკავშირებით.
მოცემულობა შეიცვალა, როდესაც საუბარი შეეხო ბანკის მენეჯმენტის მიერ თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნასა და ჩვენ მიერ გამოთქმულ ეჭვს – ხომ არ იყო ბანკის მოქმედებებში სხვა საფუძველი ან რაიმე ინტერესი.
აქედან გამომდინარე, წარმოიშვება ლოგიკური დასკვნა, რომ ათზე მეტი გამომცემლობის, ტელევიზიისა და რადიოს მიერ უნისონში გამოთქმული ზრდილობიანი უარის მიღმა შეიძლება სხვა საფუძველი არსებობდეს, რაც მორიგი სამწუხარო, იმედგამაცრუებელი სიგნალი იქნებოდა შვეიცარიიდან“, – ნათქვამია „ემ-ქეი-დის“ განცხადებაში.
ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველმა იურიდიულმა კომპანიამ განცხადება 7 ივლისს გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 5 ივლისს ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკისგან, Credit Suisse-სგან წერილი მიიღო.
წერილში განმარტებული იყო, რომ ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან ვალდებულებები, რის გამოც ტრასტი (ნდობით აღჭურვილი მმართველი) ბიძინა ივანიშვილის თანხებთან დაკავშირებით მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე.
იურიდიული კომპანიის განცხადებით, ივანიშვილი სულ რომ სანქცირებული იყოს, ეს ტრასტის (ნდობით აღჭურვილი მმართველის) ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ ვერ გააქრობდა.
განცხადების მიხედვით, ბანკის ქმედებები კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მიზანს ემსახურებოდა, რომლის დეტალებზეც, საჭიროებისამებრ, თავად ისაუბრებს.