„არც მე და არც ჩემს კოლეგებს არაფრის არ გვეშინია" - მოსამართლე მეთოფიშვილი

პუბლიკა

მოსამართლე, სერგო მეთოფიშვილი სასამართლოს მიერ მისი ქონების დეკლარაციის გადამოწმების შეჩერების გადაწყვეტილებაზე ვრცელ განცხადებას ავრცელებს – მისი თქმით, ზოგიერთმა მედიამ ეს „რატომღაც, „სკანდალურ ინფორმაციად“ მოინათლა“.

„მავანთა მტკიცებით, ეს თურმე იმის გამოხატულებაა, რომ ჩვენ გვეშინია ჩვენი ქონებრივი მდგომარეობის შემოწმების, რადგან ამ შემოწმებით გამოაშკარავდება ჩვენი ვითომდა კორუმპირებულობის ფაქტი.

დავიწყებ იმით, რომ არც მე და არც ჩემს კოლეგებს არაფრის გვეშინია, მითუმეტეს – ჩვენი ქონებრივი მდგომარეობის კანონმდებლობის შესაბამისად წარმართული შემოწმების პროცედურისა.

თუმცა, მიუხედავად ამისა, მე მიჩნდება კითხვები, რომლებიც პასუხგაუცემელია დღემდე და მაფიქრებინებს, რომ ეს მორიგი აჟიოტაჟიც სასამართლოს მიმართ წლების მანძილზე მიმდინარე ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილია”, – წერს ის.

ის ამბობს, რომ „აბსოლუტურად დაუსაბუთებლად”, საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროსთან არსებული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული კომისია ყოველწლიურად ერთსა და იმავე, 40-მდე მოსამართლეს ირჩევს მონიტორინგის განსახორციელებლად.

„უკვე სათვალავი აგვერია, იმდენჯერ ვიყავით მონიტორინგში და იმდენჯერ მოგვიწია ჩვენი დეკლარაციების სიზუსტის დადასტურება, დამატებით წარდგენილი მტკიცებულებებით. ჩვენი პირველი შეკითხვაც სწორედ ესაა: რატომ და რა ნიშნით ხდება მონიტორინგს დაქვემდებარებული მოსამართლეების შერჩევა? დისკრიმინაციული მოპყრობა განა სხვა რა არის, თუ არა რაციონალური ახსნის გარეშე პირთა გარკვეული ჯგუფისადმი განსხვავებული მოპყრობა?!”, – აცხადებს ის.

ამასთან, მეთოფიშვილი გამოთქვამს ეჭვს, რომ მონიტორინგის პროცესში წარდგენილი მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციების კონფიდენციალურობა „ამ კომისიისაგან დაცული არ არის და ეს ინფორმაცია ხვდება მავანთა ხელში”.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების პროცესი გააჩერა – კერძოდ, საუბარია მიხეილ ჩინჩალაძეზე, ლევან მურუსიძეზე, სერგო მეთოფიშვილსა და ვასილ მშვენიერაძეზე.

ორგანიზაციის ცნობით, ამ მოსამართლეებმა მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს კომისიის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა. მათი თქმით, მოსამართლეებმა, ლიელა ფოლადიშვილმა, ვალერიანე ფილიშვილმა, ნინო ბუაჩიძემ და ლელა მილდენბერგერმა შეაჩერეს ჩინჩალაძის, მურუსიძის, მეთოფიშვილისა და მშვენიერაძის დეკლარაციების შემოწმება.

12 იანვარს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია 300 თანამდებობის პირი, მათ შორის 27 მოსამართლე, რომელთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაც უნდა შემოწმებულიყო 2024 წელს.