არც მის უდანაშაულობაში დავრწმუნებულვართ და არც მის დანაშაულში - მიტროპოლიტი ნიკოლოზი სერაფიმე ჯოჯუაზე

პუბლიკა

ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რატომ არ დაიწყო გამოძიება?! ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, – ტელეკომპანია „მთავარის” ეთერში ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სერაფიმე ჯოჯუას მიმართ პედაფოლიის ბრალდებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ერთხელ გითხარით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. პედოფილია სისხლის სამართლის დანაშაული არ არის? ეს დანაშაული ჩვენ როგორ უნდა გამოვიძიოთ? სახელმწიფომ არ უნდა გამოიძიოს ეს? მე რას მეკითხებით, მე რა ვიცი, პედოფილიაზე საშინელი ცოდვა რა არის, მე არ ვიცი”, – ამბობს ის.

ჟურნალისტმა მიტროპოლიტს ჰკითხა, რას წერდა შესაძლო ძალადობის მსხვერპლი გოგოს დედა სინოდს და რას ითხოვდა ის სინოდისგან.

„ის, რაშიც დასდო მას ბრალი იმ ქალბატონმა, შინაარსობრივად სისაძაგლეა და არანაირი მხრიდან გამართლება არ აქვს. ვთქვათ, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ სწორი არაა. ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რატომ არ დაიწყო გამოძიება? ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა.

რადგან ეს კრიმინალს ეხება, ეს უნდა დაადგინოს სახელმწიფომ. ჩვენ ვიცით, ის რომ ასეთი რამე მოხდა და ბრალდებას ჰქონდა ადგილი და იმის გამო, რომ გარკვეული რაოდენობის ადამიანებმა დაიჯერეს და მისი რეპუტაცია დადგა ეჭვქვეშ, ჩვენ მეუფე სერაფიმე გადმოვიყვანეთ მისივე თხოვნით, გავუშვით მონასტერში და იქ დიდხანს ცხოვრობდა. განერიდა დროებით. ჩვენ არც მის უდანაშაულობაში დავრწმუნებულვართ და არც მის დანაშაულში”, – აცხადებს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.


2016 წელს ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ ეპარქია პირადი თხოვნის საფუძველზე დატოვა. ის ეპარქიაში 21 წლის განმავლობაში მსახურობდა. თავად მიტროპოლიტი და საპატრიარქო ეპარქიის დატოვების კონკრეტულ მიზეზზე არ საუბრობდა.

თუმცა ეპარქიის დატოვების მიზეზებზე საუბრობდა ბორჯომის მრევლის ნაწილი. მათ სატელეფონო გზავნილების ფოტოები გამოაქვეყნეს, რომლებიც, მათივე თქმით, მიტროპოლიტის არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის კავშირის მცდელობას ადასტურებდა.

საპატრიარქოს კონკრეტულ რეაგირებას ელოდებოდნენ ოჯახის წევრები და მრევლის ნაწილი, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრიარქო მიტროპოლიტის გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მმართველად დანიშვნას აპირებდა. ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიაში მომუშავე სასულიერო პირებმა პროტესტი გამოთქვეს და აცხადებდნენ, რომ იმ ბრალდებების გამო, რომლებიც მიტროპოლიტის მიმართ არსებობდა, არ სურდათ სერაფიმე გერმანიასა და ავსტრიის ეპარქიაში გაემწესებინათ.

ამ პროტესტის შემდეგ მიტროპოლიტმა სერაფიმემ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მან უარი თქვა გერმანიაში გამგზავრებაზე.

2017 წლის 21 დეკემბერს ბორჯომში მრევლის ნაწილმა მისი მხარდამჭერი აქცია გამართა და ეპარქიაში მის დაბრუნებას მოითხოვდნენ. ამბობდნენ, რომ მიტროპოლიტი ცილისწამების მსხვერპლია.