„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნებამდე პარლამენტში პლენარული სხდომა ვერ ჩატარდება, შესაბამისად, მისი შეფასებით, სპეკულაციაა ოპონენტების მოთხოვნა, მიწვიონ რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ფარულ მოსმენებს განიხილავენ.
კობახიძის თქმით, არჩევნების შემდგომ შედგება საპარლამენტო სხდომები.
„ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ ვართ ღია და გახსნილი, მაგრამ არჩევნებამდე შეუძლებელია რამე საპარლამენტო შეკრება შედგეს, მათ შორის, იმის გამო, რომ თითოეული დეპუტატი არის ჩართული საარჩევნო პროცესში“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ აბსურდული უწოდა გრიგოლ ლილუაშვილის გადადგომის მოთხოვნას.
პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნისა და სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვლის დაბარების ინიციატივით ოპოზიციური პარტიები, მათ შორის, „ლელო“ და „საქართველოსთვის“ გამოვიდნენ. ფრაქცია „ლელო“ პარლამენტში ხელმოწერებს აგროვებს. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნას ხელი მოაწერა „მოქალაქეებმაც“. 2 ოქტომბრამდე სხდომის მოწვევის აზრს ვერ ხედავს ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია.
სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, საგანგებო სხდომის მოსაწვევად დეპუტატთა ხელმოწერების ნაწილი შეგროვდა, რაც საჭირო რაოდენობის ნახევარზე მეტია და დანარჩენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ხელმოწერებს ელოდებიან.
„თუკი პარლამენტის თავმჯდომარე რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარს იტყვის, მაშინ უკანონო ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს და აღიარებს, რომ პირადად ის და უმრავლესობის ყველა წევრი ამ დანაშაულის მონაწილე არიან“, – განაცხადა სამადაშვილმა.