„შეიქმნას საგამოძიებო კომისია, მოვიდეს ლილუაშვილი პარლამენტში" - ოპოზიციის შეფასება ფაილებზე

პუბლიკა

ე.წ. ფარული დოკუმენტების გავრცელების თაობაზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კი განაცხადა, რომ გავრცელებული სიახლეები აზიანებს უწყების იმიჯს და აუცილებელია, დაველოდოთ გამოძიებას.

„ქართული ოცნების“ ლიდერები ორი დღეა აცხადებენ, რომ გამოძიება გამოავლენს ჩანაწერების ავთენტურობას და ასეთ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, ვინ, როდის და რატომ ჩაიწერა და გაავრცელა ეს მასალები.

გარდა ამ განცხადებისა, გუშინ მმართველი გუნდის ლიდერები „ნაციონალური მოძრაობის“ და რიგი ტელევიზიების ბრალეულობაზეც მიუთითებდნენ, დღეს კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გიორგი გახარია და გიორგი ხოჯევანიშვილი ახსენეს. დეპუტატ ხოჯევანიშვილის ძმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სუსის ხელმძღვანელის მოადგილე იყო და ღარიბაშვილის თქმით, მნიშვნელოვან დანაყოფებს კურირებდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ გახარიას გუნდმა პარლამენტში ბრიფინგი გამართა და საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, რომელშიც უნდა ჩაერთონ სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები. ბექა ლილუაშვილის თქმით, ომბუდსმენი და ექსპერტები უნდა დაინტერესდნენ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიებითაც.

ლილუაშვილმა განაცხადა, რომ გახარიას გუნდი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს „ოცნების“ მმართველობის დროს მიღწეულ როგორც წარმატებებზე, ასევე წარუმატებლობაზე.

„ოცნების“ დღევანდელი ლიდერებისგან განსხვავებით, იმაზეც რომ მანდატის ფარგლებში, თუნდაც, რეფორმების კუთხით ვერ შევქმენით საკმარისი ფუნდამენტი, რომ ამგვარი მეთოდებით პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, უმსგავსობას ერთხელ და სამუდამოდ მოუღებოდა ბოლო. თუმცა ის, რასაც დღეს ვისმენთ და ვხედავთ, აბსოლუტურად წარმოუდგენელია და მიუღებელია. ამის ჩამდენმა პირებმა კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი. ამასთან, აღვნიშნავთ, რომ ინფორმაცია ამ მასალების არსებობის შესახებ „ოცნების“ ლიდერებმა ირიბად დაადასტურეს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

საგამოძიებო კომისიის შექმნასთან ერთად სუსის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვს ფარული ჩანაწერების ერთ-ერთი ფიგურანტი, „ლელოს“ ლიდერი  მამუკა ხაზარაძე. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის მიერ“ დაწყებული „მახინჯი პრაქტიკა“ „ოცნებამ“ გააფართოვა და გააძლიერა, რაზე პასუხისმგებლობაც პრემიერმა უნდა აიღოს. ამავე თემაზე დღეს პარლამენტში ფრაქციამ ბრიფინგიც გამართა. ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებენ საგანგებო სხდომის მოწვევისთვის, რისთვისაც დეპუტატთა საერთო სიის მეოთხედია საჭირო. ჯაფარიძე ლილუაშვილის დაბარების აუცილებლობაზეც საუბრობს.

პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას არ ენდობა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე. ის ფიქრობს, რომ არც სუსის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის გადადგომას ექნება აზრი, ერთადერთი გამოსავალი ოპოზიციის მიერ რეფერენდუმად წოდებულ არჩევნებში გამარჯვებაა.

„გულწრფელად გეტყვით, ამ ხელისუფლების პირობებში არაფერს ველოდები, არც გამოძიებას და იცით თქვენ ჩემი წარმოდგენა სახელმწიფო ინსიტუტებზე. მნიშვნელოვანია, რეფერენდუმზე დასრულდეს ეს ხელისუფლება და სუსის რადიკალური ცვლილებები დაიწყოს, დაიშალოს სუსი, მაგრამ გულწრფელად, მათ მესიჯებს რომ ვუყურებ, გულისამრევია ეს ყველაფერი. გახარიას პასუხისმგებლობა ძალიან დიდია იმაზე, რაც ხდება ამ ქვეყანაში, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ დაავიწყდა, დღეს ვინ არის ხელისუფლებაში. ლილუაშვილი არის ადამიანი, რომელიც პირდაპირ ემორჩილება ივანიშვილს და არა რომელიმე პრემიერს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

იმაში, რომ სუსი ივანიშვილთანაა ანგარიშვალდებული, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს ეთანხმება „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

„ფაქტია, სპეცსამსახურების გარეშე ჩაწერები ვერ მოხდებოდა. ერთი, სისტემა იშლება შიგნიდან და გამოდის ინფორმაცია და მეორე, რომ შეიძლება ამას მიზანმიმართულად აკეთებენ“, – განაცხადა ვაშაძემ.

„გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების გარეშე გრიგოლ ლილუაშვილის გადადგომაზე საუბარი არასწორია. მისი პოზიციით, ვინც ჩანაწერების გაკეთების ბრძანება გასცა და გადაიღო, ისაა უპირატესი დამნაშავე. ამავე პარტიის წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა კი განაცხადა, რომ სუსი უნდა დაიშალოს.

„უნდა ვიცოდეთ, რა სახის მასალები, როდის არის გადაღებული, ატვირთული და ვიღაცის მიერ გამოტანილი. თუ ვინმეს დანაშაული მიუძღვის, მაშინ რატომ უნდა გადადგეს თანამდებობიდან? მაშინ უნდა დავიჭიროთ. თუ დანაშაული არ მიუძღვის, მაშინ რატომ უნდა გადადგეს? როცა წინა ხელისუფლებას მის მიერ გადაღებულ კადრებზე ეკითხები, როგორც დაბნეულები გპასუხობენ სისულელეს და უაზრობას, ზუსტად ასევე იქცევა „ქართული ოცნება“ მის მიერ გადაღებული კადრების გამო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საგამოძიებო კომისიის შექმნის მოწოდებით გუშინ „სოციალური სამართლიანობის ცენტრიც” გამოვიდა.

ორგანიზაციამ მოუწოდა პარლამენტს, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიკვლევს სუს-ის მხრიდან სავარაუდო მასობრივი უკანონო მიყურადებისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს. დაიწყოს მსჯელობა სუს-ის ფუნდამენტურ რეფორმაზე, მისი ჭარბი ძალაუფლების დეკონცენტრაციასა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების გაზრდაზე.