ამ ბრაზმა არჩევნებზე უნდა შემოგვახაზინოს უარი „ქართულ ოცნებაზე“ - ხოშტარია მოსმენებზე

პუბლიკა

დღეს პარტიის „ელენე ხოშტარია – დროა“ დამფუძნებლებმა ელენე ხოშტარიამ და ბათუ
ქუთელიამ, სავარაუდოდ, სუსიდან გამოჟონილი უკანონო ჩანაწერების შესახებ ბრიფინგი გამართეს.

„პრაქტიკულად, ყოველდღიურად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, რომელიც რეალურად არა სახელმწიფოს უსაფრთხოების, არამედ  „ქართული ოცნების“ ინტერესების დაცვის სამსახურია, ჟონავს ინფორმაცია ადამიანების უფლებების საშინელი გათელვის შესახებ. ჯერ ვნახეთ როგორ იდევნებიან მასწავლებლები და ბაგა-ბაღის თანამშრომლები, პარტიული საარჩევნო ინტერესების გამო. აღირიცხება მათი პირადი ცხოვრება, რითაც შემდგომ მათ აშანტაჟებენ. ახლა, გამოჟონა წარმოუდგენელი მასშტაბის ინფორმაციამ, რაც ადასტურებს, რომ ყველას უსმენენ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, საბჭოთა კავშირის მსგავსად, „თითოეული ჩვენგანის ოჯახში დამონტაჟებულია „ქართული ოცნების“ ყური და თვალი“. მისივე თქმით, „დროა“ არ აპირებს კომენტარის გაკეთებას ჩანაწერების შინაარსთან დაკავშირებით.

„ჩვენ, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა დავდოთ პირობა, რომ ამ არჩევნების შემდეგ „პოლიტიკური პოლიცია“ აღარ იარსებებს, სახელმწიფო უსაფრთხოება იქნება სახელმწიფო უსაფრთხოება და სუსის მთავარი ფუნქცია იქნება კონტრდაზვერვა და ანტიტერორისტული საქმიანობა. ეს არის ის, რაც რეალურად შეიძლება წარმოადგენდეს ქვეყნისთვის საფრთხეს. ხოლო „პოლიტიკური პოლიციის“ არსებობა ქვეყანაში, საფრთხეა თითოეული მოქალაქისთვის“, – განაცხადა ხოშტარიამ.

მისივე თქმით, ამ ყოველივეს პასუხი 2 ოქტომბრის არჩევნებზე უნდა გაეცეს – „სადაც მთავარია, რომ იმ ბრაზმა, რომელიც ყველას გვეუფლება, უნდა შემოგვახაზვინოს უარი „ქართულ ოცნებაზე“ და გაგვაკეთებინოს არჩევანი კოალიციური, დაბალანსებული მთავრობის სასარგებლოდ“.