„ჩანს, რომ კონტროლი ჩვენს თანამშრომლებზე ატარებდა დეტალურ, ყოველდღიურ და ხანგრძლივ ხასიათს“ | სოციალური სამართლიანობის ცენტრი

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკანონო მუშაობის მამხილებელ სავარაუდო ფაქტებს და მიიჩნევს, რომ გავრცელებული მასალა ადამიანების უკანონო, რეგულარული და ტოტალური მოსმენისა და თვალთვალის უმძიმეს პრაქტიკას აჩვენებს.

ორგანიზაციის შეფასებით, ეს ფაქტი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უხეში ხელყოფაა და ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიური განვითარების შესაძლებლობებს.

„ჩვენმა ორგანიზაციამ ვერ მოახერხა ამ ინფორმაციის გაცნობა და დამუშავება, თუმცა ჩვენთვის ცნობილი გახდა ცალკეული მონაცემები და ინფორმაცია გავრცელებული დოკუმენტებიდან, რომელიც აჩვენებს, რომ რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მუშაობის პროცესში ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი დირექტორისა და თანამშრომლის პირადი კომუნიკაცია სხვადასხვა პირთან, სავარაუდოდ, რეგულარულად ისმინებოდა, დოკუმენტირდებოდა და ინახებოდა ორგანიზაციის დაარსების პირველივე წლებიდან. ფიქსირდება არა მხოლოდ სამსახურეობრივი მიზნით შესაბამის პირებთან კომუნიკაციის ჩაწერა, არამედ პირად წრესთან კომუნიკაციის ჩაწერაც.

ამასთან, ჩანს, არა მხოლოდ სატელეფონო საუბრის ჩაწერა, არამედ, სავარაუდოდ, ჩვენი გადააადგილების თვალთვალიც. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ჩვენი ადვოკატის მის მარწმუნებლებთან კომუნიკაციის ჩაწერა და კონფიდენციალობის პირობის და გარანტიების უხეში ხელყოფა სახელმწიფოს მხრიდან. როგორც ჩვენთვის გაზიარებული მასალები აჩვენებს, კონტროლი ჩვენს თანამშრომლებზე ატარებდა დეტალურ, ყოველდღიურ და ხანგრძლივ ხასიათს. ეს გარემოებები აძლიერებს ეჭვებს, რომ გავრცელებული კადრები ნამდვილად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ იწერებოდა და ის დროულ, ეფექტიან და დამოუკიდებელ გამოძიებას მოითხოვს.

ამ პროცესში ჩანს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან არა მხოლოდ უკანონო ჩაწერისა და მიყურადების გამოცდილება, რომელიც სამწუხაროდ, ამ უწყების კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის კარგად დამკვიდრებულ პრაქტიკასა და სამწუხარო ტრადიციას წარმოადგენს, არამედ პირადი ინფორმაციის არასაკმარისი დაცვის პრობლემაც. ეს ფაქტი არაერთი ჩვენი მოქალაქის მიმართ პირადი ცხოვრების ხელყოფის უმძიმეს შედეგებს ქმნის. სუს-ის სისუსტე დაიცვას მის უწყებაში თავმოყრილი ინფორმაცია, ამავდროულად აჩვენებს იმ რთულ გამოწვევას, რომ უწყებას არ გააჩნია ინსტიტუციური მედეგობა სხვა, კიდევ უფრო მაღალი, მათ შორის, საგარეო და ეროვნული მნიშვნელობის ინფორმაცია და მონაცემები დაიცვას, “- ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ბოლო დროს სავარაუდო უკანონო მიყურადების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციებზე ვერც ერთმა სახელმწიფო უწყებამ ვერ მოახერხა ადეკვატური რეაგირება და მასშტაბური უკანონო პრაქტიკების ეფექტიანად გამოძიება.

„მეტიც, სუს-ის მოქმედებისა და მართვის მანკიერი პრაქტიკების გათვალისწინებით, ამგვარი ფაქტების არსებობა და მათი მასობრივი ხასიათი ჩვენთვის ყოველდღიურ მოვლენად და პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სუს-ის როლი წინასაარჩევნო კონტექსტში. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხშირად გვევლინება პოლიტიკური ანგარიშსწორების, დაშინების და არაფორმალური გავლენების გავრცელების წყაროდ. საქართველოში წინასაარჩევნო პროცესები ვერ იძენს დემოკრატიულ შინაარსს, პოლიტიკური ხელისუფლების მიზანი კი სუს-ის მეშვეობით ადამიანებზე მაქსიმალურად ბევრი ინფორმაციის მოძიება, მათი ცხოვრების პრივატულ სფეროებში შეღწევა და ინფორმაციული მანიპულაციების წარმოებაა. ბოლო პერიოდში გავრცელებული მასალები სწორედ იმაზე მიანიშნებს, “- ამბობენ ორგანიზაციაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:

საქართველოს პარლამენტს 

შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიკვლევს სუს-ის მხრიდან სავარაუდო მასობრივი უკანონო მიყურადებისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს.

დაიწყოს მსჯელობა სუს-ის ფუნდამენტურ რეფორმაზე, მისი ჭარბი ძალაუფლების დეკონცენტრაციასა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების გაზრდაზე.

საქართველოს პროკურატურას:

მიმდინარე ფაქტებზე დაუყოვნებლივ დაიწყოს დროული, ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიება და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების პროგრესისა და შედეგების შესახებ.