არჩევნებში აქტიურად მანიპულირებდნენ ინფორმაციით -„კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“

ფასიანი განთავსება

არჩევნების ორივე ტურზე დაკვირვებით კოალიციამ „ინფორმაციის სანდოობისთვის“ – გამოკვეთა ის ტენდენციები და მანიპულაციური ინფორმაცია, რომლებსაც სხვადასხვა მხარე პოლიტიკურ პროცესზე ზეგავლენის მოსახდენად მიმართავდა.

განცხადების მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში  აქტიურად და მიზანმიმართულად ვრცელდებოდა არა მხოლოდ გადაუმოწმებელი და ოპონენტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ამბები, არამედ ცრუ და, უმეტეს შემთხვევაში, რეპუტაციის დამაზიანებელი განცხადებები.

დეზინფორმაციას ყველაზე ხშირად სოციალური მედიის საშუალებით ავრცელებდნენ არაავთენტური ანგარიშები (ე.წ. ტროლები და ბოტები), ანონიმურად მოქმედი და ცრუ მედიაგვერდები.

საარჩევნო პროცესი განსაკუთრებით დააზიანა სწორედ ამ არაოფიციალურად და ანონიმურად წარმოებულმა კამპანიებმა. ოპოზიციურ პარტიებსა და მათ კანდიდატებს ძირითადად ანონიმურად ებრძოდნენ. 

ანონიმური დისკრედიტაციის კამპანიების სამიზნე შემდეგი პოლიტიკური პარტიები გახდნენ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“; ასევე, რეპუტაციის შემლახველი გზავნილები შეეხო „ლელოს“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც.

წინასაარჩევნო პერიოდში (განსაკუთრებით – არჩევნების მეორე ტურის დროს) გამოიკვეთა ტენდენცია, როდესაც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტრადიციული მედიის სახელით ვრცელდებოდა გაყალბებული ციტატები. მათთვის მეტი დამაჯერებლობის მინიჭებისა და მკითხველის შეცდენის/მოტყუების მიზნით გამოყენებული იყო ტრადიციული მედიასაშუალებების ლოგოები და ვიზუალი.

წინასაარჩევნო დაკვირვების შედეგად ასევე გამოვლინდა რეგიონული მედიის სახელით მოქმედი და ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი ან ოპონენტის მადისკრედიტებელი 11 ფეისბუქგვერდი.

დაკვირვებამ გამოკვეთა მედიის მკვეთრი პოლარიზაცია. კოალიციას მიაჩნია, რომ პოლიტიკური გავლენა მედიის დღის წესრიგზე  ზრდის პოლარიზაციის ხარისხს და ხელს უშლის ჯანსაღ დებატებს, რომლებიც მოქალაქეებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში ძალიან დაეხმარებოდა.

ამასთან, პოლარიზებულ გარემოში აგრესიული განწყობებისა და ფიზიკური ძალადობის სამიზნე, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტების გარდა,  ჟურნალისტებიც ხდებიან.

საგანგებოდ  აღსანიშნავია, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, ჟურნალისტების წინააღმდეგ წარმართული ნეგატიური შინაარსის კამპანია სოციალურ მედიაში თავისი მასშტაბით, სიმძაფრითა და ნეგატიური ხასიათით უპრეცედენტო იყო. ცალკეულ შემთხვევებში მმართველი პარტიის წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე ტელეკომპანია იმედის და პოსტივის საწინააღმდეგო პოსტებიც გამოქვეყნდა.

მედიაზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემური იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის „ინფორმაციული დაცულობის ცენტრის“ მედიამონიტორინგის  ანგარიშები. ცენტრი აკვირდებოდა ტელევიზიებს, ონლაინ მედიასა და ფეისბუქის გვერდებს. ანგარიშებში არსადაა აღწერილი მეთოდოლოგია, ასევე ტერმინთა განმარტება. მაგალითად, არ არის დაზუსტებული, რას მოიაზრებს ცესკო დეზინფორმაციაში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დეზინფორმაციის კვლევისას საჭიროა გამოიკვეთოს და დამტკიცდეს მისი ერთ-ერთი კომპონენტი – მიზანმიმართულობა, ანუ განზრახვა. ცენტრის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში ამის დასაბუთება არაა წარმოდგენილი.

უნდა ითქვას ისიც, რომ ცესკოს „ინფორმაციული დაცულობის ცენტრი“ თავდაპირველად საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და USAID-ის მხარდაჭერით შეიქმნა. 24 სექტემბერს USAID-მა ცენტრს აღნიშნული მხარდაჭერა შეუწყვიტა და ცენტრმა ამერიკის მთავრობის დახმარების გარეშე განაგრძო ოპერირება.

სრული განცხადება იხილეთ აქ