სააკაშვილი: ვაპირებ, სათავეში ჩავუდგე ენმ-ს პოლიტიკური აქტივობის კომიტეტს

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მზად არის „ამ არჩევნებში პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე იყოს და სათავეში ჩაუდგეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტივობის კომიტეტს“. ამის შესახებ მან კლინიკა „ვივა მედიდან“ საქალაქო სასამართლოში პროცესზე ჩართვისას განაცხადა.

„მე ვაპირებ, რომ ჩავუდგე სათავეში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტივობის კომიტეტს, ასე ვთქვათ, ბორდს, ვიყო ამ ბორდის თავმჯდომარე, თუ ამას მხარს დაუჭერენ პარტიის რიგითი წევრები.

ამ ბორდში შემოვლენ პარტიის ლიდერები, მაგრამ ასევე საზოგადოების ბევრი აქტიური მოღვაწე და მე მზად ვარ, ამ არჩევნებში ვიყო ბსოლუტურად წინა ხაზზე პოლიტიკური ბრძოლის, იმიტომ, რომ აქ წყდება საქართველოს ყოფნა-არ ყოფნის საკითხი, აქ წყდება საკითხი, საერთოდ გვექნება მომავალი, თუ ეს მომავალი უიმედოდ დაიკარგა. […]

მე მინდა ვთქვა, რომ პირველად არის, როცა უშუალოდ ვერთვები კამპანიაში, უშუალოდ ვერთვები, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვების პლატფორმის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, მე ვრჩები უკრაინის მოქალაქედ, რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ბიძინა ივანიშვილი კენჭს იყრიდა, როგორც ევროკავშირის მოქალაქე და ეს პრეცედენტი საქართველოში არსებობს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.


სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.