„არჩევნებში ვართ, ზოგი პოლიტიკურ ზეწოლაზე ისაუბრებს, ზოგი მედიაზე ზეწოლაზე ისაუბრებს“ - გახარია ოპოზიციის განცხადებაზე

პუბლიკა

„რა პოლიტიკურ ზეწოლაზე, ხალხნო?! არჩევნებში ვართ, რა თქმა უნდა, ზოგი პოლიტიკურ ზეწოლაზე ისაუბრებს, ზოგი მედიაზე ზეწოლაზე ისაუბრებს“, – ასე გამოეხმაურა პრემირ-მინისტრი გიორგი გახარია ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ხელისუფლებას სურს, ოქრუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე „გააცოცხლოს“. პარტიების განცხადებით, 8 მარტის შეთანხმება ამ ტიპის საქმეების შეჩერებასაც ითვალისწინებს, ამიტომ „ივანიშვილის ხელისუფლება უნდა შეეშვას ოპონენტების დევნასა და დაშინებას“.

„არსებობს გარემო, როდესაც ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არავის არასოდეს არ შეუზღუდავს. ვსაუბრობთ ღიად ყველასთან ყველაფერზე.

არჩევნების ღირსეულად ჩატარება არ არის მხოლოდ ერთი პარტიის ან საზოგადოების რაღაც ნაწილის მიზანი, ჩვენი ყველას მიზანი უნდა იყოს. არჩევნებით შეაფასებენ რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არა ქვეყანას.

ჩვენ ხომ ყველანი ვხვდებით, როდესაც უკვე გვაქვს თითქმის პროპორციული საარჩევნო სისტემა, საპარლამენტო დემოკრატია, ამ ქვეყანას შეუძლია, რომ დემოკრატიის თვალასზრისით შემდგომი ნაბიჯები გადადგას. ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატები ჩვენი ყველას ერთობლივი შრომის შედეგი უნდა იყოს და ახლა ამ არჩევნებს და საპარლამენტო სავარძლებს ნუ გადავაყოლებთ ქვეყანას, რა“, – განაცხადა პრემიერმა.