არჩევნებზე პროფესიონალური დაკვირვება დისტანციითაც შეიძლება - ვოლსკი NDI-ზე

პუბლიკა

„პროფესიონალური დაკვირვება დისტანციითაც შეიძლება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია გაანალიზდეს და სრულად იქნას გაფილტრული, რათა ჩვენი ოპონენტებისათვის ჩვეული სიცრუე არ გაიპაროს რომელიმე მოხსენებაში“, – ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ორგანიზაცია 2020 წლის არჩევნებზე  საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოგზავნის.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, ოპოზიცია ყველანაირად შეეცდება საერთაშორისო დამკვირვებლებს დეზინფორმაცია მიაწოდოს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია გააანალიზონ ინფორმაცია, რათა მოხსენებებში არ გაიპაროს სიცრუე.

„წინასაარჩევნო პერიოდში სხვა მიმართულება არ არსებობს. არსებობს მედია, წინასაარჩევნო კამპანია და  ხელისუფლების მოქმედებები. სხვა დასაკვირვებელი არც არაფერია. ფაქტია, რომ მედიის თავისუფლების რეიტინგში საქართველო არის მოწინავე ადგილებზე მსოფლიოში, ისევე როგორც სხვა მიმართულებებით, რაც რეალურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს ჩვენს ოპონენტებს. ყველაფერს შეეცდებიან, რათა დეზინფორმაცია მიაწოდონ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს. პროფესიონალური დაკვირვება დისტანციითაც შეიძლება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია გაანალიზდეს და სრულად იქნას გაფილტრული, რათა ჩვენი ოპონენტებისათვის ჩვეული სიცრუე არ გაიპაროს რომელიმე მოხსენებაში“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

ვოლსკის განცხადების წერილობით ვერსიას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„NDI-მ გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ოქტომბრის არჩევნებისთვის”, – ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის თქმით, ამის მიზეზი მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობაა.

მათი თქმით, NDI მჭიდროდ ითანამშრომლებს საერთაშორისო პარტნიორებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და ადგილობრივ დამკვირვებლებთან.