NDI ოქტომბრის არჩევნებისთვის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას არ გამოგზავნის

პუბლიკა

„NDI-მ გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ოქტომბრის არჩევნებისთვის”, – ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის თქმით, ამის მიზეზი მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობაა.

„საერთაშორისო დამკვირვებლების მისიის ჩამოყვანასთან დაკავშირებული რისკები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული. გლობალური პანდემია კვლავ არ ექვემდებარება კონტროლს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. სწორედ არსებული საერთაშორისო მდგომარეობის გათვალისწინებით და სადამკვირვებლო მისიის ჩამოყვანის რისკებიდან გამომდინარე, ასევე არსებულ გარემოში პარტნიორებისა და საკუთარი ორგანიზაციის ამ რისკებთან გამკლავების შესაძლებლობის გათვალისწინებით, NDI-მ გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ოქტომბრის არჩევნებისთვის”, – წერს NDI.

მათი თქმით, NDI მჭიდროდ ითანამშრომლებს საერთაშორისო პარტნიორებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და ადგილობრივ დამკვირვებლებთან.

„მიუხედავად იმისა, რომ NDI-მ აღნიშნული გადაწყვეტილება არასახარბიელო გლობალური ვითარების გამო მიიღო, ინსტიტუტი დარწმუნებულია, რომ არჩევნების ხელშეწყობის პროგრამა, საქართველოში და მის გარეთ მყოფ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით, საკმარისი იქნება 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ინფორმირებული დასკვნების გამოსატანად”, – წერს NDI.