არის ახალი მიდგომები, გარმონისებური ბიულეტენი, რომელსაც აქვს ბარკოდი და შტრიხკოდი | ვაშაძე საარჩევნო ტექნოლოგიებზე

პუბლიკა

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობს. შეხვედრა კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ მიმდინარეობს, რომელსაც არასამთავრობო სექტორიც ესწრება.

ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ აქვთ ინიციატივა, თანამედროვე სტანდარტებს მოერგოს ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურა, ასევე მათ აქვთ ნაკისრი ვალდებულებები შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით.

„ტექნოლოგიებთან დაკავშირებით იცით, რომ არის ახალი, ინოვაციური მიდგომები, აი, გარმონისებური ბიულეტენი, რომელსაც აქვს ბარკოდი და შტრიხკოდი და ეს ყველაფერი კონტროლდება, რათა გარეთ არ გაიტანოს ვიღაცამ კარუსელისთვის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა.

„მოქალაქეების“ ლიდერის, პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანის თქმით, შემოდის ელექტრონული დათვლის და ანაბეჭდების მექანიზმი.

არასამთავრობო სექტორს რეკომენდაციები აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით, საუბარია როგორც პროფესიული, ასევე პარტიული ნიშნით დანიშნულ წევრებზე. ISFED-ის წარმომადგენლის, ნინო დოლიძის თქმით, პროფესიულ ნაწილში მნიშვნელოვანია გამჭვირვალე შერჩევა, პარლამენტი კი წევრებს, მინიმუმ, ხმათა 2/3-ით ნიშნავდეს. საიას რეკომენდაციის ძირითადი ნაწილი კი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ბუნებრივ ბარიერს მიემართება.

„ქართული ოცნებისთვის“ პრიორიტეტულია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება თვითმმართველობის არჩევნებზე, რეფორმის შედეგად კი საარჩევნო ადმინისტრაცია გამართულად უნდა მუშაობდეს, ასევე უნდა გაუმჯობესდეს საჩივრების განხილვის სისტემაც.


რა წერია შარლ მიშელის დოკუმენტში საარჩევნო რეფორმაზე

  • მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება სრულად პროპორციული. შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი იქნება ბუნებრივიდან 2%-მდე.
  • პარლამენტის არანაკლებ 4 წევრისგან შემდგარი ჯგუფი შეძლებს შექმნას საპარლამენტო ფრაქცია, რომელშიც შესაძლებელი იქნება დეპუტატების ჩართვა სხვა პარტიებიდან.
  • პარტიები მხარს დაუჭერენ 2 მარტს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს შემდეგი დამატებებით ან შესწორებებით:
  • ადგილობრივი არჩევნები: პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 4/1 პროპორცია ხუთ დიდ ქალაქში და 2/1 პროპორცია ყველა დანარჩენში. 2.5% ბარიერი თბილისში, 3% ბარიერი ყველგან თბილისს გარეთ.
  • ცენტრალური საარჩევნო კომისია: 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრი. პროფესიული წევრები აირჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმების 2/3- ით. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი
  • საოლქო საარჩევნო კომისია იგივე პროპორციით დაკომპლექტდება და პროფესიული წევრების ასარჩევად საჭირო იქნება ცესკოში ხმების 2/3.
  • საუბნო საარჩევნო კომისია იგივე პროპორციით დაკომპლექტდება, მას შემდეგ, რაც მოხდება საპარლამენტო განხილვა მიზანშეწონილობის შესახებ. პროფესიული წევრები ინიშნება საოლქო საარჩევნო კომისიების უბრალო უმრავლესობას +1 ხმით. საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმებს ხელს მოაწერს მინიმუმ 5 პროფესიული წევრი +1 პოლიტიკური პარტიის წევრი.
  • ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს ხმების 2/3-ით.
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან / და პროფესიული წევრების არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმი შემდეგნაირად ჩამოყალიბდება:
  1. . პირველ ორ მცდელობას პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3- დასჭირდება. მესამე მცდელობას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5 დასჭირდება. შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება.
  2. . ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არა უადრეს 4 კვირისა წინა კენჭისყრიდან.
  3. არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (სრული შემადგენლობის ხმების 2/3-ზე ნაკლები) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ექვსი თვით შემოიფარგლება, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს.
  • უნდა განისაზღვროს მკაფიო კრიტერიუმები ბიულეტენების გადასათვლელად. ქვეყნის მასშტაბით უბნების 10%-ის ავტომატური გადათვლის წესი ძალაში რჩება.
  • ცესკოს უფლებამოსილების ქვეშ შეიქმნება მიზნობრივი ჯგუფი, რომელშიც შევლენ სახალხო დამცველის ოფისისა და მოწვეული, სანდო, მიუკერძოებელი არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, და ასევე სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, დავების განხილვის პროცესითვის და ცესკოსთვის დროული რეკომენდაციების წარსადგენად. შესაძლებელია, რომ ამ ჯგუფს მიენიჭოს დამატებითი ფუნქციები, როგორიცაა გადათვლის პროცესში ჩართვა
  • ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) 2021 წლის 20 მარტის ერთობლივი დასკვნის შესაბამისად, რომელიც შეეხება 2021 წლის იანვარში ინიცირებულ ორ კანონპროექტს (საკანონმდებლო ცვლილებებს პარტიების რეგისტრაციისა და დაფინანსების შესახებ) და შეთავაზებული ცვლილებები უნდა გადაიხედოს.

ვადები:

  1. საარჩევნო კანონპროექტის განხილვა სამუშაო ჯგუფში განახლდება სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლის შემდეგ.
  2. შეთანხმების მიღწევიდან ორი კვირის განმავლობაში შეცვლილი კანონპროექტი, რომელიც ამ შეთანხმებას სრულად ასახავს, გაიგზავნება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში (OSCE/ODIHR) დასკვნის მისაღებად
  3. ყველა საჭირო ცვლილება დროულად უნდა იყოს მიღებული პარლამენტის მიერ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე.