არის ჯგუფი ევროპარლამენტში, რომლის მიზანია დასაჯონ ივანიშვილი, ხელისუფლებაში დააბრუნონ სააკაშვილი - პაპუაშვილი

პუბლიკა

„ჩვენ ვხედავთ, რომ არის ჯგუფი პოლიტიკოსებისა ევროპარლამენტში, თვითგამოცხადებული მეგობრები საქართველოსი, რომლებსაც არანაირი ინტერესი საქართველოს მიმართ არ აქვთ გარდა ერთისა… 2012 წლიდან მოყოლებული არის ჯგუფი პოლიტიკოსებისა ევროპარლამენტში, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ერთი მიზანი –  დასაჯონ ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლებაში დააბრუნონ მიხეილ სააკაშვილი“, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

„მიზეზი, საბაბი შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგრამ არსი ყოველთვის არის ერთი. სინამდვილეში ეს არის ჯგუფი პოლიტიკოსებისა, რომლებიც არა საქართველოს, არამედ მიხეილ სააკაშვილის მეგობრები არიან. მათი მიზანი არის ბიძინა ივანიშვილის დასჯა, ვინაიდან მან ჩამოაშორა, ქართველ ხალხთან ერთად, მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება არის მათი მიზანი“, – ამბობს პაპუაშვილი.

პაპუაშვილი ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტში გამართულ გუშინდელ დებატებს.

„რაც შეეხება გუშინდელ დებატებს, ჩვენ ვიხილეთ გუშინ დებატები, რომელიც თავისი არსით დაცლილი იყო ევროპისგან, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო იმისთვის, რომ გავრცელებულიყო დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოში არის ოლიგარქიული მმართველობა, ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო იმისათვის, რომ გავრცელებულიყო პროპაგანდა, თითქოს საქართველოში ხელისუფლება არის მიტაცებული, და ევროპარალამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო იმისთვის, რომ პირდაპირი შეტევა განხორციელებულიყო დემოკრატიუულად არჩეულ ხელისუფლებაზე. რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო სანახავია, როდესაც ხედავ, რომ არის ჯგუფი პოლიტიკოსებისა, რომლებიც საკუთარ მეგობრობას სააკაშვილთან ამჯობინებენ ქვეყნის მიმართ ობიექტურ ინეტრესებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გუშინ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა.