მიკსერი: საქართველოს არასდროს მოუწევს არჩევანის გაკეთება ევროპასა და მშვიდობას შორის

პუბლიკა

გუშინ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ გასული თვის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ გადადგეს სერიოზული ნაბიჯები ევროკომისიის რეკომენდაციების ნაწილის საპასუხოდ, თუმცა მისივე თქმით, რეკომენდაციების ნაწილი ისევ ილუზიური ჩანს.

„გასული თვის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ გადადგეს სერიოზული ნაბიჯები რეკომენდაციების ნაწილის საპასუხოდ, თუმცა რეკომენდაციების ნაწილი ისევ ილუზიური ჩანს; პოლიტიკის მიმართულებით, სადაც პროგრესია საჭირო, სასამართლო რეფორმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მედიათავისუფლების უზრუნველყოფა, ე.წ. ოლიგარქების გადაჭარბებული ინტერესების აღმოფხვრა, ასევე უმცირესობების უფლებების დაცვა. კომპლექსური რეფორმების სისტემური შესრულება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ჩართულია პროცესში“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

სვენ მიკსერმა მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას საქმეებზეც ისაუბრა და სახალხო დამცველის არჩევის საკითხსაც შეეხო.

მისი თქმით, შემაშფოთებელია ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის რიტორიკა, რომლებიც ევროკავშირს ადანაშაულებენ იმაში, რომ საქართველოს ომში ჩათრევა სურს.

„რაც შეეხება რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ვაფასებ საქართველოს მკაფიო პოზიციას სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე. საქართველო ევროკავშირთან ერთად აძლევს ხმას რუსეთის აგრესიისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დასაგმობად.

ამასთან, ღრმად ვარ შეშფოთებული ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის რიტორიკის გამო, რომლებიც ადანაშაულებენ ევროკავშირსა და ჩვენს პარტნიორებს, რომ მათ საქართველოს ომში ჩათრევა სურთ. ევროკავშირი მდგრადად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და გააგრძელებს ამ მხარდაჭერას. ევროკავშირი არის სამშვიდობო პროექტი და საქართველოს არასდროს მოუწევს არჩევანის გაკეთება ევროპასა და მშვიდობას შორის. სინამდვილეში, ევროპის არჩევა მშვიდობის არჩევას ნიშნავს“, – აღნიშნა სვენ მიკსერმა.