არის რაღაცები, რაც ხალხმა უნდა გააკეთოს, ჩვენ ვერ შევცვლით შიდაპოლიტიკურ მდგომარეობას - ევროპარლამენტარი

პუბლიკა

ევროპარლამენტის გერმანელი წევრი იოაჰიმ კუსი (Joachim Kuhs) „ტელეკომპანია პირველთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში რეალური ცვლილებების მისაღწევად ხალხი უნდა გაერთიანდეს და პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიჰყვეს.

„იყო დრო 20 წლის წინ, როდესაც მოხდა ვარდების რევოლუცია. რატომ არ არის შესაძლებელი, ეს კვლავ მოხდეს? რატომ არ შეიძლება, იგივე განმეორდეს? უთხრათ მთავრობას, რომ უნდა იყოს ცვლილებები? გარკვეული ცვლილებები უნდა განხორციელდეს. პროტესტის სხვადსხვა ფორმას უნდა მიჰყვეთ, რომ საქართველოში რეალური ცვლილებები დადგეს.

ჩვენ, დასავლეთიდან, ევროპარლამენტიდან ვერ მოგეხმარებით, ეს შეუძლებელია. არის რაღაცები, რაც ხალხმა უნდა გააკეთოს, ჩვენ ვერ შევცვლით შიდაპოლიტიკურ მდგომარეობას. თქვენ, ქართველი ხალხი უნდა დადგეთ ერთად საკუთარი უფლებების დასაცავად… როდესაც ერი გაერთიანებულია, ზოგჯერ მთავრობა უბრალოდ უკან იხევს. მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი, აგრესიის გარეშე“, – განაცხადა მან „TV პირველის“ ეთერში.

წამყვანის დამაზუსტებელ შეკითხვაზე – მიუთითებს თუ არა ის რევოლუციის გზაზე – ევროპარლამენტარი პასუხობს:

„დიახ, მაგრამ მშვიდობიანი რევოლუცია. ეს რევოლუცია უნდა იყოს მშვიდობიანი. ჩემთვის სხვა გამოსავალი არ ჩანს, ჩემი აზრით, სხვა გამოსავალი არ არის. რომ დაუბრუნდეთ განვითარების იმ ტემპს, რომელიც გქონდათ, ჩემი აზრით, ეს ერთადერთი გზა არის.

თქვენ თავისუფლების მოყვარე ერი ხართ და რატომ არ უნდა იყოს ეს შესაძლებელი, თუ ერთად დადგებით, იქნებით მშვიდობიანი და ძლიერნი თქვენს დაპირისპირებაში მთავრობასთან“, – ამბობს ის.

მასალაში გამოყენებულია „TV პირველის” სინქრონული თარგმანი.

 

LB loan image desktop LB loan image mobile