პარლამენტში ახალი ფსევდოოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი იქმნება

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ წევრს, ილია ინჯიას პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნა სურს.

ილია ინჯიასთან ერთად „ოცნების“ დატოვებას აპირებენ ვარლამ ლიპარტელიანი და ნიკა ელისაშვილი.

„მივიღეთ გადაწყვეტილება პარტია „ევროპული სოციალისტების“ ბაზაზე ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ჩამოვაყალიბოთ. სრულად დავიცავით კოლეგიალურობის პრინციპი და ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობეთ უმრავლესობის წარმომადგენლებს. ჩვენი დამოკიდებულება რადიკალური ოპოზიციის მიმართ დარჩება ისეთივე პრინციპული, როგორიც დღემდე იყო. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ არ დავუშვათ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნება. ამასთან, ჩვენს მისიას ვხედავთ ჯანსაღი ოპოზიციის მისიის შესრულებაში“, – განაცხადა ილია ინჯიამ, რომელიც „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერის, ფრიდონ ინჯიას შვილია.

იმისთვის, რომ მათ პოლიტიკური ჯგუფის შექმნა შეძლონ, ჯერ რეგლამენტის გარდამავალ დებულებებში უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური ჯგუფის შექმნა 7-ის ნაცვლად სამ დეპუტატს შეუძლია, ასევე ამ დეპუტატებმა უნდა დატოვონ ის პარტია, რომლის სიითაც მოხვდნენ პარლამენტში.

აღნიშნული ცვლილებები რეგლამენტში აისახება.

XI მოწვევის პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით რეგლამენტი სპეციალურად „ხალხის ძალისთვის“ შეიცვალა და მასში ჩაიწერა, რომ ნებისმიერ შვიდ დეპუტატს, ვინც არჩევნებში წარმდგენ პარტიას დატოვებდა, პოლიტიკური ჯგუფის შექმნა შეეძლებოდა.

მანამდე პოლიტიკური ჯგუფის შექმნა მე-10 მოწვევის პარლამენტისთვის შექმნილი საგამონაკლისო მექანიზმი იყო, რაც „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციების გარდა, სხვა ჯგუფების არსებობასა და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას უზრუნველყოფდა.

წინა მოწვევის პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნა ორ დეპუტატსაც შეეძლო.

2021-2023 წლებში რეგლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნის წესი რამდენჯერმე შეიცვალა. თავდაპირველად განსაზღვრული იყო, რომ ერთი პარტიის არანაკლებ 4 წევრს შეეძლო ჯგუფის შექმნა, შემდეგ ეს ციფრი 2-მდე შემცირდა. შემდეგ ამოიღეს ჩანაწერი ერთი პარტიის შესახებ და ჯგუფის შექმნა სხვადასხვა პარტიის სიით გასულ დეპუტატებსაც შეეძლოთ.

2024 წელს კიდევ შეიცვალა რეგლამენტი და ჩაიწერა, რომ დასაშვები იქნება, პარლამენტში შესული ერთი პარტიის, სულ მცირე, შვიდმა წევრმა პოლიტიკური ჯგუფი შექმნას, თუ ისინი ამ პარტიას დატოვებენ.

ახლა რეგლამენტი კვლავ შეიცვლება და 7 წევრი 3 წევრამდე შემცირდება.