არქიტექტორები და დიზაინერები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გაიწვიონ „რუსული კანონი”

პუბლიკა

საქართველოს არქიტექტორები და დიზაინერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთიანდებიან. მათი განცხადებით, კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, ცვლის ქვეყნის კურსს ევროპული ორბიტიდან და რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის განვითარებას.

განცხადებას ხელს 400-მდე არქიტექტორი და დიზაინერი აწერს (ხელმოწერები ზრდადია).

„ქვეყანაში შექმნილი პოლარიზაციის, ძალადობრივი გარემოსა და იმ უკანონო ქმედებების გათვალისწინებით, რასაც „რუსული კანონის” მისაღებად საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, ქართველი არქიტექტორები და დიზაინერები ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად ვერთიანდებით!

მიგვაჩნია, რომ კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, ცვლის მის კურსს ევროპული ორბიტიდან და რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის განვითარებას.

ქართველი არქიტექტორები და დიზაინერები ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების მცდელობას, საკუთარი მოქალაქეების დაშინებითა და დასავლელი პარტნიორების სრული იგნორირებით მიიღოს ეს კანონი.

მოვითხოვთ შეწყდეს ძალადობრივი ქმედებები საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ და დაუყვონებლივ უკან იქნას გაწვეული “რუსული კანონი”!

არა რუსულ კანონს!

კი ევროპას!“, – ნათქვამია განცხადებაში.