დღეს პარლამენტში საპარლამენტო მოსმენაზე დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს კითხვა ევროკავშირის 75-მილიონიან მიკროფინანსურ დახმარებაზე დაუსვა, რომლის აღებაზეც სახელმწიფომ უარი განაცხადა.
კაკურიძემ საქართველოს მიერ ევროკავშირის სესხზე უარის თქმის მიზეზი განმარტა.
„ევროკავშირის თანხაც იყო ერთ-ერთი ის კომპონენტი, რომელიც მიყვებოდა რეფორმებს. დაახლოებით 10-12 სხვადასხვა მიმართულების რეფორმა იყო ჩამოთვლილი და ყველა მათგანი არის შესრულებული. დარჩა მხოლოდ ერთი ნაწილი, რომელზეც აქაური ექსპერტები, ვინც იყვნენ ჩართული პროცესში, თვლიან, რომ შესრულდა ის, რაც ეწერა ამ ხელშეკრულებაში. თუმცა, ევროკავშირის წარმომადგენლობა საჯაროდ აცხადებდა, რომ გარკვეული პირობები არ არის შესრულებული და შინაარსობრივად არ შეიცავდა იმ რეფორმას, რომელი რეფორმაც იგულისხმებოდა. თუმცა, რაც ეწერა ის გაკეთებულიაო, ამბობდა მეორე მხარე.
ეს სესხი ევროკავშირის, დახმარება არ არის. პირობები კარგი აქვთ, თუმცა სესხია და დასაბრუნებელია. რეფორმები რომ მნიშვნელოვანია, ამაში ცალსახად გეთანხმებით. სწორედ ევროკავშირთან ჩვენი დაახლოების, მომავალი ურთიერთობისთვის, ჩვენი ეკონომიკის ზრდისთვის არის პირველ რიგში მნიშვნელოვანი ამ რეფორმების განხორციელება. მე ევროკავშირთანაც მქონდა კომუნიკაცია და ეკონომიკურ ნაწილში განსახორციელებელი რეფორმები რაც იყო, მათი ჩართულობით ყველა განხორციელდა. დარჩა სასამართლოს ნაწილი, რომელზეც სხვადასხვა პოზიცია არსებობდა.
ამიტომ, როდესაც დადგა საკითხი, რომ რაღაც პრობლემა ამ სესხს შეიძლება ჰქონოდა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომელ სესხზე გვეთქვა უარი?! ვთქვით უარი ისეთზე, რომელზეც არსებობდა რისკი, რომ არ ჩაგვერიცხებოდა“, – განაცხადა კაკურიძემ.