რა გავლენა ექნება ქვეყანაზე ევროკავშირისგან მაკროსაფინანსო დახმარების არმიღებას

პუბლიკა

საქართველო ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს ტრანშს, სავარაუდოდ, აღარ მიიღებს. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით ევროკავშირის მაკროსაფინანსო დახმარების მეორე ნახევრის მიღებისგან თავს შეიკავებს.

პოზიცია თავდაპირველად პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა, დღეს კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება თანხის მიღებაზე, სავარაუდოდ, თავს შეიკავებს.

ღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირისგან მისაღები თანხა სესხია, საქართველოს კი დღეს აღარ სჭირდება სესხის დამატებით აღება და ხელისუფლებამ საგარეო ვალის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. თანაც ამ ტრანშმა „დიდი პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა“ და ხელისუფლებას „ნებისმიერი ინსინუაციის თავიდან აცილება სურს“.

თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ კიევში ვიზიტით მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ევროკავშირისგან თანხის მიღებამდე ხელისუფლებას წინაპირობები უნდა შეესრულებინა. მათ შორის, მართლმსაჯულების რეფორმა, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო ევროკავშირისგან ტრანშს ვერ მიიღებდა.

ასე რომ, რადგან „ქართულ ოცნებას“ მას შემდეგ მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ არც უსაუბრია, სავარაუდოდ, საქართველო ამ ტრანშს ისედაც ვერ მიიღებდა.

რას გულისხმობს ევროკავშირის მაკროსაფინანსო დახმარება?

ეკონომიკური განვითარებისთვის ევროკავშირში მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამა წლებია მოქმედებს. ევროკავშირმა 2008 წლის ომიდან კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოსთვის მაკროსაფინანსო დახმარება სამჯერ გამოყო. მათ შორის, ბოლოს 2017 წელს – 45 მილიონი ევროს ოდენობით, საიდანაც 10 მილიონი გრანტის სახით იყო, 35 მილიონი კი – სესხად. თანხა კი ორ ეტაპად 2018 და 2020 წლებში მიიღო.

2020 წლის 25 მაისს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით კორონავირუსის პანდემიის პირობებში ევროკავშირის პარტნიორი 10 ქვეყნისთვის ახალი, 3 მილიარდიანი მაკროსაფინანსო დახმარება გამოიყო. აქედან 150 მილიონი ევრო საქართველოს უნდა მიეღო.

მაკროსაფინანსო დახმარების შესახებ ევროკავშირსა და საქართველოს შორის მემორანდუმი 2020 წლის 22 სექტემბერს გაფორმდა. მემორანდუმს ხელს ევროკომისიის წარმომადგენელი პაოლო ჯენტილონი, საქართველოს მაშინდელი ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აწერენ.

მემორანდუმში აღნიშნულია, რომ საქართველოს 150 მილიონიანი სესხის ნახევარი მემორანდუმის გაფორმებიდან მალევე ექნება. მართლაც, ეს თანხა ქვეყანამ 2020 წლის ნოემბერში მიიღო.

ამასთან მემორანდუმში აღნიშნულია, რომ საქართველომ პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ პრინციპებს, მრავალპარტიულ პარლამენტს, კანონის უზენაესობას, დაიცვას ადამიანის უფლებები და შეასრულოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

ევროკომისია ამ საკითხებსა და ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობას თანხის მეორე ნაწილის გადმოცემამდე შეაფასებს. ასევე ევროკავშირსა და საქართველოს შორის მემორანდუმში დანართის სახით გამოყოფილია 7 საკითხი, რომლებიც მეორე ტრანშის მიღების წინაპირობაა.

ეს საკითხები მოიცავს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას, შრომის, საპენსიო და ბიზნესის კუთხით გასატარებელ რეფორმებსა და მართლმსაჯულების რეფორმას, რომელიც მოიცავდა მოსამართლეთა დანიშვნის წესის გაუმჯობესებასაც.

„ღია საზოგადოების ფონდის“ ევროპასთან ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის თქმით, სწორედ ეს საკითხი იქცა მთავარ პრობლემად ევროკავშირსა და საქართველოს შორის, რომელიც მოგვიანებით 19 აპრილის შეთანხმებაშიც აისახა.

„ეს არაერთხელ გაჟღერდა. ამაზე მოდიოდა სიგნალები შარლ მიშელისგანაც. ბოლო შეხვედრაზეც, რომელიც უკრაინაში გაიმართა, მიშელმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა მეორე ტრანშთან დაკავშირებით ამ პირობის შესრულების აუცილებლობა.

საქართველოს ხელისუფლებამ კი, იცოდა რა წინასწარი განწყობა, გადაწყვიტა გადაერჩინა თავისი რეპუტაცია მოახლოებული არჩევნების წინ და თავად ეთქვა უარი ამ 75 მილიონი ევროს მიღებაზე. წარმოეჩინა ისე, თითქოს თავად თქვა უარი და ევროკავშირს დახმარება არ შეუწყვეტია“, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე „პუბლიკასთან“.

ვანო ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ სუსტი იყო ის არგუმენტიც, თითქოს ხელისუფლებას დამატებით სესხის აღება არ სურდა. რადგან ევროკავშირის მიერ გამოყოფილ სესხებს, როგორც წესი, დახმარების სახე უფრო აქვს, ვიდრე ვალდებულების.

„როგორც წესი, ეს არის ფაქტობრივად გრანტის ტოლფასი სესხი, ევროკავშირის მხრიდან დახმარება, იმდენად შეღავათიანი, დაბალპროცენტიანი სესხია ხოლმე. რა თქმა უნდა, ამ თანხის მოძიება სხვაგანაც შეიძლება, მაგრამ ვეჭვობ, მსგავსი პირობებით არა.

ბევრი ითქვა იმაზეც, რომ, რეალურად, ხელისუფლებამ ბოლო თვეების განმავლობაში დიდი რაოდენობით სესხი აიღო და ეს პოზიცია, რომ ევროკავშირის დახმარება არ გვჭირდება, ღიმილის მომგვრელია“, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

რა გავლენას იქონიებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე დაფინანსების არმიღება?

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პარტიის ოფისში დაკავებას, შემდეგ კი შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას დასავლეთში კრიტიკული შეფასებები არაერთხელ მოჰყვა.

მათ შორის იყო სწორედ მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამაში ახალი ტრანშის გაუქმება. თუმცა, „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველოს ევროკავშირის მხრიდან გამოყოფილი 75-მილიონიანი სესხი აღარ სჭირდებოდა.

მოახდენს თუ არა გავლენას საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასა და ევროკავშირთან ურთიერთობაზე გავლენას ტრანშის მიღებაზე უარის თქმა?

ვანო ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ მაკროსაფინანსო დახმარების ეს ნაწილი იმ ოდენობის არ არის, რომ ქვეყანას ახლა ხელშესახები ზიანი მიადგეს. თუმცა, ევროკავშირის მხრიდან გამოყოფილ თანხაზე უარის თქმა და იმ პირობების შეუსრულებლობა, რომელსაც ამ თანხის ჩარიცხვა უნდა მოჰყოლოდა, საქართველოს უფრო მეტად გრძელვადიან პერსპექტივაში დააზარალებს.

„ამ თანხის გამოყენება შეიძლებოდა სხვადასხვა დანიშნულებით, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების შესრულების კუთხით.

თუმცა, განსაკუთრებით ცუდია გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან იკლებს საიმედოობა. როცა არაკეთლისინდისიერი მსესხებელი ხარ, როგორც წესი, სამომავლოდ, სესხის ხელახლა აღება რთულდება.

ასეა ამ შემთხვევაშიც, ბევრად უფრო მეტს იფიქრებს ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით ახალი ფინანსური დახმარების მიღებაზე, ვიდრე აქამდე იფიქრებდა და ქვეყანას საჭიროების შემთხვევაში, სესხის მიღება მომავალში გაუჭირდება.

ამასთან, ასეთი ნაბიჯები ართულებს ევროკავშირთან ურთიერთობას. შეიძლება ოდესმე ყოფილა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 2003 წლიდან მე არ მახსენდება ფაქტი, რომ ევროკავშირს ჩვენთან განეხილოს დახმარების შეჩერების საკითხი და არა მარტო განეხილოს, ფაქტია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ დაასწრო, თორემ ეს დახმარება ისედაც შეჩერდებოდა.

აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს ცალსახად უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე“, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.