შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კინოთეატრ „ამირანთან“ მიმდინარე აქციაზე 11 პირია დაკავებული.
შსს-ს ცნობით, სამოქალაქო აქტივისტ ანი სუბელიანზე თავდასხმის ინციდენტში მონაწილე 1 პირი დააკავეს და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით რჩებიან ადგილებზე. პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან კანონის მოთხოვნები. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს და კანონდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება უმკაცრესი ზომები“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კინოთეატრ „ამირანთან“ ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები აქციას მართავენ. ისინი ფილმის ჩვენებას აპროტესტებენ და სურთ, ჩაშალონ. კინოთეატრის კართან მობილიზებულია პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმები.