„HE PUT DRUGS IN MY POCKETS” (მან ჩადო ნარკოტიკი ჩემს ჯიბეებში) – ეს წარწერა ფურცელზე არტემ გრიბულმა სასამართლო სხდომაზე გააკეთა, მაშინ, როცა სხდომაზე მოწმე პოლიციელი ჯემალ მირაზანაშვილი იკითხებოდა.
ბრალდებულების, ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის საქმეზე დღეს პატაკის შემდგენელი პოლიციელი ჯემალ მირაზანაშვილი დაიკითხა.
პოლიციელმა დაკითხვისას განაცხადა, რომ მას მონაწილეობა არ მიუღია პირად ჩხრეკაში და მხოლოდ პატაკის ავტორია, თუმცა ბრალდებულების თქმით, ის ერთ-ერთი იყო იმ პოლიციელთაგან, ვინც მათ ჩხრეკა ჩაუტარა ბუდაპეშტის ქუჩაზე.
„პუბლიკამ” დაკითვის შემდეგ მოწმეს დამატებითი კითხვები დაუსვა. მირაზანაშვილი არტემ გრიბულის ბრალდებებს უარყოფს.
ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს პროკურატურა გასაღების მიზნით 16 გრამი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ის ფლობას ედავება. ისინი ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ პოლიციამ მათ ნარკოტიკი ჩაუდო – მიაჩნიათ, რომ ისინი თბილისში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისჯებიან.