„მითხრეს, ძალიან წუხდებიან არქიტექტორები, რაღაც თხოვნებს რომ უგზავნითო“, – ასე იხსენებს ელენე ცერცვაძე თავის მორიგ მცდელობას – ხმა მიეწვდინა ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე ახალი პარკის მშენებელთათვის.
ელენე პროფესიით არქიტექტორია და ბავშვობიდან იპოდრომის მახლობლად ცხოვრობს. დასვენება, ვარჯიში, მეგობრების შეკრებები – წლებია აქ დიდ დროს ვატარებო, გვიყვება. თუმცა არც მისთვის და არც მისი თანამოაზრეებისთვის პარკის მომავალზე აზრი არავის უკითხავს. როგორც თავად იხსენებს, საპროტესტო აქციებისა და არაერთი წერილის შემდეგ, მერიიდან უპასუხეს – „სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს „ქართუ“ და მერია ვერანაირ დახმარებას ვერ გაგიწევთ კომუნიკაციაში“.
მას შემდეგ, რაც ელენემ აღმოაჩინა, რომ ახალი პარკის მოსაწყობად არც ნებართვა და არც პროექტი არ არსებობს, თანამოაზრეებთან ერთად სასამართლოს სარჩელით მიმართა. მათ ინტერესებს კი ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს.
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე რაგბისა და კრიკეტის მოთამაშეებს, მოპიკნიკე ახალგაზრდებს, ძაღლებს, სასეირნოდ თუ სავარჯიშოდ გამოსულ ადამიანებს თანდათან მძიმე ტექნიკა ანაცვლებს. როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, შემოღობილ ადგილზე ამჟამად „ახალი ცენტრალური პარკის“ მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს – დამუშავება, ნარჩენებისგან გაწმენდა, მიწის მოსწორება. სასამართლოში დროებითი ღონისძიების სახით სწორედ ამ პროცესის შეჩერება მოითხოვეს მოსარჩელეებმა, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ განჩინების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს.
„გარდა ამისა, ვასაჩივრებთ მერიისა და ინსპექციის უმოქმედობას, რადგან უკანონო მშენებლობის შესაჩერებლად არაფერი გააკეთეს. სარჩელი 2021 წლის დეკემბერში შევიტანეთ და ველოდებით პროცესის ჩანიშვნას“, – ამბობს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი ლადო ქუთათელაძე.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მშენებლობის უკანონობაზე არაერთი ფაქტორი მიუთითებს, მათ შორის:
- გარემოზე ზემოქმედების შეფასების არარსებობა;
- დეტალური პროექტის არარსებობა;
- უნებართვო სამუშაოები;
- პროცესების საჯარო განხილვის გარეშე წარმართვა.
ზღვარი გართობასა და დასვენებას შორის – საჭიროა გარემოზე ზემოქმედების შეფასება?
ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში თბილისის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას ამცნო, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა 36 ჰექტარი ფართობის ტერიტორია, ადგილზე პარკის მოწყობა კი თავის თავზე ფონდ „ქართუს“ უნდა აეღო.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით, 10 ჰექტარზე ან მეტ ფართობზე გასართობი პარკის (მათ შორის, ატრაქციონების პარკის) გაშენება ექვემდებარება სკრინინგს (პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარების საჭიროებას).
გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ განცხადებით:
- თბილისის მერია ვალდებულია, გარემოს დაცვის სამინისტროს წარუდგინოს ინფორმაცია იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობის დაგეგმილი პროექტის შესახებ (ე.წ. სკრინინგის განცხადება);
- სამინისტრო ვალდებულია, მიიღოს გადაწყვეტილება, ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი პროექტი გარემოზე ზეგავლენის შეფასებას (გზშ-ს);
- სამინისტრო, ასევე, ვალდებულია, კოდექსით დადგენილი წესით, უზრუნველყოს საზოგადოების მონაწილეობა აღნიშნული გადაწყვეტილების პროცესში.
ამ საკითხზე „პუბლიკა“ თავდაპირველად გარემოს დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებიდან თბილისის მერიაში გადაგვამისამართეს. მერიაში მიიჩნევენ, რომ „თბილისის ცენტრალური პარკის” მშენებლობა გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასებას არ საჭიროებს“.
მერიაში არგუმენტად კანონმდებლობა მოჰყავთ და აღნიშნავენ, რომ იპოდრომის პარკი რეკრეაციულია და არა გასართობი, ამიტომ ტერიტორია სკრინინგს არ ექვემდებარება.
„საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, გარემოსდაცვითი შეფასების სკრინინგი სჭირდება ისეთი პარკის მშენებლობას, რომელიც 10 ჰექტარს და მეტ ფართობს დაიკავებს, როგორიცაა ატრაქციონები ან სხვა თემატური პარკი, რომელიც თავის არსში მოიაზრებს არსებულ ბუნებრივ გარემოზე მნიშვნელოვან ზემოქმედებასა და სამშენებლო ჩარევას.
იპოდრომის პარკი კი წარმოადგენს ლანდშაფტურ პარკს, რომელიც განკუთვნილია დასვენებისა და რეკრეაციისათვის. მისი მშენებლობისას არ ხდება არსებულ ბიომრავალფეროვნებასა და გარემოზე რაიმე სახის ნეგატიური ზემოქმედება, პირიქით პროექტით გათვალისწინებულია უფრო მეტად ბუნებრივი გარემოს შექმნა, ხე-ნარგავების გაშენება და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვა“, – გვითხრეს თბილისის მერიაში.
ცნობისთვის, პროექტის კონცეფციის მიხედვით, იპოდრომის ტერიტორიაზე მოეწყობა: ფანტანი, სკეიტპარკი, რესტორნები, ბარები, სასაჩუქრე მაღაზიები, მედიათეკა, ბავშვების სათამაშო მოედანი, 500-მდე საპარკინგე ადგილი, ფრანგული ბაღი, ზიპლაინი, პანორამული ხიდი, იაპონური ბაღი და ა.შ.
„რა მიაჩნია მერიას გასართობად? ატრაქციონებს რომ დგამენ, სკეიტპარკს რომ დგამენ და ა.შ. ეს არ არის გასართობი ობიექტები? ანუ სად გადის ზღვარი გასართობსა და არაგასართობს შორის? ეს არის კანონის მორგება მათ ინტერესებზე და არა კანონის რეალური მიზნების განმარტება. ანუ კანონს კითხულობენ როგორც აწყობთ“, – გვეუბნება ვლადიმერ ქუთათელაძე.
მისივე თქმით, სკრინინგისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე პროექტის შეთანხმება წარმოუდგენელია. იურისტი იმასაც აღნიშნავს, რომ მერია მხოლოდ სპეციალისტებისა და მოქალაქეების მოსაზრებების მოსმენის შემდეგ უნდა იწყებდეს პარკის დაპროექტებასა და მოწყობას.
„ამ პროექტის საჯარო განხილვა არ მომხდარა, არავინ ჩაურთავთ, რაც ამ პროცესს ავტომატურად უკანონოდ აქცევს, ნებართვას რომ თავი დავანებოთ“, – ამბობს იურისტი.
დეტალური პროექტის გარეშე
თბილისის მერიაში „პუბლიკას“ დაუდასტურეს, რომ პროექტი საბოლოო სახით ჯერ მზად არ არის და სწორედ მაშინ გასაჯაროვდება, როდესაც მასზე მუშაობა დასრულდება. ის კი, რაც საზოგადოებამ ფოტომონტაჟის სახით იხილა, პროექტის კონცეფციაა.
„თუ ჯერ პროექტი არ აქვთ დასრულებული, მაშინ ერთ წელზე მეტია, დაუსრულებელი პროექტის მიხედვით ჩიჩქნიან იქ ტერიტორიას და ეს რა ლოგიკაში ჯდება ვერ ვიგებ“, – ამბობს არქიტექტორი და მწვანე აქტივისტი ელენე ცერცვაძე.
რას ნიშნავს დაუსრულებელი დეტალური პროექტი, თუკი საკითხს სამართლებრივად შევხედავთ? – ვკითხეთ იურისტ ლადო ქუთათელაძეს – „ეს იმას ნიშნავს, რომ არ იციან, რა შეიძლება ააშენონ ობიექტურად“, – და განაგრძობს – „გამოდის, რომ არამიზნობრივად იხარჯება თანხები თუნდაც მოსწორებისთვის – თუ არ გაურკვევიათ რისი აშენება უნდათ. შეიძლება იდეის დონეზე აქვთ, მაგრამ დაზუსტებით რისი აშენება უნდათ, როგორის აშენება უნდათ, რა ფარგლებში და ა.შ. ეს არ არის განხილული“.
იურისტი იმასაც აღნიშნავს, რომ ოფიციალურად ამ დრომდე ისიც ვერ შეიტყო, თუ ვინ აწარმოებს სამუშაოებს. მერიაში კი „პუბლიკას“ უთხრეს, რომ პარკის მოწყობის ხარჯებს საკუთარ თავზე ფონდი „ქართუ“ იღებს.
რა ეტაპზეა დეტალურ პროექტზე მუშაობა? რამდენად შეიცვალა თავდაპირველი კონცეფცია? – გვსურდა ეს კითხვები თავად ფონდის წარმომადგენლისთვის დაგვესვა, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა უარით გამოგვისტუმრა – არ ვფლობთ ამ საკითხზე ინფორმაციასო.
„ნებართვა არაა საჭირო“
კითხვაზე – გასცა თუ არა არქიტექტურის სამსახურმა (ჯერ არარსებულ) პროექტზე თანხმობა და სამშენებლო ნებართვა – მერიაში გვპასუხობენ, რომ „არცერთ პარკს არ სჭირდება ნებართვა, რომელიც მუნიციპალურ ტერიტორიაზეა“. „პუბლიკამ“ მერიის არქიტექტურის სამსახურსა და მუნიციპალურ ინსპექციასაც ჰკითხა მშენებლობის ნებართვასა და მიმდინარე სამუშაოების კანონიერებაზე, თუმცა გვიპასუხეს, რომ იმაზე მეტს ვერ გვეტყოდნენ, რაც მერიაში გვითხრეს.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი მშენებლობა, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, სულ მცირე საჭიროებს თანხმობას ქალაქის არქიტექტურის სამსახურისა და გარემოს დაცვის სამსახურის მხრიდან. შეიძლება, იმ პროცედურებით არ გაატარონ, როგორც რიგითი მშენებლობა, ნებისმიერ შემთხვევაში პროექტი უნდა არსებობდეს და უნდა იყოს გარკვეული თანხმობაც. ამ ინფორმაციის მისაღებად რამდენჯერაც მივმართეთ, პასუხების მიხედვით თითქოს არაფერი არ არსებობს, თითქოს არაფერი არ ხდება. მშენებლობა მიდის ისე, რომ არანაირი დოკუმენტაცია არ აქვთ“, – ამბობს იურისტი.
რას დაკარგავს იპოდრომი?
ახალი ცენტრალური პარკის კონცეფცია, გარდა ტერიტორიით მოსარგებლეებისა, არაერთმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ თუ დარგის სპეციალისტმა გააკრიტიკა. მათ შორის ელენე ცერცვაძესაც ვკითხეთ – რა არ მოსწონს ახალ კონცეფციაში:
„იპოდრომის მთავარი ღირებულება არის ის, რომ არის ბუნებრივი ლანდშაფტი, მასში არ არის ხელოვნური ჩარევა, არ არის ხელოვნური ზედაპირები – არც ბეტონის, არც ქვის, არც ასფალტის და ა.შ. ნაკლებად არის დეკორირებული, იქ ვერც პლასტიკატის სკამებს ნახავთ და სხვა ხელოვნურ ჩარევებს.
ქალაქის ცენტრში ასეთი ადგილი სხვა არ გვაქვს, ამხელა ტერიტორია იყოს ბუნებრივი ლანდშაფტი, ნიადაგს აქვს სუნთქვის შესაძლებლობა, თვითონ მომხმარებლებს შეუძლიათ, თავი იგრძნონ არა როგორც რაღაც ხელოვნურად გაშენებულ, დეკორატიულ პარკში, არამედ როგორც ნამდვილ ბუნებაში. ანუ იპოდრომზე ყველა მიდის იმიტომ, რომ იქ დაისვენებ ისე, როგორც ნამდვილ ბუნებაში“, – ამბობს ელენე ცერცვაძე.
მისივე თქმით, ახლანდელი იპოდრომის ღირსება მის გაშლილ სივრცეშია. თავის მხრივ ეს სივრცე კი ადამიანებს შორის ინტერაქციას, მეტ ემოციურ თუ ინფორმაციულ გაცვლა-გამოცვლას უწყობს ხელს.
„როგორც კი აქ შევიყვანთ 500 მანქანას, როგორც კი იპოდრომს დავყოფთ ამდენ დაქუცმაცებულ სივრცედ, რადგან ახლა შეგიძლიათ ნახოთ გეგმაში, რომ არის უამრავი დაქუცმაცებული სივრცე – ფრანგული დეკორატიული ბაღი, იაპონური დეკორატიული ბაღი და ა.შ ანუ ყველაფერი არის იმის საწინააღმდეგო, რასაც იპოდრომი ნიშნავს“, – ამბობს ელენე.
ელენეს თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ადამიანებზე არავის უფიქრია – რატომ დადიან, რას აკეთებენ და რა მოსწონთ ძველ იპოდრომში.
„ისეთ შთაბეჭდილება ტოვებს პროექტი, რომ თითქოს ადგილი ნანახიც არ ჰქონდეს დამპროექტებელს. არადა, როდესაც არქიტექტორები და ლანდშაფტისტები მუშაობას ვიწყებთ, პირველ რიგში მივდივართ იმ ადგილზე და ვიწყებთ იმ ადგილის მომხმარებლებთან ლაპარაკს, კვლევას – რა არის ადგილი და რა სჭირდება იქაურობას. იპოდრომზე ეგ არ ჩატარებულა“, – ამბობს ელენე ცერცვაძე.