პროექტს „ფემინსტრიმი“ წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი საქართველოში, ფონდ „ღია საზოგადოების“ მხარდაჭერით. პროექტის მედიაპარტნიორია Publika.ge.
ავტორი: მაია ნასრაშვილი
„ბავშვები სულ მიყვარდა, მაგრამ დილიდან საღამომდე ყოველ დღე მათთან ყოფნა, ზოგჯერ, ძალიან ძნელია, შესვენებაზეც ვერ გავდივარ, ხან მთელი დღის მშიერი მივდივარ სახლში, დაქანცული“.
„ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, მაგრამ ხელფასი დაბალია, არაფერში მყოფნის, დილის 9-დან 4-ის ნახევრამდე ყოველ დღე სამსახურში ვარ და 350 ლარს ვიღებ“.
„ჩემს ქმარს არ უნდოდა მუშაობა დამეწყო, მაგრამ მერე ბაღში ვიწყებ-მეთქი რომ ვუთხარი, დამთანხმდა, სხვაგან ეთაკილება. მე მაღაზიაში მინდოდა დამეწყო მუშაობა, იმიტომ რომ იქ უფრო მეტი ანაზღაურებაა, მაგრამ ქმარმა უარი მითხრა და ამიტომ გადავწყვიტე, ისევ ბაღში დამეწყო მუშაობა“.
თქვენ უსმენდით საბავშვო ბაღის აღმზრდელებს, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს.
მოგესალმებით, მე მაია ნასრაშვილი ვარ და ამ პოდკასტში საბავშვო ბაღის აღმზრდელებზე ვისაუბრებ. როგორია მათი შრომითი პირობები, რა ბარიერებს და გამოწვევებს აწყდებიან და რა საშუალებებს მიმართავენ თავიანთი უფლებების დაცვის მიზნით?
სკოლამდელი განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილებამ ქალთა შრომითი უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული კომპლექსური გამოწვევები დამანახა.
გავრცელებული სტერეოტიპია, რომ საქართველოში საბავშვო ბაღის აღმზრდელობა ე.წ. ქალის პროფესიად მიიჩნევა და პრაქტიკაც ამგვარია – აღმზრდელების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ქალია. საბავშვო ბაღის აღმზრდელობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი საქმიანობაა/პროფესიაა, ამიტომაც კაცები საბავშვო ბაღში დასაქმებით არ ინტერესდებიან. საქართველოში გენდერული ნიშნით შრომის ბაზრის დაყოფა – სეგრეგაცია და ამ შემთხვევაში კი, ჰორიზონტალური სეგრეგაცია, ზუსტად ასახავს საბავშვო ბაღის თანამშრომლების მდგომარეობას.
საბავშვო ბაღი ნაკლებად მომგებიანი სფეროა, დაბალი ანაზღაურებით და, სტატისტიკურად, დაბალანაზღაურებად სფეროებში ჩვენთან, საქართველოში, უმეტესად ქალები არიან დასაქმებულები. დასაქმების ეს სექტორები კი ისეთ სფეროებს ემთხვევა, რომლებიც სტერეოტიპულად „ქალების როლს“ უკავშირდება – ზრუნვის შრომა, მომსახურების სფერო და სხვა.
როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკულ დონეზე, ბავშვის განვითარების პროცესში, აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიონალიზმი განმსაზღვრელი ფაქტორია. მაგალითად, აღმზრდელ-პედაგოგს ევალება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესს ისე გაუძღვეს, რომ გაითვალისწინოს თითოეული ბავშვის ინდივიდუალურობა, საჭიროებები და ინტერესები. პრაქტიკულად რომ წარმოვიდგინოთ, ბავშვის ინდივიდუალურობიდან გამომდინარე, მაგალითად, აღსაზრდელ მარიკასთან გამოყენებული სააღმზრდელო-პედაგოგიური მიდგომა აღსაზრდელ ნინოსთან გამოყენებული პრაქტიკისგან სრულიად განსხვავებული უნდა იყოს.
სტანდარტის შესაბამისად, თითოეული აღმზრდელი, მაქსიმუმ, 15 ბავშვზეა პასუხისმგებელი. უკვე არსებული მაღალი პასუხისმგებლობის ფონზე, ხშირად, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, სააღმზრდელო ჯგუფში 30 და მეტი ბავშვია, მაგრამ აღმზრდელი კვლავ ერთია. შესაბამისად, ზოგჯერ აღმზრდელს დაკისრებული პასუხისმგებლობის შესრულება 30 ბავშვთან უწევს. ასეთ დროს ორი აღმზრდელი უნდა იყოს, რაც პრაქტიკაში იშვიათად ხდება. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად ზრდის აღმზრდელის არა მხოლოდ ფიზიკური დატვირთვას, არამედ ემოციურ გადაწვას იწვევს, თუმცა ისედაც მიზერული ანაზღაურება უცვლელი რჩება. ამასთან, პრაქტიკაში აღმზრდელებს ხშირად იმ საქმიანობის შესრულება უწევთ, რაც მათი პასუხისმგებლობის ნაწილი არ არის. მაგალითად, აღმზრდელს ხშირად უხდება დალაგება და დასუფთავება, რაც მისთვის კიდევ დამატებითი შრომაა.
სწორედ ამ პირობებში, აუცილებლად ჩნდება კითხვა: როგორია აღმზრდელ-პედაგოგების შრომითი ანაზღაურება და შეესაბამება თუ არა ეს ანაზღაურება იმ ფუნქცია-მოვალეობებს, რომელთა შესრულებაც მათ ეკისრებათ? საბავშვო ბაღის დამოუკიდებლობისა და პერსონალის მიერ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების ხარისხი დაბალია და ისინი, მეტწილად, ადგილობრივი თვითმმართველობის მითითებებს მიჰყვებიან, რაც, რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო პროცესზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის ხელფასი სწორედ მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტის მიხედვით განისაზღვრება და რადიკალურად განსხვავებულია მუნიციპალიტეტების მიხედვით.
მაგალითად, დედაქალაქში სრულ განაკვეთზე მომუშავე აღმზრდელის ხელფასი 450-დან 600 ლარამდე მერყეობს, ხოლო რეგიონებში და, განსაკუთრებით, სოფლად, 300-დან 400 ლარამდეა. თუ განაკვეთი ნახევარია, ხელფასიც ნახევრდება. ამ საკითხის და, შესაბამისად, კადრების დემოტივაციის შესახებ გულისწყრომა, პირად საუბრებში, ბაგა-ბაღების დირექტორებს არაერთხელ გამოუხატავთ. მათი აზრით, მსგავსი დამოკიდებულება უსამართლო და დისკრიმინაციულია.
ბაღში მუშაობა, განსაკუთრებით სოფლად, ქალებისთვის ხშირად დასაქმების ერთადერთი შესაძლებლობაა. არჩევანის სიმწირე განპირობებულია არა მხოლოდ სამუშაო ადგილების დეფიციტით, არამედ ქალებისთვის ხელმიუწვდომლობით. საზოგადოებაში გაბატონებული „საპასუხისმგებლო“ საქმიანობები, როგორიცაა გადაწყვეტილების მიმღებლის პოზიცია, იმთავითვე შეზღუდულია, შესაბამისად, ზრუნვის შრომაში ჩართულობა სოციუმისა და ოჯახისგან მიღებულია, დამსაქმებლისგ ან კი წახალისებული. ამ ყველაფერს ამძაფრებს ისიც, რომ გაბატონებული სტერეოტიპებით, ქალისთვის სააღმზრდელო შრომა სათაკილო არაა, მეტიც, ის მკვეთრად ფემინურ საქმიანობად აღიქმება და თითქოს დედობის როლის ერთგვარი გაგრძელებაა. თუ ქალს ოჯახი არ აძლევს საშუალებას იმუშაოს მაგალითად, ბანკში მოლარედ, იგივე აკრძალვა ბაღის შემთხვევაში, არ მოქმედებს ხოლმე. ოჯახისა და საზოგადოების წნეხის ფონზე, ხშირად გამოსავალი იმ პირობების მიღებაა, რომელიც სამუშაო ადგილზე ექმნებათ ქალებს. სამწუხაროდ, ადმინისტრაციისთვის მიმართვა და შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნა იშვიათია.
მნიშვნელოვანი საკითხია, შესვენებით სარგებლობა, რომელიც აღმზრდელისთვის, პრაქტიკულად, გათვალისწინებული არ არის. ხშირად, აღმზრდელებს ბაღში მათთვის განკუთვნილი სივრცეც კი არ აქვთ. ოთახები, ძირითადად, ბავშვთა ჯგუფებისთვისაა გამოყოფილი. გარდა იმისა, რომ აღმზრდელები თითქმის სრულ სამუშაო დროს ბავშვებთან ატარებენ, პროფესიული სტანდარტითვე გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებაც უწევთ. მაგალითად, კანონით გათვალისწინებულია, რომ აღმზრდელს უნდა ჰქონდეს არასაკონტაქტო საათი, სასწავლო და რესურს მასალების მომზადებისთვის. შესაბამისად, სრულ განაკვეთზე მომუშავე აღმზრდელს შესვენების დროის გამოყენება ამ საკითხებისთვისაც უწევს და, შესაბამისად – შესვენების დრო, ფაქტობრივად, არ არსებობს.
ბაღის პერსონალის კვების საკითხიც ერთგვარი გამოწვევაა, მით უფრო, როდესაც დამტკიცდა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების სტანდარტი“ და ნორმების შესრულების მონიტორინგი აქტიურად ხორციელდება სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ. მაშინ როდესაც, არაერთ ქვეყანაში კვების პროცესში ბაღის პერსონალი თავად იღებს საკვებს, ჩვენთან ამ დროს აკრძალულია არა მხოლოდ იმ საჭმლის მიღება, რომელიც ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და მორჩენილია იმ დღეს, არამედ გასვლისა და გარეთ კვების ან/და მოტანილი საჭმლის მიღებაც. საკვების მიღებისთვის განკუთვნილი სივრცეები პერსონალისთვის გამოყოფილი არ არის. არაერთ ბაღში საკვების მიღების ადგილად გამოიყენება საპირფარეშოს შესასვლელი, ვინაიდან სხვა ადგილი ფიზიკურად არ არსებობს.
აუნაზღაურებელი ზრუნვითი შრომა კიდევ უფრო მეტი სირთულე ხდება ბაღში დასაქმებული ქალებისთვის. სახლის საქმეები, ოჯახზე ზრუნვა, შვილების საგანმანათლებლო საკითხები, ძირითადად შემთხვევებში, ისევ ქალების შესასრულებელია.
„მე ბაღში ვმუშაობ, კვირაში ხუთი დღე დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე, 6-ზე ვამთავრებთ სამუშაო დროს და შემდეგ რა თქმა უნდა, სახლში მოვიდივარ ძალიან დაღლილი. მთელი სახლის საქმეები, რა თქმა უნდა, როგორც ქალს, მე მევალება: ჭურჭლის დარეცხვა, ბავშვის მოვლა, საჭმლის გაკეთება. ისე, ხშირად მეუბნებიან ჩემი მეგობრები, თავი დაანებე შენს სამსახურს, ისედაც იღლები, სახლის საქმეები, ხო გარჩენს შენი მეუღლე, ფინანსურად არ გიჭირთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე ჩემი საქმე მიყვარს, მიყვარს ბავშვებთან მუშაობა, მიყვარს ბაღში მუშაობა.“
გამოცდილებაზე დაყრდნობითვე მინდა გაგიზიაროთ, რომ საბავშვო ბაღის პერსონალი, იქნება ეს მენეჯერული რგოლი თუ უშუალოდ ბავშვთან მომუშავე პროფესიონალი, ნაკლებად ფლობს შრომით უფლებებზე ინფორმაციას. ეს ეხება მოქმედი კანონმდებლობის ცოდნას, როგორც წინასახელშეკრულებო ეტაპზე, ისე დასაქმებისა და სამსახურიდან გათავისუფლების ეტაპზე. საკანონმდებლო დონეზე გამყარებული უფლებების არცდონა ქალებისთვის შრომითი უფლებების დაცვის პროცესში კიდევ ერთი დამატებითი ბარიერია .
შეჯამებისკენ, სამსახურიდან გათავისუფლების საკითხებს შევეხები და გაგიზიარებთ სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევებს. როგორც აღვნიშნე, ბაღში გადაწყვეტილებებზე მუნიციპალიტეტი დიდ და შეიძლება ითქვას, გადამწყვეტ გავლენას ახდეს. ასევე, გასაჯაროვებულა ადგილობრივი თვითმმართველობის მმართველი გუნდის მიერ პირადი ინტერესების მიხედვით აღმზრდელების დასაქმებისა და ძველი პერსონალის გათავისუფლების შემთხვევებიც. ზოგადად, პარტიული კუთვნილება თუ პარტიის მხარდამჭერობა სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზიც კი გამხდარა. განსაკუთრებით, ბაღში მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი ქალების შემთხვევაში.
საბავშვო ბაღის აღმზრდელი ქალები ძალიან რთულ პირობებში, დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ მუშაობენ და მათი შრომითი უფლებები კომპლექსურად ირღვევა.
და არ არსებობს სახელმწიფოს მხრიდან ამ სიტუაციის გაუმჯობესებისკენ მიმართული პოლიტიკა. კანონმდებლობის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ აღსრულებისთვის საჭირო ინსტრუმენტები გაჩნდეს: შესაბამისი ანაზღაურება, ღირსეული შრომითი პირობები, პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, გაძლიერება.
თუ საბავშვო ბაღში მუშაობ და ჩემი მონათხრობი შენთვის ნაცნობი და მტკივნეულია, იცოდე რომ ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენლის მსგავსად, ზუსტად იგივე უფლებები გაქვს, რაც სხვას და ამ უფლებების თანაბრად არსებობაზე საქართველოს კონსტიტუციაშივე წერია.