თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 4-11 დეკემბერს კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება. გარდა „ქართული პანორამისა“, სადაც ახალ ქართულ ფილმებს ნახავთ (მათ შორის ოსკარის კანდიდატ ფილმს „დიდი შესვენება“ (რეჟ. დავით ფირცხალავა), „ჩემი ოთახი“ (რეჟ. სოსო ბლიაძე)), ფესტივალის პროგრამა დატვირთული იქნება სხვადასხვა კონტინენტისა და ქვეყნის გამორჩეული ავტორების ნამუშევრებით:
- ახლოს – ლუკას დონტი, ბელგია
ახალგაზრდა ბელგიელი რეჟისორის, ლუკას დონტის სადებიუტო ნამუშევარი – „გოგონა“ კარგად უნდა ახსოვდეს მაყურებელს 2018 წლის თბილისის კინოფესტივალიდან. მის მეორე ფილმს კანის წლევანდელ კინოფესტივალზე კრიტიკოსები მთავარი პრიზის მოპოვებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა „ახლოს“ გრანპრის მფლობელი გახდა. ავტორი კვლავ მოზარდების სირთულეებით ინტერესდება და მათ ურთიერთობებს იკვლევს.
„შესანიშნავად განსახიერებული და გადაღებული გულისამაჩუყებელი ფილმი, რომელიც თანაგანცდით ეკიდება ბიჭების მეგობრობას“, – წერს გამოცემა Cinevue ფილმის შესახებ.
- სევდის სამკუთხედი – რუბენ ოსტლუნდი, შვედეთი
შვედ რეჟისორს, რუბენ ოსტლუნდს მორიგმა სატირამ 2022 წელს მეორე ოქროს პალმის რტო მოუტანა. ამდენად, კინომოყვარულთათვის საინტერესო უნდა იყოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კინოფესტივალის მთავარი პროზიორი ფილმი, რომელიც მდიდრული კრუიზის ბედსა და კლასობრივ უთანასწორობაზე გვიყვება. მით უმეტეს, სურათმა კრიტიკოსთა არაერთგვაროვანი შეფასება მიიღო.
„ოსტლუნდის ახალი ფილმი უსიცოცხლო ევროსატირაა, ოღონდ აქ არ არის მისი წარმატებული ფილმის, „ფორს მაჟორის“ მსგავსი დახვეწილობა და გამჭრიახობა. არც მისი პალმის მფლობელი წინა ფილმის, „კვადრატის“ ძალა იგრძნობა“, – წერს The Guardian-ზე კრიტიკოსი პიტერ ბრედშოუ.
- ჭიანჭველათა ბატონი – ჯანი ამელიო, იტალია, 2022, 134’
ჯანი ამელიოს ფილმს საფუძვლად ნამდვილი ამბავი დაედო. ცნობილი იტალიელი პოეტი, დრამატურგი, სცენარისტი და რეჟისორი ალდო ბარიბანტი 60-იანი წლების იტალიაში სტუდენტთან ჰომოსექსუალური ურთიერთობის გამო გაასამართლეს. მას ბრალად ედებოდა „ბოროტი მიზნით სხვა ადამიანის გონების მართვა“. სასამართლო პროცესს, რომელმაც საერთაშორისო აჟიოტაჟი გამოიწვია, ესწრებოდნენ ალბერტო მორავია, პიერ პაოლო პაზოლინი, უმბერტო ეკო და სხვები. ისინი საპროტესტო წერილებსაც აქვეყნებდნენ და მხარს უჭერდნენ ბარიბანტის.
„ბერლუსკონის შემდგომი პერიოდის იტალიას ჰომოფობიურ წარსულთან გასამკლავებლად დიდი გზა აქვს გასავლელი. „ჭიანჭველების ბატონი“ შესაძლოა მნიშვნელოვანი ორიენტირი იყოს ისტორიული გადასინჯვის პროცესში“, – წერს Indiewire-ის ავტორი ჯუდ დრაი.
- ალკარასი – კარლა სიმონი, ესპანეთი
2022 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული სურათი, კარლა სიმონის „ალკარასი“ მოგვითხრობს კატალონიის პატარა სოფელში ფერმერების ოჯახის ცხოვრებაზე, რომელსაც თავდაყირა აყენებს მიწის მფლობელის გარდაცვალება.
„ფილმი წონასწორობას ინარჩუნებს ბასრ პოლიტიკურ ცნობიერებასა და ოჯახურ დრამაზე ფაქიზ დაკვირვებას შორის“, – წერს გაი ლოჯი Variety-ზე.
- კლონდაიკი – მარინა ერ გორბაჩი, უკრაინა
ფილმი 2014 წელს რუსეთ-უკრაინის საზღვართან მცხოვრები ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ირინა და ანატოლი პირველ შვილს ელოდებიან, როდესაც ჩამოგდებული ბოინგის ნამსხვრევებთან ერთად მათ ცხოვრებაში ომი შემოიჭრება. მიუხედავად იმისა, რომ სოფელი შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს, ქალი უარს ამბობს ევაკუაციაზე.
მარინა ერ გორბაჩი სანდენსის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის დაჯილდოვდა, ბერლინის კინოფესტივალის სექცია „პანორამას“ ფარგლებში კი ეკუმენური ჟიურის პრიზი გადაეცა.
„ომის ტრავმული რეალობის უკომპრომისო ასახვა. „კლონდაიკი“ მომავლის მცირე იმედს გვთავაზობს – შეგვახსენებს, რომ ყველაზე ბნელ დროშიც კი ცხოვრება გრძელდება“, – წერს „Sight & Sound-ზე“ პატრიკ გემბლი.
- სენ-ომერი – ალის დიოპი, საფრანგეთი
ფილმს წლევანდელი ვენეციის კინოფესტივალზე დიდი ჟიურის პრიზი გადაეცა. გარდა ამისა, ალის დიოპი დაჯილდოვდა საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში. „სენ-ომერი“ მოგვითხრობს მწერალზე, რომელიც ლოურენს კოლის საქმის სასამართლო განხილვას იმ მიზნით ესწრება, რომ მედეას მითი თანამედროვე ინტერპრეტაციით დაწეროს. თუმცა მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც მოსალოდნელი იყო.
„თავის ნარატიულ დებიუტში დიოპმა იპოვა გზა, ერთმანეთს შეუთავსოს დოკუმენტური სტილი და ფიქცია, რათა საზოგადოება სარკეში ჩაახედოს. ეს ახალი ასპარეზი თავისი ფართო საზღვრებით, დიოპს საინტერესო რეჟისორად აქცევს“, – წერს გამოცემა The Warp.
- მწერალი ქალის ფილმი – ჰონ სან სუ, სამხრეთ კორეა
ჰონ სან სუ, რომელიც თითქმის ყოველ წელს ახალ ფილმს იღებს, თავის მაყურებელს იმედს არასდროს უცრუებს. გამონაკლისი არც „მწერალი ქალის ფილმი“ უნდა იყოს, რომელმაც ბერლინის კინოფესტივალზე წელს ჟიურის პრიზი დაიმსახურა.
„ფილმი დასტურია იმისა, რომ ყველაზე ჩვეულებრივ დეტალებში მნიშვნელობისა და სილამაზის მოხელთების მეთოდები სან სუს ჯერ კიდევ არ ამოუწურავს“, – წერს გამოცემა Slant.
- რიმინი – ულრიხ ზაიდლი, ავსტრია
თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეჟისორი, ულრიხ ზაიდლის ახალი ფილმი.
„ეს არის ავსტრიელი რეჟისორის ერთ-ერთი ყველაზე კარგი, მაგრამ არც მთლად საუკეთესო ფილმი, თავის საკმაოდ თანმიმდევრულ კარიერაში“, – წერს Hollywood Rerporter.
- დიდი ქალაქი – სატიაჯიტ რეი, ინდოეთი (1963)
კინომოყვარულთათვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს მთელი სექცია „აპოლო: კინოს მეხსიერება“. აქ მაყურებელი დიდ ეკრანზე პიერ პაოლო პაზოლინის შედევრებთან ერთად იხილავს დიდი ინდოელი რეჟისორის, სატიაჯიტ რეის დაუვიწყარ სურათს – „დიდი ქალაქი“. სწორედ რეიზე წერდა იაპონელი რეჟისორი აკირა კუროსავა – „არ გქონდეს მისი ფილმები ნანახი, ნიშნავს, ცხოვრობდე ისეთ სამყაროში, სადაც ვერც მზეს ხედავ, ვერც მთვარეს“.
- მშვიდობით, ლეონორა – პაოლო ტავიანი, იტალია
ცოცხალი კლასიკოსის, პაოლო ტავიანის ფილმია, რომელიც უფროსი ძმის, ვიტორიო ტავიანის გარდაცვალების შემდეგ, 90 წლის ასაკში გადაიღო.
„ფილმი ტოვებს განცდას, თითქოს გამომშვიდობება იყოს. მიუხედავად ამისა, ის იმდენ ახალ მიგნებას გვთავაზობს, რომ შეიძლება იმედი ჩაგესახოთ ვეტერანი მაესტროს ხანმოკლე, მაგრამ განახლებულ სოლოკარიერაზე“, – წერს გამოცემა Screen International.