2013-ში გელა გელაძის მამა თინეიჯერის დაჭრის ბრალდებით დააკავეს - რა ვიცით საქმის შესახებ

„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძის მამა, დავით გელაძე 2013 წელს 18 წლის ბიჭის დაჭრის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა დაკავებიდან 3 დღეში ის სასამართლომ გაათავისუფლა და აღკვეთის სახით 15 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლო და პროკურატურა 12 წლის წინანდელი საქმის განაჩენს არ გვიმხელენ.

2013 წლის 26 მაისს, როდესაც დავით გელაძე კრიმინალური პოლიციის მეოთხე სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა, თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე 18 წლის გიგი სვანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას შემდეგ, რაც პოლიციის მაღალჩინოსნის მიერ ახალგაზრდის შესაძლო დაჭრის შესახებ მედიაში ცნობები გავრცელდა, შსს-მ ჯერ უარყო, რომ გელაძე მათი თანამშრომელი იყო, მოგვიანებით კი უწყებამ განაცხადა, რომ ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 

გამოძიება შსს-მ დაიწყო და როდესაც „გამოიკვეთა დანაშაულის ჩადენაში პოლიციის მოხელის სავარაუდო მონაწილეობა“, საქმე დაექვემდებარა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

მომხდარიდან 16 დღეში პროკურატურამ დავით გელაძე დააკავა და წარუდგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილით (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის), რაც სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

საერთო სასამართლოების ვებგვერდი საქმის მასალებზე დაყრდნობით წერდა: 

„2013 წლის 26 მაისს, დაახლოებით ღამის 22:30 წუთზე, გიგი ს. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, რა დროსაც მათ, ნელი სვლით, სამსახურის ავტომანქანით გვერდით ჩაუარა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით გელაძემ. ამ უკანასკნელმა უკმაყოფილება გამოთქვა გიგი ს.-სა და მისი მეგობრების მიმართ ავტომანქანის გაღებული კარის გამო, რომელიც ხელს უშლიდა გადაადგილებაში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ. გიგი ს. ფეხით დაედევნა გელაძის მანქანას და გაჩერება მოსთხოვა. დავით გელაძემ ავტომანქანა გააჩერა, გადმოვიდა და ცეცხლსასროლი იარაღით გიგი ს.-ს მიმართულებით ერთხელ გაისროლა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მარჯვენა მხრის არეში მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა. აღნიშნულის შემდეგ გელაძე, მისი მართვის ქვეშ მყოფი მანქანით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“.

პროკურატურა დავით გელაძის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ბრალდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და გელაძეს გირაო შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულის დაკავებისას დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები. სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ „ბრალდებულს ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, წარსულში არ არის ნასამართლევი და წლების განმავლობაში მუშაობდა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე“.

„შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დადგინდა, რომ დავით გელაძე გამოცხადდა თბილისის პროკურატურაში და მოწმის სახით დაკითხვისას აღიარა ბრალის ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლო განჩინების გარეშე, პირის დაკავება მოხდა მაშინ, როდესაც არ არსებობდა პირის დაკავების გადაუდებელი აუცილებლობა, რაც წარმოადგენს დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლების საფუძველს. ასევე, პროკურორის მიერ სათანადოდ ვერ იქნა დასაბუთებული ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოს გამოყენების პირობებშიც მიღწეულ იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები“, – ვკითხულობთ 2013 წელს საერთო სასამართლოების ვებგვერდის მიერ გავრცელებულ რელიზში

სატელევიზიო არქივის მიხედვით, დაჭრილის მამა მედიასთან კომენტარს არ აკეთებდა. ბებია, მანანა ბურჭულაძე კი ამბობდა, რომ „გელაძე ოჯახს აშანტაჟებდა“. 


ამ საქმის შესახებ საჯარო წყაროებში არ იძებნება, რა განაჩენი გამოიტანა სასამართლომ. წინასასამართლო სხდომა 2013 წლის 31 ივლისს იყო დანიშნული.


რა ეტაპზეა დავით გელაძის საქმე? თუ განაჩენი უკვე დადგა, რა განაჩენი გამოიტანა მოსამართლემ? თუ განაჩენი არ დამდგარა, როდის და რამდენი სხდომა გაიმართა? როდის არის დაგეგმილი მომდევნო სხდომა? რომელი მოსამართლე განიხილავს მას? – ამ შეკითხვებით „პუბლიკამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, თუმცა პერსონალური მონაცემების სახელით სასამართლომ პასუხების გაცემაზე უარი გვითხრა.

მსგავსი შეკითხვებით პროკურატურასაც მივმართეთ. უწყებას ვკითხეთ, თუ საქმეზე მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება შედგა, რა პირობით? გაასაჩივრა თუ არა პროკურატურამ ან დაცვის მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში? დადგა თუ არა განაჩენი ზემდგომ – სააპელაციო ან/და საკასაციო ინსტანციებში? – თუმცა ჩვენს შეკითხვებს პროკურატურამაც იმავე მოტივით არ უპასუხა.

გიგი სვანის დაჭრის პერიოდში პროკურატურას საერთო ხელმძღვანელობას უწევდა იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი. ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე კი დავით გელაძის შვილი – გელა გელაძე იყო.

მომხდარს იმჟამინდელი იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ასე გამოეხმაურა: 

„იმ საზარელმა დანაშაულმა, რაც მომხდარია მოქალაქე სვანის, ახალგაზრდა კაცის წინააღმდეგ, რომლის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, შეძრა ქართული საზოგადოება. სამართალდამცველებს ეკუთვნით მადლობა, რომ ამ საქმეზე სავარაუდო დამნაშავე გამოავლინეს, და, რაც მთავარია, პროკურატურა ითხოვდა პატიმრობას, სასამართლომ კი შეუფარდა გირაო“, – განაცხადა წულუკიანმა 2013 წელს. 

„პუბლიკამ“ შეკითხვებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურსაც; შეკითხვები გაუგზავნა „ოცნების“ მინისტრ გელა გელაძეს – რამდენად პროპორციულად მიაჩნია მას აღკვეთის ის სახე, რომელიც სასამართლომ მამამისს, დავით გელაძეს შეუფარდა? მას ასევე ვკითხეთ, ხომ არ უკავშირებს სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას თავის იმჟამინდელ თანამდებობას? რადგან ის მამის დაკავების პერიოდში პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო. ჩვენს შეკითხვებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის დაცვის სახელით უწყებამ არ უპასუხა და თანამდებობის პირის მამის გახმაურებული საქმის შესახებ დასმულ შეკითხვებზე „ლეგიტიმური მიზნის“ წარდგენა გვთხოვა:

„პუბლიკამ“ ვერ შეძლო დავით გელაძესთან დაკავშირება. პასუხების შემთხვევაში მისი კომენტარი მასალაში აისახება.

გიგი სვანის დაჭრიდან 2 წელიწადში დავით გელაძე შპს „სმარტ სექურითის“ დირექტორი გახდა. 2019 წელს კი – კომპანია „ჯეო ტაქსის“ მეწილე.  „სმარტ სექურითის“ მფლობელია ლევან სკამკოჩაიშვილი. სკამკოჩაიშვილი ცნობილი ბიზნესმენის, საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრისა და 2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტარ ივანე ჩხარტიშვილთან დაახლოებული პირია. სხვადასხვა წყარომ „პუბლიკას“ უთხრა, რომ დავით გელაძე, სავარაუდოდ, სწორედ ვანო ჩხარტიშვილის დაცვის თანამშრომელია.