რა არის „მწვანე პასპორტი“ და რა სახით მოქმედებს ის სხვა ქვეყნებში

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 20 ოქტომბერს საზოგადოებას ამცნო, რომ საქართველოში „მწვანე პასპორტები“ აუცილებლად ამოქმედდება, თუმცა არ დაუკონკრეტებია როდიდან და რა ფორმით.

რა არის „მწვანე პასპორტი“ და რა სახით მოქმედებს ის სხვა ქვეყნებში? 

2021 წლის 1 ივლისიდან ევროკავშირის ქვეყნებში „ევროკავშირის ციფრული კოვიდსერტიფიკატები“ ამოქმედდა, რომლებიც ძირითადად ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისას გამოიყენება. თუმცა წევრ სახელმწიფოებს ამ დოკუმენტის გამოყენება ადგილობრივი ინტერესების შესაბამისადაც შეუძლიათ, მაგალითად, ფართომასშტაბიან ღონისძიებებზე სერტიფიკატის მქონე მოქალაქეების დაშვებისთვის და ა.შ.

ევროკავშირის ციფრულ სერტიფიკატზე დატანალია ინფორმაცია მოქალაქის აცრის სტატუსის შესახებ. ასევე იმისთვის, რომ სერტიფიკატით აუცრელმა მოქალაქეებმაც ისარგებლონ, სერტიფიკატზე დატანილია Covid-ტესტის პასუხი და ინფორმაცია, არის თუ არა პირი კოვიდგადატანილი. ხოლო მოგზაურები, რომლებიც აღნიშნულ სერტიფიკატს არ ფლობენ, ტესტირება და კარანტინის გავლა უწევთ.

თუმცა, გარდა ევროკავშირის კოვიდსერტიფიკატებისა, სხვადასხვა ქვეყანამ ადგილობრივ დონეზეც დაიწყო მსგავსი შეზღუდვების ამოქმედება, იმ განსხვავებით, რომ ადგილობრივი რეგულაციები უფრო მკაცრია და მხოლოდ მოგზაურობას არ ეხება.

„მწვანე პასპორტი“ – იგივე „კოვიდსაშვი“, „კოვიდსერტიფიკატი“, „ჯანმრთელობის საშვი“ და ა.შ. – სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელწოდებითა და რეგულაციით მოქმედებს, თუმცა მათ ერთი მიზანი აერთიანებთ – შეამციროს ვირუსის გავრცელება და ასაცრელად მეტი ადამიანი წაახალისოს.

მაგალითად, იტალიაში „მწვანე საშვი“ 6 აგვისტოდან სავალდებულო გახდა ისეთ ადგილებში შესასვლელად, როგორიცაა, კაფე-რესტორნების შიდა სივრცეები, მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები, სპორტდარბაზები, საცურაო აუზები, სპა-სალონები, გასართობი პარკები, ბაზრობები, ფესტივალები, სპორტული მოედნები და ა.შ. გარდა ამისა, მსგავსი შეზღუდვები მიიღო საფრანგეთმა, ავსტრიამ, გერმანიამ, კვიპროსმა, საბერძნეთმა და ა.შ. გარკვეულ სექტორებში დასაქმებულთათვის კი აცრა სავალდებულო გახდა. ჩინეთის ზოგიერთ რეგიონში კი ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სკოლებში ვერ ივლიან ის მოსწავლეები, რომელთა ოჯახის ყველა წევრი არ არის აცრილი.

თუმცა განსაკუთრებულ ინტერესს იტალიის მაგალითი იწვევს, რადგან იტალიაში დროთა განმავლობაში „მწვანე საშვთან“ დაკავშირებული შეზღუდვები ევროპაში ყველაზე მეტად გამკაცრდა:

„მწვანე საშვის“ მიღების წინაპირობები

საშვის მისაღებად მოქალაქეებმა უნდა წარადგინონ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მაინც: აცრის სერტიფიკატი, მტკიცებულება, რომ პირი კოვიდგადატანილია ან კოვიდზე ტესტის უარყოფითი პასუხი.

აცრის პირველი დოზიდან დაახლოებით 15 დღეში აცრილ მოქალაქეებს ელექტრონული ფოსტით ან სატელეფონო შეტყობინებით ეგზავნებათ QR კოდი, რომლის მეშვეობითაც „მწვანე საშვს“ იწერენ. მეორე დოზიდან ორ დღეში კი იღებენ სრულ „მწვანე საშვს“, სადაც აღნიშნულია, რომ მოქალაქე სრულად არის აცრილი.

რა ვადით მოქმედებს „მწვანე საშვი“?

აცრილი მოქალაქეებისთვის საშვი 270 დღის განმავლობაში მოქმედებს, კოვიდგადატანილთათვის კი მისი მოქმედების ვადა 180-დღიანია. ხოლო მათთვის, ვინც ტესტი გაიკეთა, „მწვანე საშვი“ მხოლოდ 48 საათის განმავლობაში მოქმედებს.

ტრანსპორტი და განათლება

იტალიაში 1 სექტემბრიდან „მწვანე საშვი“ (რომელზეც დატანილია აცრის სტატუსი, ტესტის პასუხი და  ცნობა კოვიდის გადატანის შესახებ) სავალდებულო გახდა გრძელ დისტანციაზე მატარებლით ან ავტობუსით მგზავრობისას, ასევე შიდა ფრენებისას. საშვის ფლობა სავალდებულო გახდა პედაგოგებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის, გამონაკლისი სკოლის მოსწავლეებია.

ღამის ცხოვრება

11 ოქტომბრიდან იტალიის ღამის კლუბები წელიწადნახევრიანი დახურვის შემდეგ გაიხსნა. ღამის კლუბებში შესასვლელად „მწვანე საშვი“ და ნიღბის ტარება აუცილებელია. კლუბის საცეკვაო მოედანზე კი პირბადის ტარება სავალდებულო არ არის.

სამსახური

15 ოქტომბრიდან იტალიაში ყოველი დასაქმებულისთვის „მწვანე საშვის“ ფლობა სავალდებულო გახდა – როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. რეგულაცია არ ეხება იმ პირებს, რომლებსაც სამედიცინო ჩვენების გამო აცრა არ შეუძლიათ. სხვა აუცრელი დასაქმებულები კი სამსახურში მისვლას ვერ შეძლებენ, თუ 48 საათში ერთხელ ტესტს არ გაიკეთებენ (ტესტის ფიქსირებული ფასი კი იტალიაში 15 ევროა).

სანქციები

თუკი დასაქმებული „მწვანე საშვის“ არქონის გამო სამსახურში 5 დღის განმავლობაში არ გამოცხადდება, გაცდენილი დღეები არასაპატიოდ ჩაითვლება, რაც დამსაქმებელს შესაძლებლობას მისცემს, შეუჩეროს ხელფასი და სტატუსი, თუმცა ეს სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი ვერ გახდება.

ხოლო ის დასაქმებულები, რომლებიც რეგულაციას დაარღვევენ და „მწვანე საშვის“ გარეშე მივლენ სამსახურში, 1 500 ევროთი დაჯარიმდებიან. ხოლო ის დამსაქმებელი, რომელიც საშვს არ გადაამოწმებს, 1 000 ევროთი დაჯარიმდება.