4 ოქტომბრის მოვლენებზე გასულ კვირას პროკურატურამ ბრალი კიდევ 16 პირს წარუდგინა. მათგან ერთი – ირაკლი შაიშმელაშვილია, რომელსაც ბრალი დაუწრებლად წარუდგინეს, 14 მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ერთს კი – საპატიმრო გირაო.
„პუბლიკის” მონაცემებით, 4 ოქტომბრის მოვლენებზე სულ ბრალდებულია – 64 პირი, მათგან:
- პატიმრობაშია – 59 პირი;
- საპატიმრო გირაო შეფარდებული აქვს 3 პირს [გიორგი ჩახუნაშვილი, ია დარახველიძე, მარიამ მეყანწიშვილი];
- დაუსწრებლად ბრალი წარდგენილი აქვს – 2 პირს [ირაკლი შაიშმელაშვილი, ანტონ უპერი].
„4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ 5 წევრსა და დაკავებულ 41 პირზე „პუბლიკამ” ინფორმაციას თავი წინა მასალაში მოუყარა, ამჟამად კი გთავაზობთ ინფორმაციას შემდგომში დაკავებულ 15 პირზე.
გიორგი ტალახაძე – 41 წლის, ახალციხიდან. ყოფილი პოლიციელი. პროცესზე მან თავად ისაუბრა თავის და საკუთარი ოჯახის მდგომარეობაზე:

„ბატონო მოსამართლე, მე გახლავართ გიორგი ტალახაძე. მთელი ჩემი ცხოვრება გავლილი მაქვს საჯარო სამსახურში – იქამდე ვიყავი პოლიციელი, მერე ვიყავი გარემოს დამცველი. ვიყავი 2008 წლის ომის მონაწილე. შვილები წამომეზარდნენ და აღარ სწვდებოდათ 1300 ლარი შვილებს […] მამა მყავს მძიმე ავადმყოფი.
შვილებს, მოგეხსენებათ, რომ სწავლის გადახდა უნდათ. მეუღლე 800-ლარიან ხელფასზე მუშაობს. ჩემი პატიმრობა ჩემს მთელ 41 წლის მანძილზე ნამუშევარს და ნაწვალებს ჩამომინგრევს თავზე. შვილები აგერ მყავს, სტუდენტები […] ახლა თვითდასაქმებული ვარ. ყველაფერზე ვმუშაობ… 1300 ლარი აღარ გვყოფნიდა… ფიზიკურადაც ვმუშაობ, ხანდახან მძღოლად…“, – აღნიშნა გიორგი ტალახაძემ.
დავით გიუნაშვილი – 69 წლის, დევნილი, ცხოვრობს თბილისში.

„დავით გიუნაშვილი არის თითქმის 70 წლის ადამიანი, რომელიც ცხინვალიდან რუსული რეჟიმის მიერ გახლავთ იძულებით გადაადგილებული პირი. ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში. მუშაობს მშენებლობაზე და დაკავების დროს წუხდა იმაზე, რომ ბეტონი უნდა ჩაესხა იმ დღეს, იმდენად პასუხისმგებლიანი, ღირსეული მოქალაქეა ჩვენი ქვეყნის, რომ თანამშრომლებს შეატყობინეთ, რომ დამაკავესო”, – ამბობდა მისი ადვოკატი შოთა კახიძე.
„პატივცემულო, მე ვარ სამაჩაბლოდან დევნილი. რუსებმა დამიწვეს სახლი და ვაპროტესტებდი მაგის გამო”, – თქვა პროცესზე თავად.
იური ლომიძე – 31 წლის, თბილისიდან. ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. ყოფილი სამხედრო – 2013-2020 წლებში მსახურობდა ავღანეთში, შემდეგ მუშაობდა პოლიციაშიც.
„იური არის ოჯახის და ქვეყნის მოყვარული ადამიანი, მასზე არის ორი მცირეწლოვანი შვილი ფინანსურად და ისეც მთლიანად დამოკიდებული. სკოლაშიც კი ვერ წავლენ ბავშვები მამის გარეშე, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მიდის. მისი არ გათავისუფლებით ძალიან დიდი ზიანი მიადგება უამრავ ადამიანს, მე, ჩემს შვილებს, ჩემსა და მის მშობელს. ყველა ვართ მასზე დამოკიდებული”, – წერდა მისი ცოლი facebook-ზე.
პროცესზე მოსამართლეს იური ლომიძემ თავადაც მიმართა:

„პატივცემულო მოსამართლევ, მე ჩემი შეგნებული ცხოვრება ვფიქრობდი და ვფიქრობ, რომ ჩემს ქვეყანას ვემსახურებოდი. 16 წლის ვიყავი, როცა ფორმა ჩავიცვი და ამ ორი წლის წინ, იმიტომ, რომ ჩემი შვილები გაიზარდნენ, გადავწყვიტე, ცოტა ხანი პაუზა ამეღო საჯარო… მეუღლე მეხმარებოდა, დამეყენებინა ჩვენი შვილები განათლების სწორ გზაზე. როდესაც პირველი კონტრაქტი დავამთავრე თავდაცვის სამინისტროში, გადავწყვიტე, პოლიციაში გამეგრძელებინა, იმიტომ, რომ ვხედავდი, რომ პოლიციელები ყოველდღიურად უფრო მეტად გამოსადეგი ხალხი იქნებოდა სახელმწიფოსთვის, ამ შემთხვევაში როგორც ჯარისკაცს, შეიძლებოდა, კარიერა ისე დამესრულებინა, რომ არ მომცემოდა იმის ბედნიერება, რომ ჩემი ქვეყნისთვის ან მებრძოლა ან სისხლი დამეღვარა… ამიტომ გადავწყვიტე პოლიციაში წასვლა და ბედნიერი ვიყავი ის წლები, მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ვიღაც დამტვრეული მანქანიდან გადმომეყვანა, ვიღაც ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამომეყვანა, ვიღაცას დავხმარებოდი ოჯახში ძალადობის დროს ან სხვა ძალადობის დროს და კმაყოფილი ვიყავი ამით”, – აღნიშნა მან. მისი სიტყვის სრულ ვერსიას გაეცანით ბმულზე;
თემურ ქურციკიძე – 25 წლის, თბილისიდან.
მარიამ მეყანწიშვილი – უწყვეტი პროტესტის აქტიური მონაწილე. ის 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, ჰყავს 6 წლის შვილი.

„იმ ადამიანების მიმართ, ვინც აქ ზის… მაქვს პატივისცემა, ძალიან მიყვარხართ ყველა. მე ამაყი ვარ, რომ ასეთი თანამებრძოლები მყავს, ამაყი ვარ, რომ ამ ადამიანების გვერდით [სხვა ბრალდებულების] რომ მიწევს ჯდომა. მე დარწმუნებული ვარ, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს ბატონმა მოსამართლემ თქვენთან მიმართებით, მარტო არ დაგტოვებთ არც ერთ შემთხვევაში. მე გარეთ მომიწევს თუ არ მომიწევს გასვლა, თქვენთვის, თქვენი თავისუფლებისთვის აუცილებლად ვიბრძოლებ, არ მჩვევია დანებება. ხაშურელი ქალი ვარ და ხაშურელები ვართ ძალიან ჯიუტები, ეს იცოდეთ”, – განაცხადა მან პროცესზე.
სიმონ მახარაძე – დაიბადა 2003 წელს, არის ოზურგეთის სოფელ შემოქმედიდან. მისი დაკავების შემდეგ გადაღებული ვიდეო სოც-ქსელში ფართოდ გავრცელდა – ოჯახის წევრების თქმით, მახარაძის დასაკავებლად ათზე მეტი შეიარაღებული სპეცრაზმელი მივიდა.
,,მცირეწლოვან ბავშვებს ავტომატი დაადეს თავზე”,… 4 წლის ბავშვი შეშინებული ეუბნებოდა -,,მე არაო”; ,,ძაღლს და კნუტებს დაგიხოცავთო”; ,,ემუქრებოდნენ დაკავებულს”, – ამბობს ვიდეოში მახარაძის ახლობელი.
ადვოკატის ცნობით, სიმონ მახარაძე 22 წლისაა, დედ-მამით ობოლია – „ცხოვრობს სიდუხჭირეში. შრომობს სოფლად”.
დათო ღურცკაია – 27 წლის, ზუგდიდიდან, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი.
„ჩემი შვილი გაიზარდოს უმამოდ და იამაყოს, რომ მე მის გამო ვიდექი იქ და მე ვიჯდები. და თუ ყვავილის სროლა არის ძალადობა, მაშინ ყველა პატარძალი დაიჭირონ“, – განაცხადა მან პროცესზე.
როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას მისი და ამბობს, დათოს შვილი 3.5 წლამდეა, დაიბადა ჯანმრთელობის პრობლემებით – ასფიქსიით. შემდეგ განუვითარდა გულყრაც. „დასავლეთის ჰაერს რომ ვერ გუობს, მაგიტომაც არიან თბილისში ქირით გადასულები”, – ამბობს ის.
დათო არის მზარეული, მუშაობდა ერთ-ერთ რესტორანში. ცოლი კი არ მუშაობს, ოჯახის წევრები, ნათესავები ეხმარებიან. „თანხა შეუგროვეს აქციის წევრებმაც – 2 თვის ქირის ფული და ცოტა სახარჯო”, – გვეუბნება ღურცკაიას და.
კახაბერ კვაჭანტირაძე – 56 წლის, ოზურგეთიდან:

„არ მეგონა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავზე ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფოდან შევიდოდით ტოტალიტარულ რეჟიმში. არანაირად არ ვეთანხმები წაყენებულ ბრალს და ერთი რამ მინდა ვთქვა – თუკი საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს სიყვარული და ერთგულება, ამასთანავე რუსულ რეჟიმთან კოლაბორაციაში მყოფი ე.წ. ქართული ხელისუფლების კრიტიკა და მშვიდობიანი, ხაზს ვუსვამ, მშვიდობიანი პროტესტი არის დანაშაული, მაშინ ჩათვალეთ, რომ დამნაშავე ვარ“, – თქვა მან.
ავთანდილ თოფჩიშვილი – 48 წლის, ჰყავს ორი შვილი, არის ოჯახის მარჩენალი. ცოლი ონკოპაციენტი ჰყავს. თავად მუშაობს შემდუღებლად.
რამაზ ჯორბენაძე – 40 წლის, წალკიდან. მას და დედამისს აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები:
„ავარიაში მოხვედრის გამო უმძიმესი ოპერაცია აქვს გადატანილი, აქვს თავის ქერქის ძვლის ნაწილი გამოცვლილი, ამ შემთხვევაში პლასტმასი არის გამოყენებული, რაც დიაგნოზში პირდაპირ წერია – ეს არის თავის ტვინის კომპრესია, ამის გამო რამაზ ჯორბენაძე 42 დღის განმავლობაში იმყოფებოდა კომაში, არავინ არ ფიქრობდა მის გადარჩენას, ამის შედეგად მას ხელში მთლიანად აქვს ჩადგმული მეტალი ისე, რომ ერთი ხელის გამოყენება თითქმის შეუძლებელია, დამოუკიდებლად არ შეუძლია ჩაცმა, აწევა და ა.შ
ბატონო მოსამართლე, ამ ყველაფერის გარდა რამაზ ჯორბენაძეს სახლში ჰყავს მეორე ჯგუფის ინვალიდი, პენსიონერი დედა, რომელიც არის სრულად ყრუ, რის გამოც მასთან კომუნიკაცია ფაქტობრივად შეუძლებელია, მხოლოდ ოჯახის წევრები ახერხებენ ამას, ამ ოჯახის ერთადერთი შემწე გნებავთ მატერიალურად, გნებავთ ფიზიკურად არის ბრალდებული, რომელსაც ასევე თავისი უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს“, – თქვა ადვოკატმა, შორენა ნიქამაძემ.
მამა-შვილი გია და მიხეილ თოლორაიები – არიან აფხაზეთიდან დევნილები. ადვოკატის ცნობით, გია თოლორაია პენსიონერია, 66 წლის. მიხეილ თოლორაიას კი ჰყავს მცირეწლოვანი შვილი. არის 37 წლის. არცერთი მათგანი ნასამართლევი არაა.
„წლინახევრის ბავშვია დარჩენილი უმუშევარ დედასთან ერთად, მათი ერთადერთი მარჩენალი იყო მეუღლე (მიხეილ თოლორაია) და მეორე – მამამისი, რომელიც მუშაობდა ერთ-ერთ საკვებ ობიექტში მზარეულად”, – განაცხადა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა პროცესზე.
ადვოკატი ბორის ყურუა მიხეილ თოლორაიას დაკავების მეთოდებზე:
„თავის საცხოვრებელ მისამართზე იმყოფებოდა. განსაკუთრებული საპოლიციო ღონისძიებით მოხდა მისი დაკავება, იარაღებით, სპეცრაზმით შეუვარდნენ ადამიანს, რომელიც არსად იმალებოდა, არსად გარბოდა, სახლში ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომლის თვალწინაც მოხდა თოლორაიას გაკოჭილი სახლიდან გაყვანა”, – ამბობს
ჯანდრი თირქია – 51 წლის, არის ოჯახის მარჩენალი, მუშაობს ტაქსის მძღოლად. ჰყავს ორი შვილი – ერთი სტუდენტი, მეორე კი არასრულწლოვანია. ოჯახს აქვს ფინანსური ვალდებულებები, რომელსაც ის იხდის.
რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას – გადატანილი აქვს ინსულტი, მკურნალობდა საზღვარგარეთაც, გადატანილი აქვს ტუბერკულოზი.
„ახლაც აქვს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა, რაც განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემია და ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ”, – ამბობს „პუბლიკასთან” ადვოკატი მარიამ მოდებაძე.
გური ჟვანია – 59 წლის, ჰყავს ცოლი და ორი შვილი. ადვოკატის ცნობით, პირველივე დღიდან დაკავებამდე ის უწყვეტი პროტესტის აქტიური მონაწილე იყო. აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, არის მედიკამენტოზურ მკურნალობაზე.
გენადი კელიხაშვილი – 50 წლის, დუშეთიდან.
„პუბლიკის” ინფორმაციით, 4 ოქტომბრის მოვლენებზე ასევე პატიმრობაშია ანტონ ვარდანიძე.
მათ ბრალად ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ნაწილს კი ბრალი დამატებით წარდგენილი აქვს შემდეგი მუხლით – სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად.
მარიამ მეყანწიშვილს კი ჯგუფური მოქმედების ორგანიზება.
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართაც.
შაიშმელაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსია.
მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა შემდეგი მუხლით – საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.
დაუსწრებლად აქვს ბრალი წარდგენილი ანტონ უპერსაც, ორი მუხლით:
- სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად;
- ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;