65 მილიონის ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე ნინო წილოსანის მამა, ბადრი წილოსანი და მასთან ერთად ამ საქმეში ბრალდებული პირები სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა.
ამის შესახებ „პუბლიკის“ მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა.
სააპელაციო პალატამ განაჩენი 4 სექტემბერს გამოიტანა და უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი.
საქმეში ბადრი წილოსანის გარდა ბრალდებულები იყვნენ: ვლადიმერ აბულაძე (ნინო წილოსანის ყოფილი მეუღლე), მამუკა დოლიძე, ირაკლი ეზუგბაია, დავით ჯინჯოლია, აბელ გიორგობიანი, დავით გელაშვილი და გიორგი ჟღენტი.
სააპელაციო სასამართლოში საქმე მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს დაეწერა, კოლეგიის შემადგენლობაში ასევე იყვნენ: გიორგი ქაშაკაშვილი და მანუჩარ კაპანაძე.
სააპელაციო სასამართლოდან მიღებული წერილიდან ირკვევა, რომ საქალაქო სასამართლომ განაჩენი 2023 წლის 6 აპრილს გამოიტანა, სააპელაციოში კი საქმე 2023 წლის 4 ოქტომბერს შევიდა.
სახელმწიფოს კუთვნილი 65 მილიონის ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმე
საუბარია საქმეზე, რომელიც 2013 წელს აღიძრა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად 10 წელი დასჭირდა.
მაშინ განცხადება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა. უწყება აღნიშნავდა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს:
- შპს „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების ყოფილი დირექტორი და შპს „ვაგონმშენებელი კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი დავით ჯინჯოლია;
- სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე აბელ გიორგობიანი;
- გადაზიდვების მოძრავი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჟღენტი;
- შპს „ვაგონმშენებელი კომპანიის“ დამფუძნებელი ბადრი წილოსანი;
- გენერალური დირექტორი ირაკლი თოდუა;
- დირექტორები მამუკა დოლიძე და ვლადიმერ აბულაძე
- ასევე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ირაკლი ეზუგბაიას მიმართ;
„გამოძიებით დადგინდა რომ „საქართველოს რკინიგზასა“ და „ვაგონმშენებელ კომპანიას“ შორის ვაგონების გარემონტების მიზნით 2008 წლიდან გაფორმდა ხუთი ხელშეკრულება, რომლებშიც საქართველოს რკინიგზამ ერთი სატვირთო ვაგონის შეკეთებისთვის ხელოვნურად გაზრდილი თანხა 39 000 აშშ დოლარი დააფიქსირა, თუმცა რეალურად ერთი ვაგონის შეკეთების საბაზრო ღირებულება 31 000 ლარი იყო. ამ ქმედებით დაკავებულებმა შპს „საქართველოს რკინიგზას“ მიაყენეს 65 მილიონი ლარის ზიანი“, – წერდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
როგორც „ლიბერალზე“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, სასამართლოს 2013 წელს არ დაუკმაყოფილებია პროკურატურის შუამდგომლობა დაკავებული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდებაზე და დაკავებულები გირაოთი გათავისუფლდნენ (მათ შორის წილოსანის მამა და ყოფილი მეუღლე).
როგორც სააპელაციო სასამართლოდან მიღებული პასუხიდან ირკვევა, საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი 2023 წელს გამოიტანა. პროკურატურამ კი ის შემდგომ ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა, რაზეც უკვე განაჩენი მიმდინარე თვეს დადგა.
უწყებები, საიდანაც ინფორმაციას არ გვაწვდიან
რა მტკიცებულებები ჰქონდა პროკურატურას ბრალდებულების წინააღმდეგ, ბრალდების მხარის პოზიციით, რაში გამოიხატა დანაშაულებრივი ქმედება, როგორ დაასაბუთა პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი, რა სამართლებრივი არგუმენტებით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ განაჩენი სააპელაციო ინსტანციაში, აპირებს თუ არა პროკურატურა, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო განაჩენი – ამ საკითხებზე „პუბლიკა“ ივნისიდან ცდილობს პასუხების მიღებას, თუმცა უშედეგოდ.
საქალაქო სასამართლოდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესით ორჯერ მივმართეთ, თუმცა ისინი უარს ამბობენ განაჩენის მოწოდებაზე. ამავე წესით ორჯერ მივმართეთ პროკურატურასაც, თუმცა ინფორმაციას არც ისინი გასცემენ.
საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაზიარება ასევე ვთხოვეთ დაცვის მხარის ერთ-ერთ ადვოკატს – გიორგი კონდახიშვილს, თუმცა დოკუმენტის გადმოცემაზე მანაც უარი განგვიცხადა.
გიორგი კონდახიშვილი ამ საქმეში რკინიგზის დეპარტამენტის მხარის წარმომადგენელი იყო – დავით გელაშვილის, აბელ გიორგობიანისა და სხვა.
„მტკიცებულებები, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთა წინააღმდეგ, ფაქტობრივად, არ ჰქონიათ, ეს იყო შეკერილი, თავიდან-ბოლომდე ფალსიფიცირებული“, – შემოიფარგლა ის ზოგადი კომენტარით.
კონდახიშვილი ვარაუდობს, რომ პროკურატურა საქმეს უზენაეს სასამართლოშიც გაასაჩივრებს.
„უპრეცედენტოდ დიდი ხანია, იხილავდა საქმეს როგორც პირველი ინსტანცია, ასევე სააპელაციო სასამართლო. და ეს ჯერ არაფერს არ ნიშნავს, ვინაიდან წინ არის საკასაციო ინსტანცია და კიდევ შეუძლია, რომ რამდენიმე წელი ჰქონდეთ ეს საქმე „თაროზე შემოდებული“. თუ რაში სჭირდებათ ეს, ამის გაგება ძალიან მარტივია“, – განაცხადა კონდახიშვილმა.
რაც შეეხება „ვაგონმშენებელ კომპანიას“, 2018 წელს მათი სახელით იურისტი დავით სამხარაშვილი საუბრობდა. ამჯერად მასთან დაკავშირება „პუბლიკამ“ ვერ შეძლო.
2018 წელს „ლიბერალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ის ამბობდა, რომ სასამართლოში წარდგენილი ჰქონდათ 5 სახის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ცალსახად ადასტურებდა მისი მხარის უდანაშაულობას.
„პუბლიკა“საქმის შემდგომ მსვლელობას მიადევნებს თვალს.