შიდსს (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი იწვევს. ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ აზიანებს დამცავ, ანუ იმუნურ სისტემას და თანდათანობით მწყობრიდან გამოჰყავს იგი. აივ ინფექცია ეწოდება აივ-ით გამოწვეულ დაავადებას. ტერმინით შიდსი აღინიშნება აივ ინფექციის ბოლო სტადია, როდესაც ინფიცირებულს უვითარდება გარკვეული დაავადება და/ან იმუნური სისტემის მძიმე დაზიანება.
გთავაზობთ აივ/შიდსის შესახებ გავრცელებულ 8 მითს:
„კოღოს ნაკბენით შეიძლება შიდსის ვირუსი გადაგედოს“
შიდსი მწერებისა და ცხოველების ნაკბენით არ გადადის. ასევე არ გადადის საუბრისას დახველებით ან დაცემინებით, კოცნით, მოფერებით, ხელის ჩამორთმევით, საერთო მოხმარების საგნებით (ჭურჭელი, აბაზანა).
„შიდსის ვირუსი ორალური სექსით არ გადმოგედება“
სინამდვილეში შიდსის გადადების რისკი არსებობს როგორც ორალური, ასევე ვაგინალური და ანალური სექსის დროსაც.
შიდსის ვირუსი შეიძლება ერთი ადამიანიდან მეორეს გადაედოს შემდეგი გზებითაც:
სისხლით (ინფიცირებულის სისხლის გადასხმისას, აივ ინფიცირებული სისხლით გაჟღენთილი შპრიცით);
ნემსის გამოყენებისას (საინექციო ნარკოტიკის მოხმარების დროს);
არასტერილური სამედიცინო და საპარიკმახერო ინსტრუმენტების გამოყენებისას;
ტატუირებისას;
ინდივიდუალური მოხმარების საგნების გაზიარებით (საპარსი, კბილის ჯაგრისი).
„სარისკო ქცევიდან მეორე დღესვე ანალიზები უნდა აიღო, რათა დროულად გაიგო შენი აივ სტატუსი“
სინამდვილეში ინფიცირების მომენტიდან 8-10 კვირა (2-3) უნდა იყოს გასული, მანამდე კი სისხლის ანალიზი ვერ გამოავლენს, არის თუ არა ადამიანი ინფიცირებული (თუმცა არსებობს სპეციფიკური ანალიზი, რომელიც ამ პერიოდში იძლევა დიაგნოზის დასმის საშუალებას).
საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრ „თანადგომის“ ინფორმაციით, ამ პერიოდში ხანდახან შეიძლება თავი იჩინოს ისეთმა პრობლემებმა, როგორიცაა – ფაღარათი, ტემპერატურის მომატება, „გრიპოზული“ მდგომარეობა, ლიმფური კვანძების გადიდება. ეს ნიშნები დამახასიათებელია სხვა დაავადებებისთვისაც. ამიტომ ადამიანმა შეიძლება აივ ინფექციაზე ეჭვი არც კი მიიტანოს.
„აივ ინფიცირებულის შვილიც აუცილებლად ინფიცირებული იქნება“
შესაბამისი სამედიცინო შემოწმებებისა და პროცედურების შედეგად ნაყოფის ინფიცირების რისკი მცირდება. საქართველოშიც ინფიცირებული მშობლის მიერ ჯანმრთელი ბავშვის გაჩენის უამრავი მაგალითი არსებობს.
„აივ ხელოვნურად შეიქმნა ამერიკის სამხედრო დანიშნულების ლაბორატორიებში, როგორც ბიოლოგიური იარაღი“
აივ-ის წარმოშობის შესახებ განსხვავებული ვერსიები არსებობს. ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს, რომ აივ ხანგრძლივად არსებობდა ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ზოგიერთ რეგიონში, მაგრამ გლობალურად მხოლოდ უკანასკნელ წლებში გავრცელდა, რასაც სხვა ფაქტორებთან ერთად ხელი შეუწყო აფრიკიდან იაფფასიანი სისხლის ექსპორტმა ამერიკისა და ევროპის სისხლის ბანკებში. სისხლის გამოკვლევა ხდებოდა სისხლისმიერ ინფექციებზე, მაგრამ აივ-ზე არა, რადგან აივ ინფექციაზე მაშინ არავინ არაფერი იცოდა. სწორედ აივ ინფიცირებული სისხლით გავრცელდა ინფექცია აშშ-ში, შემდეგ კი – მთელ მსოფლიოში.
ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, აფრიკის კონტინენტზე მცხოვრები მაიმუნების ზოგიერთ სახეობაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფართოდ იყო გავრცელებული აივ-ის წინამორბედი ვირუსი, რომელიც არ იყო პათოგენური ადამიანისათვის. შემდგომში, მუტაციის ან/და სხვა ფაქტორების შედეგად, მაიმუნის ვირუსმა გადალახა სახეობრივი ბარიერი და გავრცელდა ადამიანებში.
აღსანიშნავია, რომ აივ აღმოჩენილია აფრიკის ქვეყნებში მცხოვრებთა 50-იან წლებში აღებულ სისხლში, რომელიც ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზის გამო გაყინულ მდგომარეობაში ინახებოდა.
„აივ-დადებით ადამიანს ჯანმრთელი პარტნიორი ვერ ეყოლება“
მკურნალობის საშუალებით აივ-დადებითი ადამიანი უსაფრთხოა პარტნიორისთვისაც. გარდა ამისა, არსებობს პრევენციის არაერთი საშუალება, მაგალითად, როგორიცაა: პრეზერვატივი და PrEP.
„აივ-ზე ტესტირება და მკურნალობა ძვირადღირებული სერვისებია“
აივ/შიდსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა საქართველოში უფასოა. საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო ცენტრში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ანალიზი უფასოდ გაიკეთოს. აივ/შიდსის სამკურნალო წამლებს პაციენტები შიდსის ცენტრში თვეში ერთხელ, უფასოდ იღებენ. ისინი ასევე უფასოდ იტარებენ საჭირო გამოკვლევებს 4-5 თვეში ერთხელ.
„აივ-ისგან განკურნება შესაძლებელია“
არსებობს აივ ინფექციის მკურნალობა, მაგრამ განკურნება არა. ანუ აივ ინფექცია მართვადი ქრონიკული დაავადებაა. თანამედროვე მედიცინაში არსებობს სხვადასხვა სახეობის მედიკამენტები, რომლებიც ეწევიან ვირუსის ისეთ სუპრესიას, რომ აივ-დადებითი ადამიანის სისხლში ვირუსი აღარ ჩანს. აივ-დადებითი ადამიანი, რომელიც მკურნალობს, ცხოვრობს ისეთივე ხარისხის სიცოცხლით, როგორითაც აივ-უარყოფითი.