„აია“ ძაან კაია

რეკლამა

რა გახსენდებათ, როდესაც იგებთ სიტყვას – აია?

მითოლოგიის მოყვარულს – ალბათ ამავე სახელწოდების მითოლოგიური კუნძული, ქართული წარმოშობის ქალღმერთ ცირცეს სამფლობელო;

რაგბის მოყვარულს – ქუთაისური ლეგენდა, სარაგბო კლუბი. 80-იანი წლების საბჭოთა სარაგბო ჰეგემონი, ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი.

რელიგიათმცოდნეს – ალბათ აია სოფიას დიდებული გუმბათი წარმოუდგება თვალწინ…

მაგრამ თუ ცხელა, თუ გწყურია, თუ გაგრილება, ანდაც გართობა გინდა, ამ კითხვაზე ყველა მათგანი ვინძლო ქუთაისური კილოთი იტყვის – „აია“? აია ლუდი.

______________________________

1953 წელს, ქალაქ ქუთაისში ქართული ლუდის პირველი ბრენდი „აია“ გამოჩნდა.

ლუდის წარმოება თავდაპირველად  ქუთაისში მოღვაწე მეწარმე რევაზ დვალიშვილმა დაიწყო, რომელიც კომპანია „დვალიშვილის წყლების“ დამაარსებელი იყო.

საბჭოთა საქართველოში, როდესაც ყველა წარმოება სტანდარტიზებული იყო, და ქართულ ღვინოებსაც კი ნომრები ჰქონდათ მინიჭებული, რევაზ დვალიშვილმა ახალ ლუდს, საბჭოთა წესისამებრ უბრალოდ „ქუთაისის ლუდი“ კი არა, სწორედ „აია“ დაარქვა. აია, რაც ქართველებს უძველეს მითებთან, ძველ კოლხეთთან, ისტორიის უღრმეს ფესვებთან და თვითმყოფადობასთან აკავშირებს.

„აია“ თავისი გამორჩეული გემოთი, ფერებითა და ფორმით მოკლე დროში ჯერ ქუთაისის და შემდეგ მთელი იმერეთის საყვარელ ბრენდად ჩამოყალიბდა. გაჩნდა სახალხო სლოგანები – იმერული კილოთი ნათქვამი ფრაზები: „ზაფხულის სიცხე რაია?! როცა გაქვს ლუდი „აია“?!“, „ნაღდი ლუდი რაია, ნაღდი ლუდია „აია“!“, „აია“ – ძაან კაია“, როგორც ამბობენ, მის დასალევად დედაქალაქიდანაც ხშირად დადიოდნენ და გერმანელი და ჩეხი სტუმრებისთვის მისი დაგემოვნება აუცილებელიც კი ყოფილა.

საქართველო ღვინის სამშობლოდ ითვლება, თუმცა, არც ლუდი ყოფილა ჩვენთვის უცხო. ლუდის დამზადების ტრადიციები უძველესი დროიდან არსებობდა საქართველოში, განსაკუთრებით მის მთიან ნაწილში – ხევსურეთში, მთიულეთ-გუდამაყარში, ხევში, თუშეთში, ფშავში და შიდა ქართლის მთისწინეთში.

ქართველებმა არათუ ლუდით, არამედ ლუდის შესახებ ლიტერატურის მრავალფეროვნებითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. იქნება ეს – ა. ლეკიაშვილის დისერტაცია „ქართველ მთიელთა მეურნეობის ისტორიიდან“ 1953; ე. ნადირაძე „ქართული ლუდი“, 2011. თუ სხვა. სწორედ ამ ნაშრომებში ვკითხულობთ, რომ საქართველო, როგორც წინა აზიის კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ქვეყანა, ადრე უნდა გასცნობოდა ლუდის დამზადების წესებს. ამ მოსაზრების დამადასტურებელი ფაქტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ურარტუს არქეოლოგიური გათხრებისას მიკვლეული თიხის ჭურჭელი, რომელშიც ლუდისათვის საჭირო ფეტვისა და ქერის დაალაოებული მასა იყო მოთავსებული. საქართველო, როგორც ხორბლეული კულტურების წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი ეპიცენტრი, ადრიდანვე იყო შემზადებული ლუდისათვის საჭირო ნედლეულის წარმოებისათვის.

ლუდის კულტურა გამოიკვეთა საქართველოს მთიანეთში გავრცელებული სალოცავი ჯვარხატების სარიტუალო დღესასწაულებში. ამ მიმართულებით ჩატარებული ნებისმიერი სარიტუალო ქმედება სრულდებოდა ლუდის თანხლებით და იგი მიღებული იყო, როგორც წმინდა სასმელი.

დავუბრუნდეთ „აიას“ – უფრო სწორად აია დაგვიბრუნდა ჩვენ: დიახ, ლუდი „აია” დაბრუნდა. ლუდი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაუჩინარდა ისევ გაყიდვაშია. „აია” ერთგულ მომხმარებელთან ერთად მზადაა უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე საკუთარი სიტყვა თქვას და პოზიციები აღიდგინოს.

ლუდის დაბრუნების აღნიშვნა კი მის „სამშობლოში” ქუთაისში „ოქროს ჩარდახის” ეზოში მოეწყო. ქუთათურებისთვის ეს წარსულთან შეხვედრა და მონატრებული გემოს დაბრუნება იყო.

დღეს „აიას” ბრენდის მფლობელი სს „ქართული ლუდის კომპანიაა“. მისი ქოლგის ქვეშ დღეს ბევრი ცნობილი ლუდის ბრენდია და ამიერიდან მათ ჩამონათვალს „აიაც” დაემატა.

როგორც სს „ქართული ლუდის კომპანიის” კომერციული დირექტორი შალვა ჩოჩელი განმარტავს, ბრენდ „აიას” აღდგენაზე მუშაობა 2 წლის წინ დაიწყო.

„დღესაც კი მომხმარებელი „აიაზე” საუბრობს, როგორც ცოცხალ ორგანიზმზე, ხშირად როგორც ადამიანზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრენდი პერსონიფიცირებულია, ხოლო „აიას” ბაზარზე დაბრუნების პერსპექტივისადმი განწყობები მხოლოდ დადებითია. ბრენდისადმი არსებული ნოსტალგია აჩენს ძლიერ და პოზიტიურ სამომხმარებლო მოლოდინს. გამოკითხულ რესპონდენტთა აზრით, „აიას” დაბრუნება შეიძლება ჰგავდეს ძველ ნაცნობთან შეხვედრას. ძლიერი ემოციური მემკვიდრეობა, შენარჩუნებული ემოციური მიჯაჭვულობა, პროდუქტისა და ბრენდის მეხსიერება, რეპუტაციული ერთგვაროვნება, უკონკურენტო ატრიბუტი ქართული ლუდების სივრცეში: „ნამდვილი-ნაღდი“ ლუდი, ვის თუ არა ჩვენ გუნდს უნდა გაეცოცხლებინა ეს ბრენდი. ვიცით, რომ მოგენატრათ, ერთად გავაგრძელოთ, ლუდი „აია” დაბრუნდა – ამბობს შალვა ჩოჩელი.