დასრულდა მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი სახლწოდებით „რატომ ევროპა?“, რომელიც საქართველოს კინოინსტიტუტის ინიციატივით, ასევე რადიო „თავისუფლებისა“ და „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიების პარტნიორია ასევე, პლატფორმა „კულტურა დემოკრატიისთვის“ და ინიციატივა საქართველოში დემოკრატიული კულტურის პოლიტიკის ფორმირებისათვის.
საქართველოს კინოინსტიტუტი, რომელიც ეროვნულ კინოცენტრში შექმნილი კრიზისის ფონზე, დაახლოებით ერთი წლის წინ დაარსდა, ოქტომბერში საინტერესო პროექტის ინიციატორი გახდა: ეს არის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება როგორც პროფესიონალ რეჟისორებს, ასევე კინომოყვარულებს შეეძლოთ. ხუთი წუთის ფარგლებში კონკრეტული იდეის, სათქმელის ჩატევა არც ისე იოლია, მითუმეტეს, წინასწარი პირობის დაცვით და ისეთი მრავალმნიშვნელოვანი კონცეფციით, როგორიცაა „რატომ ევროპა?“.
მონაწილეებს 15 ოქტომბრამდე უნდა წარედგინათ ფილმები, რომელიც შეეძლოთ სამოყვარულო თუ პროფესიონალური კინოკამერით, ვიდეოკამერით ან სულაც ტელეფონით გადაეღოთ. ჟიური, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: ნანა ექვთიმიშვილი (კინორეჟისორი), ქეთევან მაჭავარიანი (კინორეჟისორი), კახა კინწურაშვილი (მსახიობი), ტატო კოტეტიშვილი (კინორეჟისორი) და ანდრო ჭიჭინაძე (მსახიობი) გამოავლინა გამარჯვებულები, რომელთა დაჯილდოვება სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა.
კონოინსტიტუტმა გამარჯვებულები 10 ათასი ლარით (პირველი პრემია), 5 ათასი ლარით (მეორე პრემია) და 3 ათასი ლარით (მესამე პრემია) დააჯილდოვა.
ასევე გაიცა დოკუმენტური ფილმების ასოციაციის (DOCA) პრიზი 3000 ლარის ოდენობით, რომელიც კინოასოციაციამ სპეციალურად ამ კონკურსისთვის დააწესა. ცალკე პრიზები გადასცა კინოსაპროდიუსერო კომპანია Arrebatto Films-მა, რომელმაც მეორე ტურში გადასული ჩვიდმეტივე მონაწილე 500 ლარით დააჯილდოვა, ხოლო კომპანიამ 3003 Films Production-მა ერთ–ერთი გამორჩეული ფილმი 1000 ლარის ოდენობით.
კონკურსში სულ 30 ფილმი მონაწილეობდა. მისი მიზანი იყო ისეთი იდეებისა და კონცეფციის წახალისება, რომელიც ევროპულ სივრცეში საქართველოს სწრაფვას და ავტორების (რეჟისორების) ორიგინალურ ხედვას ზუსტად, გასაგებად და მრავალფეროვანი საშუალებებით გამოხატავდა. ფილმების ჟანრი არ იყო შეზღუდული და მონაწილეებს შეეძლოთ როგორ მხატვრული, ისე დოკუმენტური, ან ანიმაციური ფილმის წარდგენა.
I ადგილი და მთავარი პრიზი – 10 000 ლარი დაიმსახურა გიორგი გოცირიძისა და გიორგი აბაშვილის 3 წუთიანმა ფილმმა „ვერიფიკაცია“, რომლის ყოველი ეპიზოდი სხარტი და გასაგებია, ამავე დროს, იუმორით გაჯერებული. კომპიუტერით ევროპაში გასამგზავრებელი ბილეთის შესაძენად აუცილებელია ვერიფიკაცია, ანუ ისეთი სიტყვის მიგნება, რომელიც ევროპის შინაარსს გამოხატავს – ეკონომიკა, კეთილდღეობა, ჯანდაცვა, განათლება, უსაფრთხოება, თანასწორობა… და ამ სიტყვების დადასტურების შემდეგ დადასტურებულია ბილეთიც და მარტივი საზეპიროც: საქართველო არის ევროპა და ჩვენი ევროპული მომავალი ჩვენი არჩევანით უნდა გავაფორმოთ.
ძალიან საინტერესოა ასევე მეორე პრიზის მფლობელის, რეჟისორ დეა ჭოლოკავას ფილმი „ჩანაწერები უწონადობიდან“. ფილმის ავტორი საკუთარ ბიოგრაფიას თითქოს ხელახლა იაზრებს თვითმფრინავში, სადაც ბავშვობის მგრძნობიარე შთაბეჭდილებებსა და კადრებს დღევანდელობას უკავშირებს.
მესამე ადგილი ჟიურის გადაწყვეტილებით დაიმსახურა ფილმი SWITCH THE SCRIPT (რეჟისორები – ნინი ჩიკვილაძე და თათა გულვერდაშვილი) ეს არის ერთგვარი ფილმი–დღიური, რომელიც შეიძლება გზამკვლევიც გახდეს იმ ახალგაზრდებისათვის, რომლების საკუთარ საქმეს ერთგულად და პროფესიულად, ანუ ევროპული პასუხიმგებლობით ემსახურებიან.
ცალკე აღსანიშნავია DOCA-ს (დოკუმენტური კინოს ასოციაცია) სპეციალური პრიზი საუკეთესო შემოქმედებით დოკუმენტური ფილმისთვის. დოკუმენტური კინოს ასოციაცია გასცემს პრიზს – 3 ათას ლარს, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. ეს პრიზი ნინო ჟვანიას ფილმს „მთებს და მინდორ–ველებს“ გადაეცა, რომელიც თავისი სისადავით, მეტაფორულობითა და ორიგინალურობით, ჩემი აზრით, საუკეთესო იყო საერთოდ კონკურსში.
ახალგაზრდა და უკვე მსოფლიოში აღიარებული პიანისტი, გიორგი გიგაშვილი ასრულებს რობერტ შუმანის N1 საფორტეპიანო სონატას და ამ გამოსახულების ფონზე ვისმენთ პოეტურ ტექსტს, რომელიც თან კონტრასტულია და თან ძალიან შთამბეჭდავი.
Film Production-ის პრიზი, 1000 ლარი გადაეცა ერეკლე ფოლადიშვილის ფილმს „დედა“, რომელშიც ავტორი გულწფელად, ემიციურად და გაბედულად უკავშირებს საკუთარი ბიოგრაფიის ეპიზოდებს ემიგრაციაში მყოფი დედის სახეს. ასევე ემიგრაციას უკავშირდება რეჟისორ მარი გულბიანის ფილმი გრძელი და პოეტური სათაურით „რომ ეს ყოფნა დღევანდელი, ხვალის ძლიერს ბედს დამშვენდეს“. ფილმი, რომელშიც მინიმალისტური საშუალებებით არის გადმოცემული ერთი ოჯახის ისტორია, სწორედ ემიგრაციის გამო თაობებს შორის გაწყვეტილ კავშირს პოეტური დრამატიზმით ასახავს
დაჯილდოების უშუალო და უპრეტენზიო ცერემონია სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა და მას ორი რამ გამოარჩევდა: ჯერ ერთი, მას ესწრებოდა 96 წლის რეჟისორი ლანა ღოღობერიძე, რომელმაც მართლაც გამორჩეული ემოციური სიტყვით მიმართა საზოგადოებას, მეორეც – სტუმრებს სკამებზე დახვდათ ონოლა გურგულიას მარშის („მოვდივართ და ნათელი გვფენია“) ტექსტი, რომლის შესრულებასაც დავით შუღლიაშვილთან ერთად შეეცადნენ. ამდენად, მარშის ბოლო აკორდები – „მომავლის საქართველო ჩვენია“, ერთგვარად, სიმბოლურადაც ჟღერდა არჩევნების წინ, თუ რატომ ევროპა!