„აქ საზოგადოების ისეთი მოდელია, რომელიც რეალობაშიც უნდა იყოს“ | რეაბილიტაცია „თანადგომაში"

პუბლიკა

„ქმნი რაღაცას, შემოქმედებით განწყობაზე ხარ. პროცესი ძალიან სასიამოვნოა – ძერწავ, ხატავ, ფერებში და ფორმებში „შედიხარ“, – ჰყვება „პუბლიკასთან“ გიორგი [სახელი შეცვლილია].

ის ორგანიზაცია „თანადგომის“ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარია. ცენტრში ცდილობენ, არტთერაპიის, ინდივიდუალური თუ ჯგუფური თერაპიის გზით, ნარკოტიკების მომხმარებლებს რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაში დაეხმარონ.

გიორგი ცენტრში ეუფლება თიხაზე მუშაობის ტექნიკას, ასევე სარგებლობს ჯგუფური თერაპიის კურსითაც.

„ძალიან სასიამოვნო გარემოა, თავის პოვნაში გეხმარება. ახალი ურთიერთობები, ახალი საზოგადოება, საზოგადოების ისეთ ნაწილს იცნობ, რომელიც აქამდე არ შეგხვედრია, ახალ ადამიანებთან გაქვს კომუნიკაცია და ახლებურად უყურებ შენს თავსაც.

ყველაზე მაგარი, რაც დავინახე, თანადგომის კონცეფციაა – თანადგომა, თანასწორობა, თანამონაწილეობა – აქ საზოგადოების ისეთ მოდელს ვხედავთ, რომელიც რეალობაშიც უნდა არსებობდეს. ამ საზოგადოებაში ბევრი დაკარგული ადამიანია, რომელმაც, შეიძლება, აქ თავი იპოვოს და საზოგადოებას გამოადგეს“, – ამბობს ის.

არტთერაპევტი თეონა დვალიძე, რომელიც თიხაზე მუშაობას ასწავლის, „პუბლიკას“ განუმარტავს, რატომ აქვს ამას თერაპიული ეფექტი და რაში ეხმარება ის ბენეფიციარებს.

„ყველაზე მეტად, რაც თიხას უხდება, ეს არის მოთმინება და სიმშვიდე. ყველაზე მეტად რაც არ უხდება – სიჩქარე, სიხისტე და შედეგის სწრაფად მიღების სურვილი. სწორედ ამაში ვეხმარებით ბენეფიციარებს, რომ ეს სიმშვიდე, რასაც თიხაზე მუშაობა აძლევს, გადაიტანონ შინაგან სამყაროში და აქედან წაღებული ენერგია გაჰყვეთ მთელი დღის განმავლობაში. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასეც ხდება. თიხასა და კერამიკაზე მუშაობის დადებითი თვისება არის ის, რომ, როდესაც დასრულებულ პროდუქტს იღებ, გიჩნდება შეგრძნება, რომ რაღაც ეტაპი გადალახე, ნაბიჯი გადადგი და ტყუილად არ გიშრომია – შენს შექმნილ პროდუქტს ექნება ფუნქციური დატვირთვაც“, – ამბობს ის.

თეონა დვალიძის თქმით, „თანადგომაში“ შესწავლილი ტექნიკით ბენეფიციარებს პროფესიის შეძენის შესაძლებლობაც უჩნდებათ.

„ზოგადად, ეს პროფესია დღევანდელ სამყაროში და მით უმეტეს, საქართველოში ძალიან მოთხოვნადია. პროფესიონალების დეფიციტია და ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს, გაიჩინონ ახალი ჰობი, რომელიც შეიძლება მათ პროფესიად იქცეს. შეიძლება, ეს საქმე ისე მოეწონოს ადამიანს, რომ მთელი ცხოვრება ამას მიუძღვნას და თან თერაპიაც გაიაროს“, – გვითხრა მან.

სარეაბილიტაციო ინტენსიური კურსების ფინანსური მხარდამჭერი ევროკავშირია, პროექტს „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ (გიფ-თბილისი) ახორციელებს.

„თანადგომის“ პროექტების კოორდინატორი ვაჟა კასრელიშვილი „პუბლიკას“ ეუბნება, რომ ეს კონკრეტული პროექტი გულისხმობს 10 ბენეფიციარის რეაბლიტაციასა და დასაქმებას.

„ამ კურსისთვის ბენეფიციარების შერჩევა გასაუბრების საფუძველზე ხდება. ის რამდენიმე კრიტერიუმსაც ითვალისწინებს, პირველ რიგში, მოტივაციას – თუ რა მოტივაცია აქვს ბენეფიციარს. რამდენად უნდა რემისია, სიფხიზლის შენარჩუნება, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, რესოციალიზაცია, იმიტომ, რომ კომპონენტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც გვაქვს, რეაბილიტაციასთან ერთად ეს არის დასაქმება.

აგრეთვე ვითვალისწინებთ, რა მხარდამჭერი პირობები არსებობს იმ გარემოში, რომელშიც ის ცხოვრობს – ეს არის, ძირითადად, ოჯახი;ასევე ვითვალისწინებთ მკურნალობის წარსულ გამოცდილებას.

პირველ ეტაპზე გასაუბრების საფუძველზე შევარჩიეთ ხუთი ბენეფიციარი. შერჩეულმა ბენეფიციარებმა გაიარეს სტაჟირება. ჩვენ გვაქვს კერამიკის სახელოსნო და საბეჭდი საამქროს პატარა სახლი, სადაც შესაძლებელია, სხვადასხვა ტექსტილზე – მაისურებზე, ჩანთებზე და ა.შ. – ლოგოტიპების, წარწერების დატანა… თიხის სახელოსნოში კი პროცესი პირველადი დამუშავებიდან გარკვეული ფიგურების შექმნა-გამოწვა-მოხატვას გულისხმობს. ასევე გვაქვს თიხის ამომყვანი ჩარხი, რომელიც ამ პროექტისთვის შევიძინეთ. ამ ჩვენს სახელოსნოში ვასაქმებთ ბენეფიციარებს, რომლებიც გადიან ექვსთვიან სარეაბილიტაციო კურსს, ანაზღაურება დაახლოებით 400 ლარი აქვთ თვეში და ეს საკმაო მოტივაციის მომცემია“, – განმარტა მან.

ვაჟა კასრელიშვილი გვეუბნება, რომ ნარკოტიკების მომხმარებლების რეაბილიტაციასთან ერთად, მნიშვნელოვანია მათ რესოციალიზაციაზეც ზრუნვა, ვინაიდან საზოგადოებაში ჯერ კიდევ მყარია სტიგმა ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ. მისი თქმით, რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია, დასაქმებაში ხელშეწყობა საბოლოოდ მათ ეხმარება რემისიის შენარჩუნებასა და კეთილდღეობაში.

„რესოციალიზაციის კომპონენტი აუცილებელია, რადგან, როდესაც ადამიანები უკვე იწყებენ ახალ ცხოვრებას, დასაქმება, მათი რამე საქმით დაკავება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შეინარჩუნონ რემისია, თავი იგრძნონ სრულად რეაბილიტირებულად და მოხდეს მათი საზოგადოებაში დაბრუნება. სტიგმა მაინც საკმაოდ დიდია და ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპები, რომ „გამოსწორებული და გამოჯანმრთელებული დამოკიდებული პირი არ არსებობს”. ჩვენ კი გვინდა, ვთქვათ, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ და ვფიქრობთ, ჩვენნაირი ცენტრები ასეთი წამოწყებებით ხელს შეუწყობენ ადამიანების გამოჯანმრთელების პროცესს.

ჩვენს კერამიკულ სტუდიაში შექმნილ პროდუქტს სხვადასხვა სოციალური მედიის მეშვეობით გავყიდით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროექტის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება ეს პროცესი – ბენეფიციარებს, რომლებსაც ექნებათ სურვილი და აღმოაჩნდებათ საჭირო უნარები, შეეძლებათ კერამიკულ სტუდიაში მოსვლა, ნივთების შექმნა, მათი გაყიდვიდან მიიღებენ გარკვეულ ინსენტივებს”.


პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია გამოცემა და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.