მიწის ნაყოფიერი ფენის განადგურება, ჰაერისა და მიწისქვეშა წყლების დაბინძურება, ეროზიული პროცესების გააქტიურება, ვიბრაცია, მტვერი და ხმაური – ეს ის პოტენციური სცენარია, რასაც რაჭაში, სოფელ შქმერში მანგანუმის მოპოვების შედეგად მოსახლეობა ელოდება. ადგილობრივები ამ მიზეზების გამო, ლიცენზიების გაცემას აპროტესტებენ და მის გაუქმებას მოითხოვენ. ამბობენ, რომ უკან არ დაიხევენ და არ დაუშვებენ წინაპრების მიერ შემონახული კარ-მიდამოს გადათხრას.
ვინ მიიღო ლიცენზია და როდის?
შქმერში მანგანუმის მოპოვების ლიცენზიას ამ დროსთვის 3 კომპანია ფლობს – შპს „Feroex“, შპს „ტექნოლოჯი 2021“ და შპს „მნ ნორთი“. შპს „Feroex“ ლიცენზიას 2014 წლიდან ფლობს. დანარჩენმა ორმა კომპანიამ კი ლიცენზიები 2021 წლის 9 ივლისს მიიღო. ადგილობრივი მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციები კი სწორედ ამ ორ კომპანიაზე გაცემული ლიცენზიების გაუქმებას მოითხოვენ. ნებართვით გათვალისწინებული ტერიტორია, ჯამში, 1 531 070 კვ.მ-ს. შეადგენს.
საინტერესოა, რომ ორივე კომპანია – შპს „ტექნოლოჯი 2021“ და შპს „მნ ნორთი“ ლიცენზიის მიღებამდე 5 დღით ადრე – 2 ივლისსაა რეგისტრირებული.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დღეის მდგომარეობით, ორივე კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი ნინიკაშვილია.
რა ვიცით გიორგი ნინიკაშვილის შესახებ?
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ნინიკაშვილი 12 კომპანიის დირექტორია, ასევე, ფლობს წილს 12 კომპანიაში.
2016 წელს ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. ბრალდების მხარის მტკიცებით, გიორგი ნინიკაშვილი და კიდევ ორი პირი ჭიათურის რაიონში ეწეოდნენ მანგანუმის შემცველი პროდუქციის შეძენა-გადამუშავება-რეალიზაციას.
„ბრალდებულებმა, აღნიშნული კომპანიებით საქმიანობის პროცესში, განიზრახეს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდება. ამ მიზნით, ისინი საბუღალტრო დოკუმენტებში, შეგნებულად, არასწორად ასახავდნენ შემოსავლებსა და ხარჯს, არასწორ მონაცემებს აფიქსირებდნენ საგადასახადო დეკლარაციებში, რითაც საერთო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენეს 1 200 000 ლარის ზიანი. საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებული პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა“, – ეწერა საგამოძიებო სამსახურის მაშინდელ განცხადებაში.
„პუბლიკა“ გიორგი ნინიკაშვილს აღნიშნულ ბრალთან დაკავშირებით დაუკავშირდა შეკითხვით – ცნეს თუ არა ის დამნაშავედ ამ საქმეში. მან ჩვენს ამ შეკითხვას თავად არ უპასუხა და პრესსამსახურთან გადაგვამისამართა. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
„რეპრესიები ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ“
გოგა გაგნიძე შქმერელია. „პუბლიკასთან“ საუბრისას გვიყვება, თუ რა მოვლენები უძღოდა წინ ლიცენზიის გაცემას. მისი თქმით, ლიცენზიების გაცემამდე რამდენიმე თვით ადრე, 2021 წლის იანვარში, ლიცენზიის მოპოვებით დაინტერესებული პირების განცხადების საფუძველზე ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა.
ადგილობრივებს, რომლებმაც საკუთარ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მიწები 2018-2020 წლებში დაიმტკიცეს, მიწის ნაკვეთების თაღლითური გზით დარეგისტრირებაში დასდეს ბრალი. სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სოფელ შქმერის გამგებელზეც, რომელმაც თითქოს უკანონოდ გასცა ადგილობრივ მცხოვრებლებზე საკუთრების რეგისტრაციის თანხმობები. 2021 წლის ივნისში როგორც შქმერის გამგებელი, ისე ადგილობრივი მცხოვრებლები დამნაშავედ ცნეს, მათ კანონიერად დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები ჩამოერთვათ და ფულადი ჯარიმებიც დაეკისრათ.
„ჩვენივე ისტორიულ ნაკვეთებს მიენიჭა სტატუსი, რომ ეს ჩვენია და ე.წ. შევარდნაძის პასპორტის საფუძველზე დაკანონდა მიწები. ამ ხალხს ყველაფერი ისე ჰქონდა გაკეთებული, როგორც წესი და კანონი მოითხოვდა, წარადგინეს ყველა საჭირო დოკუმენტი, რასაც შემდგომ შესაბამისი პროცედურები მოჰყვა… შემდეგ ეს ინფორმაცია რეესტრს დაუბრუნდა და სააგენტომ დაარეგისტრირა მიწა. საუბარია დაახლოებით 14 ოჯახზე.
შემდეგ კი რა ხდება – საჩივარი შეიტანა მათ წინააღმდეგ „ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოს დაცვის მოქმედმა მმართველმა, ირაკლი ნოზაძემ, რომ ამ ადამიანებს ეს ნაკვეთები თაღლითური გზით ჰქონდათ დაუფლებული. მოკლედ რომ ვთქვათ, თეთრი ძაფით ნაკერი საქმეა. ჩამოერთვათ ეს მიწები ამ ხალხს, გადაეცა უკან სახელმწიფოს. მერე კი გავიგეთ, რომ ეს ნაკვეთები მოექცა ლიცენზიის ფარგლებში“, – ამბობს გოგა გაგნიძე.
ის გვიხსნის, რომ საჩხერე-ონის დამაკავშირებელი ახალი გზის გახსნის შემდეგ რაჭაში მანგანუმის მოპოვება უფრო რენტაბელური გახდა, ვინაიდან მანძილი მნიშვნელოვნად დამოკლდა. მისივე თქმით, სწორედ ამ მიზეზის გამო გააქტიურდა ბიზნესინტერესები ლიცენზიის მიღებაზე.
„შევხედოთ ჭიათურას, სადმე ვხედავთ აღდგენილ გარემოს? ან დასრულებულ, საქმის მერე მოსუფთავებულ ტერიტორიას?, იქ არის გაოხრებული, განადგურებული ყოფილი სოფლები. არ გვინდა, განმეორდეს ჭიათურა“, – ამბობს გაგნიძე.
„ადგილობრივ მოსახლეობასთან საჯარო განხილვა არ მომხდარა“
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „მწვანე ალტერნატივა“ შქმერში მანგანუმის მოპოვების ლიცენზიებს ასაჩივრებენ. მათი მთავარი არგუმენტი სწორედ იმას ემყარება, რომ მოსახლეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული არ იყო. როგორც ისინი განმარტავენ, დარღვეულია ორჰუსის კონვენცია, რომელიც გარემოსდაცვითი საკითხების თაობაზე საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის ვალდებულებას განსაზღვრავს და დაუშვებლად მიიჩნევს გადაწყვეტილებების მის გარეშე მიღებას.
ისინი ამბობენ, რომ საზოგადოებისათვის, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე, ცნობილი უნდა გამხდარიყო დაგეგმილი საქმიანობის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია; ასევე, საზოგადოებას უნდა მისცემოდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეფექტური მონაწილეობის შესაძლებლობა. მათი მტკიცებით, კონვენციის არცერთი ეს მოთხოვნა არ შესრულებულა.
გოგა გაგნიძე ამბობს, რომ სოფელში დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით შეკრება არ ყოფილა და მოსახლეობას იქ მანგანუმის მოპოვებაზე თანხმობა არანაირი პირობით არასდროს არ დაუფიქსირებია. ის ასევე ეხმაურება ერთ-ერთი კომპანიის სალიცენზიო დოკუმენტებს დართულ კრების ოქმს, რასაც მოსახლეობის ხელმოწერებიც ახლავს თან [მესამე კომპანიასთან დაკავშირებით აუქციონი საბოლოოდ ჩაშლილად გამოცხადდა].
გაგნიძე ამბობს, რომ მოსახლეობას ხელი სხვა რამეზე მოაწერინეს, ხოლო შემდეგ მათი ხელმოწერები საპირისპირო შინაარსის დოკუმენტს დაურთეს.
„ხელმოწერები ორჯერ შეგროვდა – ერთხელ მხარდაჭერის ხელმოწერები იყო სოფლის გამგებლისთვის, რომ მისთვის მოეხსნათ პირობითი მსჯავრი და ამას ხალხმა ხელი მოაწერა. ამას არ ჰქონდა დართული მოთხოვნა, ცარიელ ფურცელზე მოაწერეს ხელი, რასაც ხალხი ძალიან ნანობს, ამბობენ, ვენდეთო. მეორე შემთხვევაში კი მერის წარმომადგენელი იყო მოსული და უთხრა, რომ თუ მანგანუმის მოპოვების წინააღმდეგი ხართ, მოაწერეთ ხელიო. ხალხმა მოაწერა ხელი და შემდეგ ეს ხელმოწერები ვიხილეთ ოქმზე, რომ თანახმანი არიან მოპოვებაზე“, – ამბობს გაგნიძე.
„მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი ნინო გუჯარაიძე „პუბლიკასთან“ საუბრისას ამბობს, რომ ეს ხელმოწერები რეალურიც რომ იყოს, არანაირად არ ადასტურებს საზოგადოების პროცესში მონაწილეობას.
„საზოგადოების მონაწილეობას აქვს თავისი პროცედურა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ წინმსწრებით უნდა შეფასდეს მსგავსი გადაწყვეტილებების ზემოქმედება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე, მომზადდეს სპეციალური ანგარიში და მოხდეს კონსულტაცია საზოგადოებასთან ამ ანგარიშის დასკვნებთან დაკავშირებით“, – ამბობს ის.
„პუბლიკამ“ შეკითხვით ეკონომიკის სამინისტროს მიმართა, რა პასუხი აქვთ მათ საჯარო განხილვებთან დაკავშირებულ ბრალდებებზე. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
გარემოზე მოსალოდნელი ზეგავლენა
მანგანუმის მოპოვების შედეგად გარემოზე მიყენებული გამოუსწორებელი ზიანის საილუსტრაციოდ რესპონდენტებს ჭიათურის მაგალითი მოჰყავთ.
შქმერის საქმეში ჩართული ორგანიზაციების შეფასებით, მანგანუმის მოპოვების სხვა შემთხვევები საქართველოში იძლევა დასკვნის საშუალებას, რომ სახელმწიფო მოსახლეობის უფლებების დაცვის ნაცვლად, მხოლოდ კომპანიების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს. ასეთი მძიმე გამოცდილება მრავლად გხვდება ჭიათურასა და მის მიმდებარე სოფლებში. მათი თქმით, მოპოვებითმა საქმიანობამ ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე უკვე დააყენა ჭიათურის მუნიციპალიტეტი და ადგილობრივი მცხოვრებლები. ჭიათურაში კერძო საკუთრების შელახვა, ჩამორთმევა, საკუთარი სახლების მომპოვებელი კომპანიისთვის დათმობის იძულება და მოსახლეობის მიმართ გატარებული რეპრესიული პოლიტიკა დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა.
„თვალნათელი მაგალითი გვაქვს ჭიათურაში. ზედაპირული წესით არის დაგეგმილი მოპოვება, რაც გულისხმობს იმას, რომ მიწის ნაყოფიერი ფენა ამ ტერიტორიაზე აღარ იარსებებს. მიუხედავად იმისა, რომ ლიცენზიის მიმღებს ნებართვა ავალდებულებს, რომ ეს ნაყოფიერი ფენა შეინახონ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, საქართველოში ასეთი პრაქტიკა არ არსებობს. შენახვასაც საკმაოდ დიდი ხარჯი სჭირდება. საკმარისი არაა, რომ მხოლოდ სადმე დაასაწყობო. მას მოვლაც სჭირდება იმისთვის, რომ მისი ნაყოფიერება შეინარჩუნო. ასევე, უკან დაბრუნებასაც თავისი ტექნოლოგია აქვს. თუნდაც ასეთი მეთოდით უკან დაბრუნებული, არ არის გარანტია იმისა, რომ ტერიტორია პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება. ეს გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის, საქართველო ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არაა“, – ამბობს გუჯარაიძე.
მისივე თქმით, წიაღით სარგებლობისას მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოდის ატმოსფერული ჰაერისა და მიწისქვეშა წყლების დაბინძურებაზეც, ასევე მას თან ახლავს ეროზიული პროცესები, რომელიც ამ პერიოდში აუცილებლად წარმოიქმნება. მადნით დატვირთული ტრანსპორტის მოძრაობის შედეგად გამოწვეული ხმაური, ვიბრაცია და მტვერი, მისი თქმით, აუცილებლად შეაწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას.
„ეკოლოგიური პრობლემა საერთოდ არ არსებობს“ – ასე პასუხობს გიორგი ნინიკაშვილი გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით ადგილობრივებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შიშებს.
„ეს არის, ალბათ, მესამე სექტორის დაინტერესება, გრანტების მისაღებად, რომ იქ რაღაც [პრობლემური] ხდება“, – ამბობს ის „პუბლიკასთან” საუბრისას.
მისივე თქმით, მემორანდუმში, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდება, მთელი რიგი ვალდებულებები იქნება ასახული და თუ ის დაირღვა, მაშინ ლიცენციის გაუქმების საფუძველიც გაჩნდება.
„საუბარი იყო წყლის დაბინძურებაზე, მემორანდუმი შევთავაზეთ, რომ არასოდეს შქმერში მანგანუმის გამამდიდრებელი ფაბრიკა არ გაკეთდება. თუ დავარღვევთ ამ პირობებს, ამის საფუძველზე ლიცენზია გაუქმდება. მადნის გარეცხვას არათუ შქმერში, არც რაჭაში არანაირად არ ვაპირებთ.
მიწის ნაყოფიერი ფენაც შეინახება, ამასაც მემორანდუმში ავსახავთ, რომ რამდენ 200 მეტრს ამოვთხრით, შეინახება მიწის ნაყოფიერი ფენა და შემდეგ ისევ ამოივსება. ეს პირობა თუ დაირღვევა, გაუქმდება ლიცენზია“, – ამბობს ნინიკაშვილი.
260-მა ადგილობრივმა პარლამენტში სექტემბერში განცხადებაც შეიტანა. ლიცენზიის გაუქმებასთან ერთად, მათი მოთხოვნებია:
► შეიქმნას დარგის შესაბამისი სპეციალისტების ჯგუფი და საზოგადოებას მიეწოდოს ობიექტური დასკვნა მადნის მოპოვების აუცილებლობისა და რენტაბელობის შესახებ სოფლის ინტერესების გათვალისწინებით;
► შესწავლილ იქნეს სოფელ შქმერის პოტენციალი როგორც ეკო და სამთო ტურიზმის, ასევე სოფლის მეურნეობის, სამკურნალო დანიშნულებით გამოყენებისა და ზოგადად, მდგრადი ეკონომიკური განვითარების კუთხით, ვინაიდან მადნის მოპოვებით სარგებლობს რომელიმე კონკრეტული კომპანია, კერძო ბიზნესინტერესი, ადგილზე კი რჩება განადგურებული გარემო, დაცლილი სოფელი, რომლის აღდგენასაც ათწლეულებიც არ ეყოფა. კომპლექსური მიდგომის, ინვესტიციების მოზიდვისა და განხორციელების შემთხვევაში კი მივიღებთ ბევრი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობას, ადგილობრივი მოსახლეობის დამაგრებას და რაოდენობის ზრდას, საბოლოო ჯამში სოფლის გაძლიერებას, ეს ყველაფერი კი მოგვცემს დროში განგრძობილად ბევრად მაღალ ეკონომიკურ ეფექტს;
► გადაიხედოს სოფლის მცხოვრებლებზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
► დაიწყოს განხილვა და მუშაობა, რომ სოფელი შქმერი, შესაბამისი დარგის სპეციალისტების მიერ სოფლის გარემოს და მისი პოტენციალის შესწავლის შემდეგ, გამოცხადდეს დაცულ ტერიტორიად.