მამა იოანე ბურდინი რუსეთის ქალაქ კოსტრომის მღვდელია. მღვდელი, რომელიც სასამართლოში აღმოჩნდა წირვისას წარმოთქმული სიტყვის გამო. ირკვევა, რომ მან ღმერთს მშვიდობა შესთხოვა და „ძმათამკვლელი ომი“ დაგმო, ეს კი ხელისუფლებამ რუსული არმიის დისკრედიტაციად მიიჩნია, რაც, თავის მხრივ, ადმინისტრაციული წესით ისჯება.
რუსული გამოცემა „კომერსანტის“ ჟურნალისტი ალექსანდრ ჩერნიხი მამა იოანეს სასამართლო მოსმენას დაესწრო და მღვდელთან, რომელიც მოულოდნელად ხელისუფლების სამიზნე აღმოჩნდა, ინტერვიუ ჩაწერა.
უფრო კონკრეტულად, იოანე ბურდინს ქადაგებისას „რუსული შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციასა“ და სამრევლო ვებგვერდზე სააგიტაციო მასალების გამოქვეყნებას ედავებიან.
სასამართლო პატარა სოფელში, კრასნოე-ნა-ვოლგეში უნდა გაიმართოს. „მამა იოანე ძველი „რენოთი“ მოდის, ორმოცდაათ წლამდე ასაკის, გამხდარი კაცი, სამოქალაქო ტანსაცმლითა და ქუდით“, – წერს „კომერსანტის“ რეპორტიორი.
სასამართლოს შენობა ჯერ კიდევ დაკეტილია და მანამდე ჟურნალისტი მღვდელთან ინტერვიუს იწყებს – ეკითხება, თუ იცის, კონკრეტულად, რას ედავებიან. მღვდელი ამბობს, რომ თავდაპირველად დაუკავშირდნენ და პასუხი ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების გამო მოსთხოვეს. 2-საათიანი საუბრის ბოლოს კი აღმოაჩინა, „ქადაგების“ გამოც რომ ისჯებოდა, თუმცა, დასძენს, რომ ამასაც ელოდა.
„ჩემი სიტყვებისთვის ქადაგების დარქმევა მთლად სწორი არაა. მე უბრალოდ წირვის დაწყებამდე გავაფრთხილე ჩემი მრევლი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. ვთქვი, რომ ლიტურგია ჩემთვის არ არის მხოლოდ რაღაც რიტუალი, ესაა მომენტი, როცა ადამიანი ღვთის წინაშე წარდგები. არ შეიძლება მაგ დროს სიცრუე და ფარისევლობა“, – ამბობს იოანე.
რაც შეეხება „სააგიტაციო მასალებს“, მისი თქმით, ეს იყო წერილი ეკლესიის მეორე მოძღვრის, მამა გიორგისადმი. წერილი იმაზე, თუ რას გრძნობს უკრაინაში მიმდინარე ომზე და ამაზე გაჩუმებასაც არ აპირებს. ამბობს, რომ წირვისას ის ღმერთს შესთხოვს, დაიფაროს უკრაინელი ხალხი და დასრულდეს ომი.
„მე შეგახსენებთ, რომ ეკლესია ქრისტესმიერი ერთობაა, ხოლო მრევლი, თავისი განსხვავებულობის მიუხედავად, სახარებისეული მცნებების ქვეშ ერთიანდება. სახარება კი მხოლოდ სიყვარულისკენ მოგვიწოდებს. ის პირდაპირ ამბობს: „არა კაც კლა“.
ეკლესიას ძალიან მკაფიო დამოკიდებულება აქვს სისხლისღვრის მიმართ. მკვლელობის ცოდვა ყველაზე გადადის. არა მხოლოდ მათზე, ვინც ბრძანებას გასცემს, არამედ მათზეც, ვინც ამას ეთანხმებოდა ან დუმილს ამჯობინებდა“, – ამბობს მამა იოანე და ბიბლიიდან შესაბამისი მაგალითებიც მოჰყავს, პირველ რიგში, კაენი, რომელიც ღმერთმა ძმის მკვლელობისთვის დასაჯა.
იოანე იხსენებს ქრისტეს წამებასაც და დასძენს, რომ დანაშაულის დროს გაჩუმება არა მარტო ქრისტიანულ სწავლებას ეწინააღმდეგება, ეს კანონითაც კი ისჯება.
„ზუსტად ეს ვუთხარი ხალხსაც. მე არ მომიწოდებია დემონსტრაციებისკენ, არ დამირიგებია ბუკლეტები მოწოდებებით. მხოლოდ სულიერებაზე ვისაუბრე მრევლთან და არ ვფიქრობ, რომ კანონი დავარღვიე. მე აღვნიშნე ისიც, რომ არ ვლოცულობ რუსული არმიის მარცხზე ან უკრაინული არმიის გამარჯვებაზე. მე არ ვარჩევ, ვისი სისხლი იღვრება იქ. იღუპებიან უკრაინელები, კვდებიან რუსი სამხედროებიც… ძმა კლავს ძმას, ქრისტიანი – ქრისტიანს.
24 თებერვალს მქონდა შეგრძნება, რომ სამყარო განადგურდა. როცა ქრისტიანებმა ქრისტიანების წინააღმდეგ აღმართეს ხელი, ყველაფერი, რისთვისაც ვიბრძოდი, რაზეც ჩემი ცხოვრება იყო დაშენებული, განადგურდა“, – ამბობს იოანე ბურდინი.
მისი თქმით, საერთოდ გაუგებარი იყო ომის მხარდაჭერა, როცა ერთმანეთს კლავენ ადამიანები, რომელთაც ერთი პატრიარქი ჰყავთ, რადგან უკრაინაში მრევლის ნაწილი მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გული ბოროტებას არ გაუღო“, – ამბობს მოძღვარი და დასძენს, რომ მისთვის მიუღებელია სიძულვილი უკრაინელების, ამერიკელების, რუსებისა თუ სხვა ერების მიმართ, ვინაიდან ბოროტების მიზანია სწორედ დაყოფა, კონფლიქტი, რასაც შემდეგ დამანგრეველი შედეგები მოაქვს.
ამასობაში მოძღვარი სასამართლოში შეჰყავთ, იქ სტანდარტულ პროცედურებს გადის. სასამართლო იწყება, სტატიის ავტორი, ალექსანდრ ჩერნიხი წერს, რომ მოსკოვისგან განსხვავებით აქ უჩვეულოდ კარგი გარემო დახვდა, უჩვეულოდ თავაზიანი მოსამართლით.
მღვდელი ითხოვს, რომ სასამართლო მის სახლთან ახლოს გადაიტანონ, კოსტრომაში. მოსამართლე კი რამდენიმე კითხვის შემდეგ სათათბირო ოთახში გადის. როგორც სტატიის ავტორი წერს, მას და მოძღვარს შორის დიალოგიც გრძელდება.
„მითხარით, იცნობთ იმ ადამიანებს, ვინც პოლიციაში გიჩივლათ?“ – ეკითხება ჟურნალისტი იოანე ბურდინს. „ისინი ხომ ჩემი მრევლის ნაწილია“, – პასუხობს მღვდელი. მისი ეკლესია პატარაა, თუმცა სხვა სოფლის ტაძრებისგან განსხვავებით, მათ მეტი მრევლი ჰყავთ, 50-70 ადამიანი იქნებაო, ამბობს.
ამ ეკლესიაში, დიდი ხანია, მსახურობს და ყველას კარგად იცნობს. იმ დღეს კი წირვაზე სულ 12 ადამიანი იყო. როგორც ჩანს, მათგან რომელიღაცამ გასცა, თუმცა ამბობს, რომ ეს მისთვის მნიშვნელოვანი არაა:
– როგორც ინსტიტუტშია ლექციები, სემინარები, ქვიზები და შემდეგ გამოცდა, ასეა ახლაც. რაც ხდება ჩვენ გარშემო, ეს გამოცდაა ყველა ჩვენგანისთვის.
– და ფიქრობთ, თქვენმა მრევლმა ეს გამოცდა ვერ ჩააბარა?
– არა, ასე არ ვფიქრობ. მათზე საერთოდ არ ვფიქრობ და არ განვსჯი არც ერთი კუთხით. ეს მხოლოდ მათ და მათ კავშირს ეხება უფალთან, არა მე.
არ გწყინთ ეს სიტუაცია?
– ასე რატომ უნდა განვიცდიდე? უფლის 12 მოციქულს შორისაც კი იყო გამცემი. თუმცა ეს შედარებაც კი არ მგონია სწორი. ამ ადამიანმა პოლიციას მიმართა არა იმიტომ, რომ რამე სარგებელი მიეღო, არამედ ასე მიიჩნია სწორად და ეს მისი არჩევანია. არ შეგიძლია, ამის გამო განსაჯო. მე ვერ ვაიძულებ მას, რომ შეიცვალოს, ღმერთსაც კი არ შეუძლია ეს.
საუბრისას მოძღვარი კიდევ ერხელ იმეორებს, რომ არ მიაჩნია ქრისტიანობა განსჯისა და დასჯის რელიგიად.
„ჩემთვის სასჯელი ის კი არ არის, რომ ღმერთი დამსჯის, არამედ ის, რომ ერთ დღეს მის წინაშე წარვდგებით და დავინახავთ ჩვენ თავს ისეთად, როგორიც სინამდვილეში ვართ. როგორც არ უნდა გაამართლო შენი ქმედებები, ერთ დღეს მათ ჭეშმარიტი კუთხით დაინახავ“, – ამბობს ის.
იოანე ბურდინის თქმით, ქრისტიანული პოზიციიდან სიძულვილი ყველა შემთხვევაში გაუმართლებელია, ორივე მხარეს, ამიტომ არც უკრაინელებს ამართლებს.
„თვალი მოვკარი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი იერარქის გამოსვლას, რომელიც განმარტავდა: ამბობენ, თუ დამპყრობელი შემოვიდა შენს სახლში, მაშინ არა მხოლოდ მისი მოკვლის უფლება გაქვს, არამედ არც უნდა მოინანიოო. საღვთისმეტყველო თვალსაზრისით, ეს უბრალოდ გაუნათლებლობაა! ისე, უკრაინის ეკლესია არც არასდროს გამოირჩეოდა ღრმა საღვთისმეტყველო განათლებით“, – ამბობს იოანე ბურდინი ღიმილით.
თუმცა მოძღვარი დასძენს, რომ არის გარემოება, როცა არჩევანი არა უბრალოდ კარგსა და ცუდს შორის გვიწევს, არამედ უფრო დიდ და შედარებით მცირე ბოროტებას შორის. ამიტომ, როცა მტერი შემოიჭრება და სხვა გზას არ გიტოვებს, მას წინააღმდეგობა უნდა გაუწიო. მაგრამ ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ მკვლელობა ცოდვაა და თავი არ იმართლო.
ამასობაში, როგორც ალექსანდრ ჩერნიხი წერს, მოსამართლე აკმაყოფილებს მღვდლის თხოვნას და მის საქმეს კოსტრომაში განიხილავენ. ამიტომ იოანე ბურდინი კოსტრომაში ბრუნდება, გზად კი ჟურნალისტის დარჩენილ შეკითხვებს პასუხობს.
იზიარებს თუ არა რუსეთის პატრიარქის კირილის პოზიციას? იოანე პასუხობს, რომ კირილი თავის მოსაზრებებს გამოთქვამს, რაც მხოლოდ მისი პირადი პოზიციაა და ღმერთის სახელით ვერ ისაუბრებს. ამბობს, რომ ეკლესიაში იერარქია უფრო ადმინისტრაციული ხასიათისაა, მით უმეტეს, მართლმადიდებელ ეკლესიაში.
ამიტომ აუცილებელი არაა, რომ ეს იყოს ეკლესიის და მით უმეტეს ღვთის სიტყვა, თუმცა დასძენს, რომ თავად კირილის მოსაზრებებს არ ეთანხმება. „კარგია, რომ სისხლისღვრისკენ მაინც არ მოუწოდებს“, – ამბობს იოანე ბურდინი და მილიტარიზაციის წახალისება ეკლესიის მხრიდან მიუღებლად მიიჩნევს.
თუმცა, ამავდროულად, არ ეთანხმება არც იმ პოზიციას, რომ სასულიერო პირებმა ომზე საერთოდ არ უნდა ილაპარაკონ, ვინაიდან ეს მათი კომპეტენცია არაა და შეიძლება უფრო მეტად შეუწყონ ხელი შუღლის გაღვივებას. – მაშინ რატომ საუბრობენ მღვდლები ქორწინებაზე, შვილებზე, აბორტზე. ეს მორალური საკითხია, – ამბობს ბურდინი.
„მე არ ვსაუბრობ პოლიტიკაზე, არამედ სისხლისღვრაზე, რაც ნებისმიერ პოლიტიკურ ვითარებაში მიუღებელია. მე ვხელმძღვანელობ პრინციპით – „არა კაც კლა“. ეს პრინციპი განსაზღვრავს ჩვენს ცივილიზაციას.
და რაც ხდება ახლა, მის მიმართ შეკითხვები სწორედ მორალს ეხება. რა საჭიროა ბრძოლა? რატომ იბრძვის ხალხი, რომელიც თავს ქრისტიანს უწოდებს? ვერ ვიგებ, რატომ არ შეიძლება, სასულიერო პირმა ამაზე ისაუბროს“, – ამბობს იოანე ბურდინი.
იოანე ბურდინის პოზიცია რუსეთში გახმაურდა და როგორც ჟურნალისტი წერს, ბევრმა დაგმო იმ მოტივით, რომ ახლა ერთიანობის დროა, ის კი საზოგადოებას ყოფს. თუმცა მოძღვარი ამბობს, რომ ამასთან ერთად ბევრი მხარდამჭერი წერილიც მიიღო.
ის უკრაინაშია დაბადებული და ამბობს, ალბათ ამასაც გამოიყენებენ, რომ ჩემი პოზიცია ახსნანო, თუმცა, ბურდინის თქმით, მისთვის დაბადების ადგილს თუ ეროვნებას ახლა განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ღმერთის წინაშე ყველა ერთია.
თითოეული ადამიანი კი უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, თუ როგორ ექცევა სხვა ადამიანებს. „თუმცა ეს ისეთი მარტივი ჭეშმარიტებაა…“, – ამბობს იოანე ბურდინი და წუხილს გამოთქვამს, რომ ახლა ასეთი მარტივი ჭეშმარიტების ხმამაღლა გამოთქმაც კი გმირობად მიიჩნევა.
„დიახ, არის დრო, როცა უბრალო თანაგრძნობის გამოხატვაც უკვე გამბედაობად მიიჩნევა. ეს, უბრალოდ, საშინელებაა, რადგან მე ვერ ვხედავ ვერაფერ განსაკუთრებულს იმაში, რაც მაშინ ვთქვი“, – ამბობს იოანე ბურდინი კოსტრომისკენ მიმავალ გზაზე.
30 კილომეტრია გასავლელი, გაფუჭებული გზის საფარით და უამრავი ორმოთი, როგორც ჟურნალისტი წერს. გზის ბოლოს კი მოძღვარს ეგებებიან. ვიღაცას ისიც უფიქრია, რომ მღვდელი დაიჭირეს და გაუხარდა მისი დანახვა.
„მე არ ვფიქრობ, რომ რამენაირად გმირი ვარ, რომ ყველა დანარჩენი ლაჩარია და მე კი ასეთი მაგარი – ხმა ავიმაღლე. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, შეიძლება, სუსტიც. ვუშვებ შეცდომებს და შეიძლება მეც ვარჩიო დუმილი. რა თქმა უნდა, არ მინდოდა სასამართლოში მოხვედრა, ჯარიმა და მთელი ეს აჟიოტაჟი. და მაინც… იქნებ ეს ამბავიც ღმერთისგან ბოძებული შანსია, რომ ეს სიტყვები არამარტო ჩემს მრევლს მივაწვდინო“, – დასძენს მოძღვარი ინტერვიუს ბოლოს.
იოანე ბურდინი სასამართლომ ადმინისტრაციული სამართლის კოდექსით სამართალდამრღვევად ცნო და 35 ათასი რუბლით დააჯარიმა, რაც 1100 ლარზე მეტია. მის სამრევლო ვებგვერდზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ჯარიმის თანხა ბურდინისთვის უკვე შეგროვებულია.