საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა. ასოცირების საბჭოს სხდომა, შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ სასოლისთან, NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსა და ევროპარლამენტარებთან.
სამდღიანი ვიზიტის დანიშნულება ასოცირების საბჭოს სხდომა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ შეხვედრებით დატვირთული ვიზიტის მთავარ თემად პოლიტიკური კრიზისი იქცა.
თუმცა ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გავრცელებულმა ერთობლივმა პრესრელიზმა თუ ჯოზეფ ბორელისა და ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენციამ გააჩინა განცდა, თითქოს სამთავრობო დელეგაციამ პოლიტიკური კრიზისის საკითხზე თავისი პოზიციების განმტკიცება შეძლო.
ბრიუსელში სამართლიანად და თავისუფლად შეაფასეს საპარლამენტო არჩევნები, თითქმის არ უხსენებიათ პოლიტიკური მართლმსაჯულება და 23 თებერვალს ნიკა მელიას დაკავება.
„ღია საზოგადოების ფონდის“ ევროპასთან ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. მისი თქმით, ბრიუსელში გაჟღერებულ პოზიციებსა თუ ასოცირების საბჭოს პრესრელიზის ტექსტის ამგვარ ფორმულირებას თავისი საფუძვლები ჰქონდა.
რას ამბობს ასოცირების საბჭოს შემდეგ გავრცელებული ერთობლივი პრესრელიზი?
„ერთ რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ეს არის ერთობლივი დოკუმენტი. შეიძლება სხვა პრესრელიზებთან შედარებით ბევრად მოცულობითიც იყოს, მაგრამ იმის გამო, რომ მას ორივე მხარე დასთანხმდეს და ეს ერთობლიობის არსი არ დაიკარგოს, გამოდის ძალიან დაბალანსებული დოკუმენტი“, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე „პუბლიკასთან“.
თანაც, ვანო ჩხიკვაძის თქმით, თავად ასოცირების საბჭოს შემდეგ გამოქვეყნებული დოკუმენტი, როგორც წესი, უფრო მეტად აფასებს საქართველოს მიღწევებს და ნაკლებად უსვამს ხოლმე ხაზს იმ საკითხებს, რაზეც ევროკომისიისგან ან ევროპარლამენტის მხრიდან ვიღებთ კრიტიკას.
„აქ უფრო მეტად საუბარია მიღწევებზე. განსაკუთრებით, შრომის ინსპექციასა და უსაფრთხოების საკითხზე ან, თუნდაც, იმ სარგებელზე, რაც საქართველოს მოსახლეობამ მიიღო ვიზალიბერალიზაციიდან. ნათქვამია ისიც, რომ საქართველომ გადადგა ქმედითი ნაბიჯები ევროპაში თავშესაფრის უსაფუძვლოდ მაძიებელთა რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით“, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.
ამიტომ, მისი თქმით, არაა გასაკვირი, რომ ნაკლებადაა საუბარი იმ სირთულეებსა და გამოწვევებზე, რაც საქართველოს წინაშეა. ჩხიკვაძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ, თავისი არსიდან გამომდინარე, არც უნდა გვქონოდა სხვაგვარი მოლოდინი.
მოლოდინი, რომ დოკუმენტი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს აყენებს თანაბარ დონეზე, რაიმე სახით კრიტიკული იქნებოდა და მასში შევიდოდა ის საკითხები, რომლებზეც ყურადღება მახვილდება ხოლმე სხვა დროს ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან.
„ამიტომაცაა კრიტიკულ საკითხებზე ნაკლები აქცენტი. იქნება ეს მედიის დამოუკიდებლობა, პოლიტიკური პლურალიზმი, მართლმსაჯულების სისტემა და სხვ.
ჩვენ თუ შევადარებთ მას სხვა დოკუმენტებს, მაგალითად, ევროკომისიის შეფასებას, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ გამოქვეყნდა ასოცირების ხელშეკრულებაზე, ის უფრო მეტად დეტალურია და უფრო მეტად გვხვდება კრიტიკა იმავე მართლმსაჯულებისა და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით.
ხოლო თუ შევადარებთ ევროპარლამენტის შეფასებას, ევროპარლამენტი კიდევ უფრო მეტად გამოირჩევა თავისი კრიტიკულობით“, – ამბობს „პუბლიკასთან“ ვანო ჩხიკვაძე.
ასევე, მისი თქმით, ევროკავშირი მუდმივად გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გასაკვირი არ არის, რომ ტექსტში ნახსენები იყო ოკუპაციის თემა.
„ტერიტორიული მთლიანობის ხაზგასმა ყოველთვის არის ხოლმე, თუმცა აქ ნახსენებია ის ნაბიჯებიც, რაც საქართველომ გადადგა ნდობის აღდგენის კუთხით. ასევე, აქცენტია გაკეთებული იმ მძიმე სოციალურ ფონზე, რაც ოკუპირებულ რეგიონებშია. ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ სარკოზის 2008 წელს მიღებულ 6-პუნქტიან გეგმას რუსეთის მხარე არ ასრულებს.
ნათქვამია ისიც, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აქვს მანდატი, ეზღუდება ფუნქციონირება და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შეუძლია გადაადგილება“, – დასძენს ვანო ჩხიკვაძე.
ჯოზეფ ბორელი და შარლ მიშელი – აქცენტები ბრიუსელში შეხვედრებიდან
რაც შეეხება ზოგად ვითარებას ბრიუსელში, ასოცირების საბჭოს პრესრელიზის გარდა, მისი თქმით, ცხადი იყო, რომ შეხვედრებს ლაიტმოტივად გაჰყვებოდა ის კრიზისი, რომელიც საქართველოშია და, ამ მხრივ, ბევრი ახალი რამ არ თქმულა.
ვანო ჩხიკვაძის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი და ნიშანი, რომ ევროკავშირი პოლიტიკურ კრიზისს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, მიშელთან შეხვედრების სერია იყო.
„აქ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ის, რომ ევროკავშირი ცდილობს, რაიმე კონსენსუსამდე მივიდეს, არამედ, ისიც, რომ ამ მოლაპარაკების პროცესში დგას თავად მიშელის რეპუტაცია. ის ამ თავისი რეპუტაციით არის შემოსული.
გარდა იმისა, რომ, ზოგადად, საქართველო არის ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი, ეს მისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკოსისთვის, რომ აქ რაღაც კონსენსუსამდე მივიდნენ. დღესაც ეს მოლაპარაკებები რომ გრძელდება, გარკვეულწილად, ამის გამოა, რომ ევროკავშირი ცდილობს, ყველა რესურსი გამოიყენოს.
მე არ მახსენდება, რომ ასოცირების საბჭოს ადრინდელი სხდომების პარალელურად მსგავსი შეხვედრები ჩატარებულიყო, როგორიც იყო ღარიბაშვილისა და მიშელის შეხვედრა. ნიშანდობლივია, რომ ერთსა და იმავე პიროვნებას პრემიერ-მინისტრი სამჯერ შეხვდა ერთი ვიზიტის ფარგლებში.
ეს მიანიშნებს, რამდენად მნიშვნელოვანია თავად მიშელისთვის (უშუალოდ პიროვნულ დონეზეც) აქ კრიზისის გადაჭრა. ევროკავშირთან პარტნიორობის გარდა, აქ უკვე დგება თავად შარლ მიშელის რეპუტაციის საკითხიც“, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე „პუბლიკასთან“.
ბრიუსელში ქართული დელეგაციის ვიზიტისას თბილისში ერთ-ერთ განსახილველ საკითხად იქცა ჯოზეფ ბორელის პოზიციაც. „ჩემი გადასაწყვეტი არ არის, დაინიშნება თუ არა საქართველოში არჩევნები“, – ასე უპასუხა ერთ-ერთ შეკითხვას ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბორელმა და დასძინა, რომ ეუთომ არჩევნები კონკურენტულად შეაფასა.
ასევე, თავის სიტყვაში ბორელმა პრემიერს მიმართა, რომ მთავრობას აკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კრიზისის გადაჭრაში, ოპოზიციას კი საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდა.
ამ კომენტარების შემდეგ ოპოზიციის მხარდამჭერებმა ჯოზეფ ბორელი გააკრიტიკეს და ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ პროსახელისუფლებო პოზიციისკენ გადახრაში დაადანაშაულეს.
თუმცა, ვანო ჩხიკვაძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ჯოზეფ ბორელს, სავარაუდოდ, მხოლოდ „ქართული ოცნებისგან“ არ ექნებოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ამასთან, სიტვით გამოსვლისას, როგორც გამოცდილი დიპლომატი, ის ანგარიშს უწევდა პრემიერთან ერთობლივი პრესკონფერენციის არსს და პრესრელიზის ტექსტის მსგავსად მისი პოზიციაც დაბალანსებული იყო.
თანაც, ვანო ჩხიკვაძის თქმით, ბრიუსელში შეხვედრებს წინ უძღოდა ODIHR-სა და IRI-ის ანგარიშები. ბრიუსელშიც ამ ანგარიშების ძირითადი შეფასება გაიმეორეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ძირითადი თავისუფლებები დაცული. შესაბამისად, ჩხიკვაძის თქმით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ბრიუსელში არჩევნები მომავალში წამყვანი თემა იყოს.
„რაც შეეხება იმას, რომ ევროკავშირის მხრიდან თითქოს არჩევნებზე მეტად თუ არა არანაკლებ კეთდება აქცენტები სხვა საკითხებზეც, მე ვიტყოდი, რომ, მაგალითად, მართლმსაჯულების რეფორმა არანაკლებ მნიშვნელოვანი თემაა.
თუ ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს ნორმალური ქვეყანა, მართლმსაჯულების სისტემა ამისი ქვაკუთხედი და საფუძველია“, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.
ის ფიქრობს, რომ დასრულდება თუ არა წარმატებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება, ევროკავშირი თბილისში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას გააგრძელებს. ამიტომ, უსაფუძვლოა იმაზე ფიქრიც, რომ თუკი ხელისუფლება მართლმსაჯულებისა თუ საარჩევნო სისტემის რეფორმას დასთანხმდება, შეთანხმების შემდეგ შეძლებს მარტივად შეიცვალოს პოზიცია და რეფორმები აღარ გაატაროს.
„არა მარტო ევროკავშირი, მთლიანად საერთაშორისო საზოგადოება, ვფიქრობ, აქტიურად მიადევნებს თვალს შეთანხმების შესრულებას და ამ შეთანხმების შესრულების შესახებ არასამთავრობო სექტორისა თუ მედიის გამოხმაურებას.
დანარჩენს დრო გვაჩვენებს. აქ არ მთავრდება ევროკავშირის შეფასებები. ეს გრძელდება და ევროკავშირიც გააგრძელებს მონიტორინგს. იმის თქმა, რომ ამ შეხვედრებით მორჩა და ეს იყო ჩვენი განაჩენი, არ მგონია სწორი“, – დასძენს ვანო ჩხიკვაძე.