ავტოსტოპით მოგზაური ქალები ► ფემინსტრიმი

პუბლიკა

პროექტს „ფემინსტრიმი” ქალთა ფონდი საქართველოში და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი წარმოგიდგენთ.

მოუსმინეთ ნინი ხუროშვილის პოდკასტს:

საინტერესოა, რატომ ვიწყებთ მარტო მოგზაურობას, რა მოლოდინები გვაქვს და რა გზებით ვიღებთ სხვადასხვა გამოცდილებას. სანამ მარტო მოგზაურობას დაიწყებ, ბუნებრივია, გაქვს შიში ან მღელვარება მოსალოდნელი თავგადასავლების მიმართ, ეს შეიძლება იყოს, როგორც ახალი ადგილების ნახვით მიღებული შთაბეჭდილებები, ასევე შემთხვევითი სოციალური ურთიერთობები.

ამ პოდკასტში ავტოსტოპერი ქალების ისტორიებსა და გამოცდილებაზე მოგიყვებით, რათა პერსონალურ დაკვირვებებსა და მაგალითებზე დაყრდნობით შევძლოთ დავინახოთ ის სიკეთეები თუ სიძნელეები, რაც გზაზე მდგომ ქალს ხვდება. პოდკასტი ეყრდნობა სამი ქალის ავტოსტოპით მარტო მოგზაურობის ისტორიებსა და გამოცდილებებს.

ავტოსტოპით მოგზაურობა შეიძლება მოგერიდოს, გეუხერხულოს, შეგეშინდეს, დაგეზაროს, გაგიხარდეს და ა.შ. ტექნიკურად რომ შევხედოთ, ეს არის მოგზაურობის ან უბრალოდ გადაადგილების მარტივი საშუალება, როცა შენი მიმართულებით მომავალ მანქანას აჩერებ და დაემგზავრები. ავტოსტოპის მთავარი ხიბლი არის ახალი სოციალური და კულტურული ურთიერთობების განცდა, ეკოლოგიურად გადაადგილება და ფინანსების ეკონომია.

ავტოსტოპით მოგზაურობისას, გენდერი შენი ჰორიზონტზე დანახვისთანავე აქტიურდება და შეიძლება განაპირობოს შენი მოგზაურობის მარშრუტი, სიჩქარე, დრო, სასაუბრო თემები და ა.შ. შენდამი, როგორც ქალისადმი დიდი ინტერესი, უამრავი კითხვა, გაკვირვება თუ განსჯა სხვადასხვა დოზით ყველა გეოგრაფიულ არეალში შეიძლება გაჩნდეს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ქალ ავტოსტოპერებს ბევრად უფრო „უმართლებთ” ვიდრე კაცებს. ერთ-ერთი მოგზაურის თქმით, ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ქალის საზოგადო სახე-ხატთან. მაგალითად ის, რომ ქალი უსაფრთხო, სანდო, ლმობიერი და მშვიდია, და მისი დამგზავრება მძღოლს პრობლემებს არ შეუქმნის.

გენდერული როლის გარშემო არსებობს წარმოდგენები და მოლოდინები, რომელთა გამართლებასაც საზოგადოება მუდმივად ელის ჩვენგან. ერთ-ერთი რესპონდენტი გვიყვება ქალების მიმართ არსებული მოლოდინების წნეხსა და სირთულეებზე: „მანქანაში როცა ვჯდები ვცდილობ ვიყო ნეიტრალური, გენდერისგან თავისუფალი ადამიანი და სხვასაც ვესაუბრები არაგენდერული ნიშნით, მაგრამ ხანდახან არ გამომდის და მეც ვერთვები, ან ვპასუხობ იმ მოლოდინებს, რომლებიც არსებობს ქალის პერფორმატიული როლის მიმართ“.

ავტოსტოპზე ყველანაირი პროფესიის, იდეოლოგიისა თუ შეხედულებების ადამიანი შეიძლება შეგხვდეს და აცნობიერებ, რომ ეს ადამიანები არ არიან სხვები, განყენებულად სადმე ზემოთ ან ქვემოთ არსებული ინდივიდები. პიროვნული ურთიერთობების დამყარება გიღრმავებს მიმღებლობას სხვადასხვა კულტურისა თუ შეხედულებებისადმი.

ზოგჯერ შემთხვევით შემხვედრ სხვა კულტურის, რელიგიისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანებთან იმდენი საერთო შეიძლება აღმოაჩინო, რამდენიც საკუთარი ოჯახის წევრებთან არ გაქვს.

სხვადასხვა ქვეყანაში ავტოსტოპით მოგზაურობის გამოცდილება შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. ეს დამოკიდებულია, როგორც მოგზაურის გამოცდილებასა და  ენის ცოდნაზე, ასევე გეოგრაფიულ მდებარეობასა და ადგილობრივ წეს-ჩვეულებებზე. გამოცდილებებზე დაყრდნობით, აღმოსავლეთის ქვეყნებში შენ, როგორც სოლო მოგზაურ ქალს, საფრთხის მოლოდინი შეიძლება მძაფრად გქონდეს, როდესაც, მაგალითად, დასავლეთ ევროპაში თავს შეიძლება დაცულად გრძნობდე, მაგრამ შენ თვითონ აღიქმებოდე საფრთხედ მძღოლებისთვის. გარეგნობას, კანის ფერსა და ჩაცმულობასაც უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება დასავლეთ ევროპაში და ხშირად შეიძლება წააწყდე ადგილობრივების ეგზოტიკურ და კოლონიალისტურ დამოკიდებულებას შენდამი, როგორც ეკონომიკურად დაბალგანვითარებადი ქვეყნიდან მომავალი მოგზაურისადმი. შესაბამისად, ავტოსტოპზე დაგროვილი სოციალური ურთიერთობებიც თითქოს მხოლოდ თავაზიანობაზე, პოლიტკორქტულობასა და პასუხისმგებლობაზეა აწყობილი.

საინტერესოა, როგორ აღიქმება მარტო მოგზაური ქალი მაგალითად, ირანში. როგორც რესპონდენტები აღნიშნავენ, აქ პირველ რიგში სტუმარი ხარ და შემდეგ ქალი. ერთ-ერთი რესპონდენტი, რომელიც ირანში სამი თვის განმავლობაში მარტო მოგზაურობდა, აღნიშნავს, რომ ირანი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ავტოსტოპერებისათვის.

„აჩერებენ იმიტომ, რომ უბრალოდ აინტერესებთ ინფორმაცია: ვინ ხარ, საიდან ხარ, რატომ ჩამოხვედი და სად მიდიხარ. ურთიერთობებიც, შეიძლება წმინდად სოციალურ სახეს ატარებდეს და შენდამი, როგორც უცხოელი ქალი მოგზაურისადმი გულწრფელი ნდობა გაჩნდეს, რადგან შენგან ნაკლებად ელიან განსჯასა და კრიტიკას.”

როგორც ირანში ასევე საქართველოში ხშირია ქალის უარის არასერიოზულად აღქმა. საზოგადოებაში იმდენად დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ ქალის „არა“ მორიდებულობის ან თავის დაფასების ნიშნანია, რომ რატომღაც 20 წუთის წინ გაცნობილი მძღოლი მიიჩნევს, რომ უკეთ იცის შენ რა გინდა და უარის მიუხედავად ინტენსიურად გარწმუნებს თავის შემოთავაზებაში.

საინტერესოა, რამდენად განიცდიან ქალები სექსუალურ შევიწროებას ავტოსტოპის დროს, განსხვავდება თუ არა ამ კუთხით ქალი და კაცი მოგზაურების გამოცდილება. აღნიშნულ თემებზე საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს ერთ-ერთი რესპონდენტი:

„სექსუალური ხასიათის ფსიქოლოგიური და ფიზიკური შევიწროება არცთუ ისე იშვიათად გადამხდენია და თავდაპირველად მეგონა ეს პერსონალურად ჩემსკენ იყო მომართული. მერე მივხვდი, რომ ეს მხოლოდ მე არ მეხება და ყველა ქალი, რომელიც გზაზე დგას, იქნება ეს მაკა, ლაურა თუ ირინა, შეიძლება გახდეს შევიწროების მსხვერპლი. ასეთია მოცემულობა და საზოგადოება. ის მიდგომა, რომელიც კაცებს აქვთ გზაზე მდგომი ქალისადმი არის ძირითადად ერთნაირი და არ არის პიროვნულად ჩემზე მომართული”.

როგორც აქამდე აღვნიშნეთ კაცებისთვის ავტოსტოპი შეიძლება უფრო რთული და ხანგრძლივი იყოს, მაგრამ როცა კაცი ჯდება უცხო მანქანაში სექსუალური შევიწროების საფრთხეს თითქმის არ გრძნობს, ქალს კი ამის შიში, გარკვეული დოზით, ყოველთვის აქვს. რის გამოც შეიძლება მუდმივი სტრესი ჰქონდეს მგზავრობისას, თუ ვინ, რას, როგორ გაიგებს, ან რა რეაქცია ექნება, რამაც ქალის თავისუფალი თვითგამოხატვა შეიძლება დათრგუნოს და პოზიციების დათმობისკენ უბიძგოს.

რესპონდენტები ჰყვებიან, რომ უცხო ადამიანის მანქანაში ფრთხილად არიან თავიანთი აზრების გამოხატვის დროს. „ხშირად წამოიჭრება ხოლმე ისეთი საკამათო თემები როგორიცაა სექსუალობა, ორიენტაცია, ლგბტქ თემის საკითხები, პოლიტიკა და რელიგია. ამ შემთხვევაში, ვცდილობ პირდაპირ არ ვაჯახო ჩემი პოზიცია, როცა არ ვიცი რა გამოცდილება აქვს უცხო ადამიანს. მნიშვნელოვანია დიალოგის ფორმა, თუ ეკამათები და მუდმივ მტკიცების პროცესში ხარ, ეს აუცილებლად გამოიწვევს აგრესიას, მაგრამ თუ მშვიდად ხარ, მოუსმენ ადამიანს და შენს აზრს გაწონასწორებულად გამოხატავ, სავარუდოდ, არ დაგეთანხმება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს კონფლიქტსაც არ გამოიწვევს”. 

როგორც ერთ-ერთი მოგზაური გვიყვება, ხშირად იგრძნობა მძღოლის უპირატესობა ახლად წამოწყებულ სოციალურ ურთიერთობებში, რამაც შეიძლება ინდეფერენტულ პოზიციაში ჩაგაგდოს, აღარ შეხვიდე პოლემიკაში, და უბრალოდ გადაიქცე თანხმლებ მსმენელად.

ქალი მოგზაურების დაკვირვებებით არსებობს შეკითხვები და სასაუბრო თემები, რომლებიც გენდერული ნიშნიდან გამომდინარეობს და რამაც ხშირ შემთხვევაში შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენოს. „მარტო იმიტომ რომ ქალი ვარ, მისვამენ ინტიმურ ან პირადულ შეკითხვებს მაგალითად,  რამდენი პარტნიორი მყავდა, ქალიშვილი ვარ თუ არა, შეყვარებული თუ მყავს, და სხვა. არამგონია, რომ კაცს იგივე შეკითხვები დაუსვან. ანუ რაღაცნაირად ამოწმებენ ჩემს ხელმისაწვდომობას. თუ გულწრფელი ვარ და თავისუფლად ვსაუბრობ ინტიმურ საკითხებზე, ასკვნიან რომ ადვილად ხელმისაწვდომი, ყველაფერზე წამსვლელი ვარ და მერე უკვე სექსუალური ხასიათის შეთავაზებებს მიკეთებენ, ზოგი უფრო აგრესიულად და ზოგი ნაკლებად. მეტწილად უფრო ხშირია ვერბალური დისკომფორტისა და უხერხულობის შექმნა ინტიმური შეკითხვებით”.

გამოცდილების დაგროვებასთან ერთად ხვდები რომელ მანქანაში უნდა ჩაჯდე და რომელში – არა. მძღოლის საუბრით, გამომეტყველებით, მანქანაში არსებული გარემოთი, შეიძლება მიხვდე თუ სად მოათავსო ეს ადამიანი შენი უსაფრთხოების შკალაზე. ყოველ ავტოსტოპერ ქალს, ალბათ, თავისი სტრატეგია და ხერხები აქვს, თუ როგორ შეინარჩუნოს უსაფრთხო დისტანცია, რაც ძალისხმევასა და ყურადღებას მოითხოვს. ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით, მძღოლის გვერდით დაჯდომა ნდობის გამოხატულებაა, „ამით აგრძნობინებ რომ არ მოელი მისგან შეურაცხყოფას ან შევიწროებას რაც სტრატეგიულად, ხშირად მუშაობს”.

ასევე, ძალიან საინტერესოა კაცის გენდერული როლის თამაშზე დაკვირვება. ხშირად შეიძლება თავმომწონე კაცების კამპანიაში მოხვდე, რომლებიც ღრმად არიან შეჭრილები თავიანთ მასკულინურ როლში და თავი როგორ წარმოაჩინონ აღარ იციან. როდესაც თანასწორ საუბარს იწყებ, გამოხატულებაში და სხეულის ენაშიც თავისუფალი ხარ, განწყობები იცვლება და საბოლოოდ ხედავ უბრალოდ ადამიანებს, რომლებიც არიან ფერმერები, იურისტები თუ სპორტსმენები, ვინც იყვნენ იქამდე, სანამ მანქანაში ჩაჯდებოდი.

ერთ-ერთი მოგზაური გვიზიარებს თავის გამოცდილებას, როდესაც მძღოლი ძალიან მეგობრულია და ფიზიკურადაც შეიძლება შეგეხოს: “ერთი მხრივ, ვერ ვგრძნობ საფრთხეს, მეორე მხრივ კი, ვერ ვხვდები რა ინტერპრეტაცია გავუკეთო ამ შეხებას. შეიძლება ეს მეგობრული ჟესტი იყოს და არ მინდა უხეში ვიყო ამ ადამიანისადმი. ალბათ ქვეცნობიერად ე.წ. ისტერიკის მოწყობის თუ „სცენების დადგმის“ შიში მაქვს. რესპონდენტის ციტატაზე დაყრდნობით, ქალები ხშირად შეიძლება დააბნიოს თანამგზავრი კაცის მეგობრულმა და კეთილგანწყობილმა დამოკიდებულებამ. ამაზე ხმის ამოღებამ შეიძლება კრიტიკა და დაცინვა გამოიწვიოს, რის გამოც შეიძლება ეჭვი შეიტანო შენს ინტუიციასა და შეგრძნებებში. კლარისა პინკოლა ესტეს წიგნში: „მგლებთან ერთად მორბენალი ქალი“ საინტერესო მითოლოგიურ მაგალითებს ვკითხულობთ, რომლებიც ნათლად გვანახებს თუ რამდენად შორს ვართ დღევანდელ, ყოველდღიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბუნებრივი, ინტუიციური ფსიქიკის პრაქტიკებისგან, და რამხელა შინაგან ძალას ვთრგუნავთ და უგუვებელვყოფთ.

რომ შევაჯამოთ, ავტოსტოპით მარტო მოგზაურობა საკუთარ თავსა და სხვებზე დაკვირვების დაუგეგმავი, დაუსრულებელი და ხანდახან დამღლელი პროცესიცაა. სხვადასხვა ადამიანებთან შეხვედრით საშუალება გეძლევა საკუთრი თავი მრავალმხრივ გამოსცადო, უკეთ გაიცნო და ახლიდან აღმოაჩინო.

გამოცდილების მატებასთან ერთად ავტოსტოპი უკვე ბუნებრივი და ჩვეულებვრივი პროცესი ხდება და ხშირ შემთხვევაში, კარგი საშუალებაა ადამიანებთან ურთიერთობების დასამყარებლად. როგორც ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს „სხვადასხვა ქვეყანაში ავტოსტოპით მოგზაურობის გამოცდილება, საბოლოოდ ერთიანობის შეგრძნებას მიჩენს და აღარ მაქვს იმის აუცილებელი მოთხოვნილება, რომ მხოლოდ ჩემი ოჯახის, სოფლის ან ჩემი ქვეყნის წარმომადგენელს ვენდო”.

ქალების, მარტო ავტოსტოპით მოგზაურობის ისტორიებზე დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ მანქანაში, ისევე როგორც სხვა ყველგან, სოციალურ ურთიერთობებში დიდი მოლოდინები არსებობს ჩვენი გენდერული ნიშნიდან გამომდინარე და ფაქტია, რომ რაღაც დოზით ამას ყველა გრძნობს და განიცდის.