ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც 11-21 თებერვალს უნდა გამართულიყო, გაუქმდა.
მოხდა ის, რაც ბერლინის კინოფესტივალის დირექციისა და ორგანიზატორების დიდი მონდომების მიუხედავად, მაინც მოსალოდნელი იყო: 71-ე კინოფესტივალის დაწყებამდე სამი კვირით ადრე, 20 იანვარს პრესკონფერენციაზე გამოაცხადეს, რომ ფესტივალი დაგეგმილი ფორმატით აღარ გაიმართება.
ბერლინის კინოფესტივალისთვის გასული 2020 წელი ერთგვარად განახლებისა და ეგზისტენციური ცვლილებების საწყის წერტილად უნდა ქცეულიყო. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქალაქი საიუბილეო, 70-ე ფესტივალისთვის საგანგებოდ მოემზადა, არამედ თავად ფესტივალის დირექციის ცვლილების გამოც. ახალი სამხატვრო ხელმძღვანელების – კარლო შატრიანისა (იტალია) და მარიეტა რისენბეკისთვის (ჰოლანდია) ეს ერთგვარი ტესტი აღმოჩნდა. შეძლებდენ თუ არა ისინი ერთ-ერთი უძველესი და აღიარებული ფესტივალის, ცოტა არ იყოს, შელახული იმიჯის აღდგენას და ახალი იდეებისა თუ კონცეფციის რეალიზებას.
სამწუხაროდ, მათი დებიუტი არც ისე იღბლიანი გამოდგა. საფესტივალო ნევროზებმა (კორონავირუსის დადასტურება ევროპაში, ახლებური მენეჯმენტი, ჭრელი და ცოტა არ იყოს „აჭრილი“ საკონკურსო პროგრამა), მაინც მოახდინა გავლენა ორგანიზაციასა და ხარისხზე, თუმცა საიუბილეო ფესტივალი მაინც მშვიდობიანად ჩაამთავრეს.
რაც შეეხება 2021 წელს, კარლო ჩატრიანისა და მარიეტა რისენბეკის დუეტი დიდი ხნის განმავლობაში მაინც იცავდა „ფიზიკური ფესტივალის“ გამართვის გეგმას, თუმცა, როდესაც ფესტივალის მუდმივმა მხარდამჭერმა ჟურნალმა Variety-მ გამოაქვეყნა დეტალები ფესტივალის ალტერნატიული სცენარის შესახებ (ჯერ კიდევ შობამდე ცოტა ხნით ადრე), სხვა გამოსავალი აღარ დარჩა: ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც დაგეგმილი იყო 11-21 თებერვალს, ორგანიზატორებმა გაუქმებულად გამოაცხადეს.
მით უმეტეს, რომ დროში ეს დაემთხვა ვაქცინაციის პრობლემას და ახალი ვირუსული მუტაციების არსებობას გერმანიაში.
ამასობაში დადგინდა, თუ როგორი უნდა იყოს ბერლინალე 2021-ის ორსაფეხურიანი მოდელი: ევროპული კინოს ბაზრობა (EFM) მხოლოდ ციფრულ ფორმატში იმუშავებს 1-5 მარტს, ივნისში კი გაიმართება ამ ბაზრობაზე წარმოდგენილი ფილმების საჯარო ჩვენება. მაგრამ რა რაოდენობის მაყურებლისთვის და რომელ დარბაზებში, ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ეს ნიშნავს, რომ ფესტივალი მაინც ცდილობს, თავისი მიზნები ონლაინღონისძიების გარეშეც შეასრულოს, თუნდაც თებერვლის დასაწყისში როტერდამში ჩატარებული ცნობილი კინოფესტივალისგან განსხვავებით, რომელიც წელს მხოლოდ ციფრულ ფორმატში გაიმართა.
2001 წლიდან 2019 წლამდე, როდესაც ფესტივალს დიტერ კოსლიკი ხელმძღვანელობდა, ბერლინალე სტაბილურად გაფართოვდა არა მხოლოდ ჰოლივუდის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ხარჯზე. კარლო შატრიანისა და მარიეტა რისენბეკის მმართველობის პირველსავე წელს, მთავარი საკონკურსო პროგრამის გარდა, დაარსდა პლატფორმა „შეხვედრები“, „სხვა განყოფილება“ და ასევე საგამოფენო ღონისძიებები (უკვე არსებული ევროპული კინობაზრის, „ბერლინალეს ახალგაზრდა ტალანტების“ შეხვედრისა და სხვადასხვა რეტროსპექტივის გარდა).
გასულ წელს ფესტივალს 300 000-მდე ვიზიტორი ჰყავდა, რაც თავად ქალაქის გაზრდილ ტურისტულ ინდუსტრიაზეც აისახა. დღევანდელი გარემოებები უფრო მეტად გვაიძულებს, დავფიქრდეთ ბერლინის კინოფესტივალის გაზრდილ მასშტაბსა და საერთაშორისო გავლენაზე. კოვიდისა და მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის გამო, ორგანიზატორებსა და კინოინდუსტრიის წარმომადგენელთა შორის მაინც პესიმიზმი იგრძნობა.
ბევრი სტუმარი მოგზაურობის სირთულეებისა და პანდემიის სტატუსის გათვალისწინებით, გერმანიაში ვერც ჩავა, ხოლო კინოთეატრები მინიმუმ თებერვლის ბოლომდე დაკეტილია. გარდა ამისა, ქვეყანამ შემოიღო უფრო მკაცრი შეზღუდვები კორონავირუსის გამო. ამდენად, დირექციის გადაწყვეტილება, 2021 წელს ბერლინალეს მარტსა და ივნისში გადანაწილების შესახებ, მაინც ნაკლებ საიმედოდ გამოიყურება.
არახელსაყრელი ზამთრის სეზონის მიუხედავად (ბერლინის კინოფესტივალი ყოველი წლის თებერვალში იმართება), ქალაქის ცენტრალური ნაწილი ყოველთვის ცოცხლად და საზეიმოდ გამოიყურება. შედარებისთვის, კანსა და ვენეციაში ფესტივალებს გაცილებით ხელსაყრელ კლიმატურ სეზონებზე მართავენ, თუმცა მათ ზღვისპირა ქალაქის პატარა სეგმენტი და უბნები უჭირავთ და ფილმებს მაყურებელთა ძალიან შეზღუდული რაოდენობა ესწრება. ბერლინში კი ურბანული მასშტაბი, განწყობა და კინოს მოყვარულებთან მჭიდრო კავშირი აშკარად იგრძნობა.
კოვიდპანდემიის გამო ბერლინალემ ეს ინდუსტრიულ-ტურისტული უპირატესობა დაკარგა და ორგანიზატორებს მოუწევთ ფიქრი, როგორ დაიგეგმოს მომავლში ფესტივალი ისე, რომ ევროპული კინობაზარი არ დაზარალდეს. იგივე შეიძლება ითქვას მაყურებლის, პროდიუსერების, მარკეტინგისა და დისტრიბუტორების მიმართაც. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ყოველთვის ონლაინრეჟიმში ვერ იარსებებს. მთავარია, რა მიდგომა და კონცეფცია ექნება ბერლინის კინოფესტივალს პოსტპანდემიის შემდეგ?!