ბერლინალე ახალი პოლიტიკური კონიუნქტურის პირისპირ

დავით ბუხრიკიძე

12 თებერვალს იწყება ბერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის საკონკურსო პროგრამაში 22 ფილმიაოცი მხატვრული, ერთი დოკუმენტური და ერთიც – ანიმაციური.

ფესტივალი გაიხსნება 36 წლის ავღანელი ქალი რეჟისორის, შარბანუ სადატის ფილმითარც ერთი კარგი კაცი”. აღსანიშნავია, რომ ეს მისი მესამე სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელშიც თალიბანის აღზევებისა და ქვეყნის გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებული პოლიტიკურ პროცესები პირად ისტორიასთან და სევდანარევ იუმორთანაა გაზავებული.

„არცერთი კარგი კაცი”

ფილმის მთავარი გმირი (ამ როლს თავად რეჟისორი ასრულებს) ქაბულის ტელევიზიაში მომუშავე ერთადერთი ქალი ოპერატორია, რომელიც აშკარად სკეპტიკურად არის განწყობილი მამაკაცების მიმართ. რატომღაც დარწმუნებულია, რომ ავღანეთში კარგი კაცები უბრალოდ არ არიან. თუმცა, ერთერთ რეპორტიორთან რამდენიმე დღიანი გადაღების შემდეგ, მასში ვნება და რომანტიზმი ერთდროულად იღვიძებს

როდესაც ორი წლის წინ,  2024 წელს, ბერლინის საერთაშორისო კონოფესტივალის დირექტორად ტრიშა ტატლი დაინიშნა, მაშინვე გამოიკვეთა მისი სიმპატიები ახალგაზრდა თაობის, უცნობი რეჟისორებისა და ალტერნატიული კინოს მიმართ.

ტრიშა ტატლი და მისი საფესტივალო გუნდი შეეცადა ბერლინის კინოფესტივალს უფრო ცოცხალი, საქმიანი და ახალგაზრდული იერი შესძინოს და ვარსკვლავების მიზიდვის  ტრადიციაზე უარი თქვას. ფესტივალის დირექტორის ამ მცდელობას კინოკრიტიკოსებმა, რომლებიც ფესტივალის დინამიკას და პროცესს აკვირდებიან, ირონიულადაკვარიუმში თევზის შეცვლაუწოდეს.

ბერლინალეს წლევანდელი პროგრამის დასრულების შემდეგ, თვისობრივი, მხატვრული და სოციალური ანალიზი გამოავლენს, რამდენად სწორი და კონცეპტუალურია ამგვარი მიდგომა. თუმცა, A კლასის სხვა ფესტივალებთან ინტენსიური კონკურენციის ფონზე (კანი, ვენეცია, სანსებასტიანი, ლოკარნო), ერთ დროს პოლიტიკურად მღელვარე ბერლინალე აშკარად ახალი პოლიტკორექტული კონიუნქტურის წინაშე აღმოჩნდაახალბედა და უცნობი რეჟისორების ფილმები თუ უკვე გაკვალული გზებით დამკვიდრებული რეჟისორები და კინოვარსკვლავები?!

მთავარი კონკურსო პროგრამის, 19 სპეციალური ჩვენების, “პანორამასადაფორუმისვრცელი პროგრამის გარდა, ბერლინალე მაყურებელს და კრიტიკოსებს სთავაზობს ახალ სექციას – „პერსპექტივები“, რომელიც მოიცავს შედარებით უცნობი და ახალგაზრდა კინორეჟისორების ფილმებს.

წელს ბერლინალეს საკონკურსო პროგრამაში ძირითადად, უცნობი რეჟისორების ფილმებია წარმოდგენილი. მხოლოდ რამდენიმე ცნობილი გვარი შეიძლება დავასახელოთ: გერმანული კინოს ვეტერანი, ანგელა შანელეკი („ჩემი ცოლი ტირის), ახალგაზრდა უნგრელი რეჟისორი კორნელ მუნდრუცო („ზღვის პირას“) და ბრაზილიელი რეჟისორი კარიმ აინუზი („ვარდის ბუჩქების გასხვლა“). ამ უკანასკნელ ფილმში მთავარ როლებს ასრულებენელ ფენინგი, რაილი კეოუ, კალუმ ტერნერი და პამელა ანდერსონი.

ასევე შეიძლება დავამატოთ ფსიქოლოგიური ტრილერიჟოზეფინა“, რომლის რეჟისორიც ბეთ დე არაუჟოა და მთავარ როლებს ჩენინგ ტატუმი და გემა ჩანი ასრულებენ.

სიმართლე ითქვას, ყველაზე დიდ ინტერესს არასაკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი ფილმი – „სისხლიანი გრაფინიაიწვევს. ეს არის უნგრელი არისტოკრატი ქალის, ელიზაბეტ ბატორის ამბავი, რომელიც თავის სასახლეში ქალწულების სისხლით ტკბებოდა. ვიზიონერი და რადიკალური ხედვით გამორჩეული რეჟისორი ულრიკე ოტინგერი ვამპირების მითს ხელახლა განმარტავს, როგორც  სათავგადასავლო ისტორიას. ის სავსეა აკვიატებებით, დამცინავი ირონიით, შავი კომედიით

სისხლიანი გრაფიანია

ფილმის სცენარი ნობელის პრემიის ლაურეატმა, ცნობილმა ავსტრიელმა მწერალმა ელფრიდე იელინეკმა დაწერა. მთავარ როლს ფრანგი კინოვარსკვლავი, იზაბელ იუპერი ასრულებს. კინოს მოყვარულებს ცხადია, ემახსოვრებათ ელფრიდე იელინეკის ადრეული ტექსტი და მისი  არაჩვეულებრივი არტისტული სამუშევარიც მიხაელ ჰანეკეს ფილმშიპიანისტი ქალი”.

ბოლო წლებში ბერლინალე აშკარად ჩამორჩა მსოფლიოში  მიმდინარე კინოპროცესებს. გარდა ამისა, ორჯერ შეიცვალა ფესტივალის დირექცია, რამაც ბევრი რამ შეაფერხა. ახლა ის აქტიურად ცდილობს დაიბრუნოს თავისი ძველი დიდება და ადგილი გლობალურ კინოინდუსტრიაში. ამ ძალისხმევის მასშტაბები ალბათ, ფესტივალის დასრულების შემდეგ უფრო კარგად გახდება ცნობილი. ჟიური, რომელსაც დღევანდელი გერმანული კინოს გამორჩეული პერსონა, რეჟისორი, ვიმ ვენდერსი ხელმძღვანელობს, გამარჯვებულებს 22 თებერვალს გამოავლენს.