ბლიცინტერვიუ მამუკა ხაზარაძესთან

პუბლიკა

„პუბლიკა“ წინასაარჩევნოდ გთავაზობთ ბლიცინტერვიუების ფორმატს – 13 კითხვა პოლიტიკოსს.

ამჯერად გთავაზობთ ბლიცინტერვიუს პარტია „ლელოს” ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან;

ფიქრობთ თუ არა, რომ საქართველოს საპატრიარქო უხეშად ერევა სახელმწიფოს საქმეებში?

ჩვენი კონსტიტუცია და პირველ რიგში კონკორდატი არის იმის გარანტი, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ეკლესიის საქმეებში და პირიქით, ეკლესია არ უნდა ერეოდეს სახელმწიფოს საქმეებში. სამწუხაროდ, ეს შეთანხმება ხშირად ორივე მხრიდან ირღვევა.

უნდა გაუქმდეს თუ არა სავალდებულო სამხედრო გაწვევა?

ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის მოვალეობაა. თუმცა დღეს არსებული ვითარება ჯარში გაწვევისა მანკიერია. ჩვენ ვფიქრობთ გრძელვადიან პერსპექტივაში საკონტრაქტო ჯარზე გადასვლას. თუმცა, პირველ ეტაპზე ჩვენი გეგმის მიხედვით, ახალგაზრდები 18-27 წლამდე ექვსთვიან გაივლიან სავალდებულო სამსახურს თავდაცვის ძალებში ან ექვსთვიან პროფესიულ სტაჟირებას თავდაცვის უწყებებში.

განიცდიან თუ არა საქართველოში ლგბტქ+ თემის წევრები დისკრიმინაციას და არიან თუ არა ყოველდღიური საფრთხის ქვეშ?

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიღებული გვაქვს ანტიდისკრიმინაციული კანონი, სამწუხაროდ, ის სათანადოდ ვერ მუშაობს. ლგბტქ თემის წევრებს დღემდე პრობლემა აქვთ ისეთ ფუნდამენტურ უფლებაზე, როგორიც არის გამოხატვის თავისუფლება. გარდა ამისა, ისინი ხშირად არიან  დისკრიმინაციული მოპყრობის ობიექტი როგორც საზოგადოების, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან.

უნდა მოხდეს თუ არა ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზება?

„ლელოს“ პოლიტიკა ამ მიმართულებით არის ზრუნვაზე და პრევენციაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა. ჩვენ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დეკრიმინალიზაციის მომხრეები ვართ, თუმცა ამასთანავე ნარკორეალიზატორებთან უკომპრომისო  ბრძოლას გამოვაცხადებთ.

საჭიროა თუ არა ქალთა კვოტირების სისტემა?

სამწუხარო ფაქტია, რომ იმისათვის, რომ ქალები სათანადოდ იყვნენ წარმოდგენილები საკანონმდებლო და წარმომადგენლობით ორგანოებში, კვოტირების სისტემის შემოღება მოგვიწია. ცხადია, უფრო კარგი იქნებოდა, რომ ასეთი მექანიზმი არ გვჭირდებოდეს. თუმცა, ამ ეტაპზე კვოტირების სისტემის შემოღება მიზანშეწონილი მიგვაჩნია. აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ „ლელომ“ იქაც კი, სადაც კვოტირება არ იყო განსაზღვრული, დაიცვა ბალანსი და ის არის ერთადერთი პარტია, რომელსაც 8  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჰყავს.

რა არის საქართველოს ნომერ 1 საფრთხე?

რუსეთი.

არის თუ არა დასავლური კურსი უალტერნატივო?

დიახ.

უნდა განისაზღვროს თუ არა მინიმალური ხელფასი?

ცხადია, უნდა განისაზღვროს. არ შეიძლება ადამიანები იღებდნენ იმაზე ნაკლებს, ვიდრე ინდექსირებული საარსებო მინიმუმია – რაც, თავის მხრივ, გადასახედია.

ეთანხმებით თუ არა უფასო სახელმძღვანელოების პროგრამას?

არ ვეთანხმები. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სახელმძღვანელოები უნდა იყოს უფასო მრავალშვილიანი ოჯახებისა და სოციალურად დაუცველთათვის.

უნდა იყოს თუ არა საჯარო ბაღი უფასო?

დიახ. და აქვე დავამატებდი, რომ უფასოსთან ერთად უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი.

ეთანხმებით თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის არსებულ პროგრამას?

არა. ამ პროგრამამ სრული ფიასკო განიცადა და მასშტაბური ცვლილება სჭირდება.

ეთანხმებით თუ არა დიდი ჰესების მშენებლობას?

ვეთანხმები, მხოლოდ გზშ-ის ევროპული სტანდარტის დაცვით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით და მათი თანამონაწილეობით.

რა არის თბილისის ურბანული განვითარების მთავარი პრობლემა?

კორუფცია, არაპროფესიონალიზმი, შერჩევითი გადაწყვეტილებები, კოეფიციენტის მომატება, გენერალური გეგმის მიღმა მუშაობა.