2021 წლის „საბას“ მოკლე სიაში ერთ–ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დოკუმენტური პროზის ნომინაცია იყო, სადაც ჟიურიმ არჩევანი „პალიტრა – L“-ის გამოცემულ მარიამ ხუცურაულის წიგნზე „მარილი გემოვნებით“ შეაჩერა.
რაკიღა მოკლე სიაში წარმოდგენილი წიგნებიდან მხოლოდ ხუცურაულის ეს ოპუსი არ მქონდა წაკითხული, ბუნებრივია, მისი გამარჯვების შემდეგ წიგნი საგანგებოდ მოვიძიე და დიდი ინტერესით გავეცანი.
ასევე მოიქცა, ალბათ, უამრავი მკითხველი, რომელიც მერე იმაზეც დაფიქრდებოდა, რა ღირსებები აქვს მარიამ ხუცურაულის ნაშრომს ისეთი, რომლის გამოც სხვა ავტორების ფონზე გამოირჩა.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ძალიან სასიამოვნოა, რომ „საბას“ წლევანდელი გეოგრაფია საგრძნობლად „გაფართოვდა“ და ერთი სრულიად დამსახურებული ჯილდო თელავში, მარიამ ხუცურაულთანაც წავიდა.
თანაც კარგი პოეტი მარიამ ხუცურაული, თუ ძალიან სიღრმეებამდე არ ჩავყვებით, მაინცდამაინც არ არის ასოცირებული რომელიმე ლიტერატურულ დაჯგუფებასთან, თავი ისე უჭირავს, თითქოს, თავისთვის ზის და მხოლოდ ფშაურ პაჭიჭებს ჩაჰბღუის.
ამიტომ „საბას“ ჟიურისათვის ესეც იქნებოდა დამატებითი მოტივი ჩრდილში მდგომი ავტორის შესაგულიანებლად, რომელმაც მართლაც „გემრიელი“ წიგნი დაწერა.
ამ ბოლო დროს ძალზე მოდური გახდა კულინარიულ–გასტრონომიული თემა ლიტერატურაში. მაგალითად, ძალზე პოპულარულია და რამდენიმე უცხო ენაზე უკვე ითარგმნა დიანა ანფიმიადის „წინასწარმეტყველება მურაბები“, ასეთი პოპულარული არ არის, მაგრამ საერთო დონით დიანას წიგნს ნამდვილად არ ჩამორჩება ვასილ გულეურის „გულინარია“.
ყველა ამ წიგნის სათავე კი ბარბარე ჯორჯაძის „სამზარეულოში“ უნდა ვეძებოთ, სადაც კნეინა ჯორჯაძისა, მართალია, ამბებს არ გვიყვება, მაგრამ კერძების რეცეპტებს ისე გულიანად, ოსტატობით წერს, რომ ბევრ ბელეტრისტს ჯიბეში ჩაისვამს.
ბარბარე ჯორჯაძესთან თითოეული რეცეპტი ცალკე დამოუკიდებელი ნოველაა და ამ ნოველების ფაქტურას ქმნის ერთადერთი რამ – ქართული ენის უჩვეულო მიმოხვრა და იმ თემატიკის დიდი სიყვარული, რაზეც კნეინა ჯორჯაძის წიგნია.
აქ დასახელებული თანამედროვე ავტორები კი სხვა ტაქტიკას ირჩევენ, გვთავაზობენ რეცეპტებს და თითოეულ რეცეპტს უხამებენ რაიმე ლიტერატურულ ჟანრს – პროზაულ თუ პოეტურ ჩანართს – რომელიც კიდევ უფრო ამკვეთრებს ამ რეცეპტებისა და კერძების მნიშვნელობას.
მარიამ ხუცურაულის დოკუმენტური ოპუსის ორიგინალურობა კი სწორედ დოკუმენტურობაა, ამბები და ავტობიოგრაფიული პასაჟები, რომელსაც ესა თუ ის კერძი ახსენებს.
შეიძლება ვცდები, მაგრამ წიგნის ასეთმა წყობამ მე თანამედროვე იტალიელები გამახსენა, რომელთა საუბრის მთავარი თემა, ჩემი დაკვირვებით, ყოველდღიურ ყოფაში ლამის ის იყო, რა ჭამეს გუშინ, როგორ იყო ესა თუ ის კერძი მომზადებული, რა საჭმელი მოეწონათ თუ არ მოეწონათ.
და მხოლოდ ამას მოჰყვებოდა სხვა დანარჩენი – რა ნახეს, რა მოისმინეს და რაც მთავარია, რა წაიკითხეს.
ამ ნახევრადხუმრობით ნათქვამსა და პრინციპში ზერელე დაკვირვებას რომ თავი დავანებოთ, ფაქტია, რომ სამზარეულო ამა თუ იმ ერის კულტურის ყველაზე კაშკაშა და ამავდროულად ყველაზე კონსერვატული ნაწილია.
კერძები ყველაზე ხატოვნად ჰყვებიან ერის თავგადასავალსა თუ ისტორიულ გამოცდილებას, ამა თუ იმ ხალხის ვნებებს, ბრძოლებს, სიყვარულსა თუ მისწრაფებებს.
მაგალითად, ქართულ სამზარეულოში, ჩვენს კერძებში მთელი ჩვენი ტრაგიკული ისტორია, ჩვენი გეოგრაფია, ყველა დაცემა თუ აღმსავლა არის არეკლილი.
და თუკი ეს ერის შემთხვევაში ასეა, რატომ არ შეიძლება იგივე კონკრეტულ ადამიანზე ან ადამიანებზეც ვრცელდებოდეს?
ბოლოს და ბოლოს, ისიც ხომ ძალიან ძველი სიბრძნეა, რომ ადამიანი რეალურად ისაა, რასაც ჭამს – გინდ პირდაპირი და გინდ გადატანითი მნიშვნელობით.
აი, ხედვის ეს კუთხეა მთავარი მარიამ ხუცურაულის წიგნში და ავტორი კერძებისა და რეცეპტების მეშვეობით არამხოლოდ თავის თავზე, არამედ საკუთარ წინაპრებზე, სანათესაოზე, მეზობლებსა და მეგობრებზე გვიყვება.
თანაც რაკიღა წეღან გეოგრაფია სხვა კონტექსტში ვახსენე, მარიამის წიგნის შესაფასებლად საინტერესოა ისიც, რომ აქ, ძირთადად, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი (ფშავ–ხევსურეთი) და კახეთის რეგიონი „იკითხება“ – ამიტომაც ქართველისთვისაც კი ეს წიგნი მოიცავს ეგზოტიკის გარკვეულ დოზას, რასაც აუცილებლად ორმაგი მნიშვნელობა ექნება წიგნის უცხო ენებზე თარგმანის შემთხვევაში.
წიგნში მოთხრობილი ამბები კი აშკარად არათანაბარია. როგორც მოსალოდნელი იყო, ტექსტს ზოგან უკიდურესად სუბიექტური განწყობილებები გადასძალავს, მაგრამ აქვე არაერთი პასაჟია, რომელიც, ჩემი აზრით, ნამდვილ ბელეტრისტიკამდე, კერძოდ, მის ურთულეს ჟანრამდე – ნოველამდე მაღლდება.
მარიამ ხუცურაულს წერის უაღრესად მაღალი კულტურა გამოარჩევს და რაც ყველაზე მთავარია, პირადი ამბების აღწერისას, არასოდეს ღალატობს ტაქტისა და ზომიერების იშვიათი, უფრო სწორად, აწ უკვე ასე გაიშვიათებული შეგრძნება.
ეს არის ამ წიგნის „მარილი“, რომელიც მთელ ტექსტს მართლა გემოვნებით აქვს მოყრილი და მხოლოდ აქა–იქ თუ გაგიჩნდება შეკითხვა: ავტორმა ხომ არ გადაამლაშა ან ცოტა ნაკლებმარიალიანი ხომ არ მოუვიდა.
ჩემთვის ცალკე აღსანიშნავია ენა, რომლითაც მთელი თხზულება არის დაწერილი.
მარიამ ხუცურაული შესანიშნავი მოქართულეა და მის სტილისტიკას განუმეორებელ მშვენებას მატებს დიალექტიზმები, ფშავ–ხევსურული კილოკავის „ცვარ–ნამი“, რომელიც ბუნებრივი მარგალიტებივით ბრწყინავს ფრაზების გემოვნებით ამოყელყელავებულ ჩადუნებზე.
ჩადუნა რა არის?
ამას მარიამ ხუცურაულის წიგნიდან შეიტყობთ. იმასაც, თუ რა გემრიელი შეჭამანდი კეთდება ამ მცენარისგან.
ის კი არა, მაყვალი, ჩვეულებრივი, მორცხვი მაყვალიც კი სულ სხვანაირად მოჩანს მარიამ ხუცურაულის წიგნში, უფრო სწორად, იმ ტექსტისაგან რადიკალურად განსხვავებულად, რომლის გამოც ეს ეკლიანი ბუჩქი უზომოდ პოპულარული გახდა თანამედროვე ქართულ მწერლობაში.
საერთოდ, კი მარიამ ხუცურაულის წიგნის დიდი ღირსება ისიცაა, რომ ეს პოეტის ნაწერი პროზაა; ყველგან იგრძნობა პოეტის ხელი, მათ შორის, ალბათ, იმ კერძებშიც, რომელსაც იგი წიგნში წარმოდგენილი რეცეპტების მიხედვით ამზადებს.
ამიტომაც, არ შემიძლია არ მოვიწონო და არ გავიზიარო ჟიურის არჩევანი – მარიამ ხუცურაულის „მარილი გემოვნებით“, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნომინაციაში ჩემი ავტობიოგრაფიული წიგნიც იყო და გარეშე თვალისათვის ეგებ, მე და მარიამი ერთმანეთის კონკურენტებიც ვიყავით.