„ჩანაწერი პირის საიდენთიფიკაციოდ უვარგისია“ | ორი დასკვნა ანრი კვარაცხელიას საქმეში

პუბლიკა

ვიდეო, რომელიც სამხარაულის ბიურომ საიდენტიფიკაციოდ უვარგისად მიიჩნია, მასზე შსს-ის საექსპერტო დეპარტამენტის ექსპერტმა სახის ნაკვეთის გარჩევაც შეძლო:

ჩანს თუ არა პირის იერსახის ნიშნები გამოსახულებაზე? – ამ საკითხზე ანრი კვარაცხელიას საქმეში ორი სხვადასხვა შედეგის ექსპერტიზის დასკვნა არსებობს.

ბრალდების მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის ავტორმა, ნინო ბორაშვილმა ამ გამოსახულებაზე ცხვირის ზურგის, თვალის და წარბის ფორმა დაინახა.

ბორაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტია.

დაცვის მხარემ კი ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროს დაუკვეთა. მოწმის სახით დაკითხულმა სამხარაულის ექსპერტმა მარიამ როგავამ კი განაცხადა და დასკვნაშიც ჩაწერა, რომ აღნიშნული ვიდეო პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას არ იძლევა, უვარგისია.

აღსანიშნავია, რომ ანრი კვარაცხელიას საქმეში ორი ვიდეო არსებობს. ერთ ვიდეოში მას სახე უჩანს და ამას დაცვის მხარეც არ უარყოფს. თუმცა ამ ვიდეოში არ ჩანს ბრალად წარდგენილი ქმედება.

რაც შეეხება მეორე ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ პირი „მოლოტოვის კოქტეილს” ისვრის, დაცვის მხარე ამბობს, რომ აქ ადამიანს სახე არ უჩანს (დაფარული აქვს ნიღბით) და შეუძლებელია მისი იდენტიფიცირება.

სწორედ ამ ერთ ვიდეოზე დანიშნა დაცვის მხარემ ექსპერტიზა და პასუხად მიიღო ის, ვიდეოს ხარისხი პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას არ იძლევა.

საქმის განხილვის ეტაპზე ბრალდების მხარე აქცენტს პირის ჩაცმულობაზე აკეთებდა. მათ ექსპერტიზაზე ორი ვიდეო წარადგინეს – ერთი, სადაც კვარაცხელიას სახე ჩანს და ასევე მეორე, სადაც პირი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს ისვრის. და დასვეს კითხვა: არის თუ არა ერთი და იგივე პიროვნება და ემთხვევა თუ არა მათი ჩაცმულობა ერთმანეთს.

ექსპერტმა ნინო ბორაშვილმა კი დასკვნაში აღნიშნა, რომ „ვიდეოებზე დაფიქსირებულია გამოძიებისთვის საინტერესო ერთი და იგივე პიროვნების გამოსახულება ერთი და იგივე ჩაცმულობით“.

დაკითხვის დროს ნინო ბორაშვილი თავს კომფორტულად არ გრძნობდა, როდესაც იერსახის ნიშნებზე უსვამდნენ შეკითხვებს. მას ეს ნიშნები გამოყოფილად დასკვნაშიც არ უწერია და ისინი მხოლოდ სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს ჩამოთვალა. ის იცავდა მის მიერ გაცემულ დასკვნას იმ არგუმენტით, რომ პირის იდენტიფიცირება სხვადასხვა მახასიათებლის ერთობლიობით მოხდა, მათ შორის ჩაცმულობით, დინამიური ნიშნებით და ა.შ.

„ვიდეოგრამას მთლიანობაში თუ გამოიკვლევთ, აი, მაგალითად, აქ უჩანდა ცხვირის ზურგის ფორმა, რაღაც მომენტში უჩანდა თვალი, წარბი, და ამ ნიშნების ერთობლიობით – ჩაცმულობაც მნიშვნელოვანია და დინამიური ნიშნებიც, ამ ნიშნებით მოხდა ადამიანის გაიგივება პირველ ვიდეოგრამასთან [სადაც კვარაცხელიას სახე ჩანს]. დინამიურ ნიშნებში იგულისხმება, ადამიანი გამხდარია, მაღალია, როგორი აღნაგობის არის, ასევე გადაადგილების მანერა. თითქმის ერთი და იგივე გარემო არის დაფიქსირებული, ორივე შემთხვევაში არის გამხდარი ადამიანი, რომელსაც ზუსტად იგივე ტანსაცმელი აცვია“, – განაცხადა მან.

ადვოკატმა მას ჰკითხა, როდესაც გადაადგილების მანერაზე საუბრობს, უნდა ჩანდეს თუ არა პირი წელს ქვემოთ. „სიარულის მანერის შემთხვევაში, კი“, – აღნიშნა ექსპერტმა.

ჩანდა თუ არა წელს ქვემოთ პირი ორივე ვიდეოში, ექსპერტმა ვერ გაიხსენა, თუმცა დაადასტურა, რომ გადააგილების მანერის შეფასებისთვის ამ გარემოებების არსებობა საჭიროა.

აღსანიშნავია, რომ ვიდეოზე, სადაც პირი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს ისვრის, მხოლოდ წელს ზემოთ ჩანს.

რაც შეეხება ტანსაცმელს, ამ საკითხთან დაკავშირებით სამხარაულის ბიუროს ექსპერტმა მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტანსაცმლის მატერიალურად წარდგენის შემთხვევაში შესაძლოა ვიზუალური ანალიზის ჩატარება. მისი თქმით, ტანსაცმლით პირის იდენტიფიცირების მეთოდოლოგია არ აქვთ.

– პროკურორი: მაინტერესებს, ტანსაცმელზე თუ ატარებთ ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზას? თუ არის შესაძლებელი, რომ თქვენთან წარმოდგენილი იყოს გარკვეული ვიდეო, სადაც პირის იდენტიფიცირება სახით შეუძლებელია, თუმცა წარმოგიდგინოთ ტანსაცმელი, წარმოგიდგინოთ ვიდეო, სადაც იგივე ტანსაცმელი არის და თუ შესაძლებელია, რომ უკვე ჩატარდეს და დადგინდეს შესაბამისობა ამ შემთხვევაში.

– ექსპერტი მარიამ როგავა: ტანსაცმელზე ვიზუალური ანალიზის ჩატარება შესაძლებელია, რაც კადრში არის დაფიქსირებული იმ კონკრეტულ ტანსაცმელზე, მაგრამ ტანსაცმლით იდენტიფიცირება ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ფარგლებში – ასეთი მეთოდოლოგია არ გვაქვს, რომ ტანსაცმლით მოხდეს კონკრეტული პირის იდენტიფიცირება.

– პროკურორი: თქვენ შემთხვევაში ამას არ აკეთებთ?

– ექსპერტი მარიამ როგავა: არა, შესაძლებელია მხოლოდ ვიზუალური ანალიზის ჩატარება, მაგალითად, წარმოდგენილი იყოს კონკრეტული ტანსაცმელი ექსპერტიზაზე მატერიალური სახით და ასევე კადრში ვხედავდეთ ტანსაცმელს, შემდეგ ესენი შედარდეს და მსგავსება-განსხვავებაზე შეიძლება შემდეგ […]

– პროკურორი: თქვენს შემთხვევაში არც სხვა ვიდეო ჩანაწერი არ ყოფილა წარმოდგენილი და არც სხვა ტანსაცმელი, ხომ ასეა?

– ექსპერტი: მხოლოდ ერთი ვიდეო ჩანაწერი იყო წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ საქმეზე არაა დამაგრებული ქურთუკი, რომელიც პროკურატურის პოზიციით, ორივე ვიდეოში აცვია ბრალდებულს. პროკურორი ამბობს, რომ ის ბრალდებულმა გაანადგურა და ამის ამსახველი ვიდეო ტელეფონის ექსპერტიზის შედეგად ამოიღეს. დაცვის მხარის თქმით, კი ამ ვიდეოზე არანაირი ექსპერტიზა არაა ჩატარებული, მათ შორის არაა დანიშნული ფონოსკოპიური ექსპერტიზა, რაც ხმის მიხედვით პირის იდენტიფიცირებას მოახდენდა.

ანრი კვარაცხელიას პროკურატურა მოლოტოვის კოქტეილის სროლით გდდ-ის თანამშრომლებისთვის საფრთხის შექმნას ედავება, რაც უწყების პოზიციით, პოლიციელზე თავდასხმას წარმოადგენს. კვარაცხელიას საქმეში ფიზიკურად დაზიანებული პოლიციელი არ არსებობს. მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.