ვიდრე ზოგისთვის სანაქებო და ზოგისთვის ოდიოზური რუსი საოპერო დივა, ანა ნეტრებკო „არენა დი ვერონას“ ისტორიულ ღია სცენაზე, აგვისტოს პირველ რიცხვებში ვერდის „აიდაში“ მღეროდა, პრესამ მას არასასიამოვნო ამბავი დაადევნა: პრაღის მერია განიხილავს ანა ნეტრებკოს კონცერტის აკრძალვის საკითხს, რომელიც პრაღაში ოქტომბერში უნდა გაიმართოს. ფაქტობრივად, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან პრაღის მერის თანამდებობა ჩეხეთის ხელისუფლების პოზიციასაც ნიშნავს.
თუმცა, ჯერ საოპერო ჩაროზის შესახებ „მომწარო“ გემოთი. ჯერ კიდევ 2022 წელს, როდესაც რუსი სოპრანოს იმიჯი ძალიან შეილახა რუსეთ-უკრაინის ომისადმი მისი საეჭვო დუმილისა და წარსულში პუტინთან მეგობრული ურთიერთობის გამო, „არენა დი ვერონას“ ადმინისტრაციამ მაინც გარისკა და მიიწვია ნეტრებკო აგვისტოში ჯუზეპე ვერდის „ნაბუქოში“ აბიგაილის პარტიის შესასრულებლად. წარმატების მიუხედავად, საოპერო ვარსკვლავისადმი დამოკიდებულება მაინც ორაზროვანი და წინააღმდეგობრივი იყო. თუმცა ბილეთების დიდი ნაწილი სწორედ მისი სახელის გამო გაიყიდა.
დაახლოებით იგივე განმეორდა წელსაც. როდესაც რამდენიმე თვით ადრე, „არენა დი ვერონას“ დირექციამ გამოაცხადა, რომ სტეფანო პოდას თანამედროვე დადგმაში აიდას პარტიას ანა ნეტრებკო შეასრულებდა, ხოლო რადამესს – იუსიფ აივაზოვი (ნეტრებკოს მეუღლე, ტენორი), ბილეთები სწრაფადვე გაიყიდა. არადა, პუტინის მეგობარ პრიმადონას 2022 წლის გაზაფხულზე მეუღლესთან, იუსიფ ეივაზოვთან ერთად, საკუთარ ინსტაგრამზე მსგავსი დიპლომატიური „სიბრძნის“ დაწერა მოუწია:
„მე გარკვეული დრო მჭირდებოდა დასაფიქრებლად, რადგან ვფიქრობ, რომ სიტუაცია ზედმეტად სერიოზულია იმისთვის, რომ კომენტარის გაკეთება დაფიქრების გარეშე შევძლო…
პირველ რიგში, მე წინააღმდეგი ვარ ამ ომის. მე რუსი ვარ და მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ ბევრი მეგობარი მყავს უკრაინაში და მათი ტკივილი და ტანჯვა გულს მტკენს. მინდა, ეს ომი დასრულდეს და ხალხმა მშვიდად იცხოვროს. ამის იმედი მაქვს და ვილოცებ.
თუმცა, მინდა დავამატო, რომ როცა არტისტებს, ან საზოგადო მოღვაწეს აიძულებენ თავიანთი პოლიტიკური მოსაზრებები საჯაროდ გამოთქვან და თავიანთი სამშობლო დაგმონ, ეს არასწორია. ეს უნდა იყოს თავისუფალი არჩევანი. მე არ ვარ პოლიტიკური პიროვნება და მე არ ვარ პოლიტიკის ექსპერტი! მე ვარ ხელოვანი და ჩემი მიზანი არაა პოლიტიკურ განხეთქილებებზე ვისაუბრო“.
ინსტაგრამზე ქალბატონი ნეტრებკო საერთოდ აღარ ახსენებს პუტინს. არც იმ ფაქტს, რომ 2012-2018 წლებში ის აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკას. მაგრამ მისი ხელმოწერა პუტინის საარჩევნო შტაბში სხვა წევრებთან ერთად, მისი ბიოგრაფიის ნაწილია. დღეს ის ომსა და პუტინის გვარს ერთმანეთს აღარ უკავშირებს. თითქოს ომი უკრაინაში ვიღაც აბსტრაქტულმა ქვეყანამ გააჩაღა და არა რუსეთის პრეზიდენტმა. არც ის ავიწყდება, რომ თავისი ქვეყანა უყვარს…
რუსი დივას წარმატებული საზაფხულო-საოპერო ვნებების ფონზე ლამის სკანდალურად აღიქმება პრაღის მერის მოადგილის, ირჟი პოსპიშილის განცხადება, რომელმაც აღნიშნა: „რთული და წინააღმდეგობრივი სიტუაციის მიუხედავად, ჩვენ ვეძებთ გზას კონცერტის ჩასატარებლად“. მან დასძინა, რომ ნეტრებკოს სოლო კონცერტის პირობები კოლეგებთან ერთად, კოალიციის საბჭოში განიხილეს და, მისივე თქმით, ამ საკითხზე დამსწრეებს ერთსულოვანი აზრი არ ჰქონიათ.
პრაღის მედიის ცნობით, გასულ კვირას პოსპიშილმა ეს საკითხი განიხილა უკრაინაში ჩეხეთის მთავრობის წარმომადგენელთან და აღნიშნა, რომ ის ეწვევა უკრაინის საელჩოს სიტუაციაში გასარკვევად. ვიცე-მერმა ასევე განაცხადა, რომ ნეტრებკო უკრაინის მიერ შედგენილი სანქციების ყველა სიაში მოხვდა ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
სააგენტო Nachtigall Artists Agency-მა, რომელიც კონცერტის ორგანიზატორია, აღნიშნა, რომ ნეტრებკოს კონცერტზე, რომელიც პრაღაში ოქტომბერში უნდა გაიმართოს, ბილეთების ოთხმოცი პროცენტი უკვე გაიყიდა. პროდიუსერმა ალიონა კუნერტოვამ თქვა, რომ „ეს განზრახ პოლიტიკურ ჩარევას წააგავს მერიის მხრიდან“ და მიუთითა ნეტრებკოს განცხადებაზე, რომელიც გმობს ომს და ამავე დროს, ადასტურებს პუტინისგან მის დისტანცირებას: „ის ფაქტი, რომ ნეტრებკო წარსულში რამდენჯერმე გამოჩნდა რუსეთის პრეზიდენტის გვერდით, სულაც არ ნიშნავს, რომ ის მისი მხარდამჭერია“.
პროდიუსერმა ისიც აღნიშნა, რომ უკვე არსებობს დადასტურება მუნიციპალური გამგეობის თავმჯდომარის (ვლასტიმილ იეჟეკის) მხრიდან და თუ კონცერტი გაუქმდება, სააგენტო და თავად ანა ნეტრებკო კომპენსაციას მოითხოვენ. როგორც ეს მოხდა „მეტროპოლიტენ ოპერის“ შემთხვევაში, როცა გაუქმებული კონცერტების გამო, „მეტის“ დირექციამ ნეტრებკოს კომპენსაციის სახით 200 ათასი დოლარი გადაუხადა.
2015, 2018 და 2021 წლებში გამართული კონცერტების შემდეგ, ეს იქნება ანა ნეტრებკოს მეოთხე კონცერტი პრაღაში… ცხადია, თუ ის საერთოდ ჩატარდა!