ჩემი და ჩემი სხეულის ურთიერთობა ► ფემინსტრიმი

პუბლიკა

ნინი ხუროშვილის პოდკასტი:

2020 წლის დასაწყისში ჩემ გარშემო მცხოვრები ქალებისგან ინტერვიუების აღება დავიწყე.  მაინტერესებდა, გამეგო და გამომეკვლია როგორი ურთიერთობა და დამოკიდებულება ჰქონდათ ქალებს საკუთარ სხეულთან. ინტერვიუების პროცესი ძალიან გულახდილი და საინტერესო აღმოჩნდა, მივაგენი გამოცდილებებს, რომლებიც ქალებს, ჩვენი გენდერული ნიშნიდან გამომდინარე, ბავშვობიდან გვაერთიანებს. საბოლოო ჯამში, ინტერვიუ ჩავწერე 10 სხვადასხვა ეროვნების 15 ქალთან, საშუალო ასაკით – 30 წელი. ამ პოდკასტში მოისმენთ სამი ქალის ისტორიას, რომლებიც გულწრფელად საუბრობენ საკუთარ სხეულთან ურთიერთობაზე.

ტექსტს კითხულობენ: სოფო ცხვარიაშვილი, ქეთი ქვლივიძე, მაკა ჩახნაშვილი 

***

„ვფიქრობ, რომ ჩემი სხეული იქამდე არსებობდა სანამ დავიბადებოდი. გენდერული ნიშნით ქცევა და ფიქრი მერე უკვე, გარედან მაიძულეს. ბავშვობაში ალბათ უფრო სული ხარ და დროთა განმავლობაში საზოგადოება განიშნებს, ან საერთოდაც გაიძულებს იყო სხეული.

ძალიან ცუდად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც შევწყვიტე სულად ყოფნა და გადავიქეცი იმ სხეულად, რომელსაც სხვებისთვის უნდა ეცხოვრა.

ბავშვობიდან ბიჭებში ძალიან პოპულარული ვიყავი, ხშირად მეუბნებოდნენ, რომ საყვარელი და ლამაზი ვარ, ყველას ჩემი სხეულის გამო მოვწონდი, ვუყვარდი ან მემეგობრებოდა, მაგრამ ბევრი საერთო არასდროს მქონია იმ სხეულთან, რომელსაც ყველა აქებდა და რომელზეც დიდი მონდომებით ვზრუნავდი.

11 წლის ვიყავი, როდესაც გამაუპატიურეს. ამის შემდეგ დავკარგე კავშირი ჩემს სხეულთან. 6 წელი დამჭირდა, რომ ვინმესთვის გამეზიარებინა ჩემი მდგომარეობა.

თინეიჯერობის ასაკში აქტიური სექსუალური ცხოვრება დავიწყე. პირველი სექსი 14 წლის ასაკში მქონდა, თუმცა 23 წლამდე ჩემს სხეულს არ შევხებივარ. ამ პერიოდში ყველა ჩემს ცხოვრებას განიკითხავდა, მაშინ როცა ჩემი მეგობარი ბიჭების სქესობრივი კავშირები, დიდად არავის აინტერესებდა.

მიუხედავად აქტიური სექსუალური ცხოვრებისა, Ძალიან მეუცნაურებოდა ხელით შევხებოდი ჩემივე სხეულს, არც ვიცოდი რა, ან როგორ უნდა გამეკეთებინა. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ ქალურ სიამოვნებაზე. 

საკუთარ სხეულს აღვიქვამდი, როგორც კაცებისთვის შექმნილ, გაზრდილ და მოვლილ ძღვენს. მეგონა, რომ ქალისთვის სიამოვნება არ არსებობდა და სიამოვნება მხოლოდ კაცებმა უნდა მიიღონ. 

ამ გამოცდილებამ იმდენად დამაშორა ჩემს სხეულს, რომ ვფიქრობ, თამამად შემიძლია ვიყო სექსმუშაკი. უკვე დიდად არ მაინტერესებს ვისთან მექნება სექსი, რადგან სხეული, რომელშიც ვცხოვრობ, ისედაც არ მეკუთვნის.

სექსუალური აქტის მუდმივი სურვილი და მოთხოვნილება ალბათ დაკავშირებულია ჩემს შეგრძნებასთან, რომ მუდმივად მიტოვებული და მარტოსული ვარ. სექსის დროს ხშირად ვგრძნობ, რომ ჩემი სხეული მე მეკუთვნის. აქტი საშუალებას მაძლევს რამე კავშირი მაინც დავამყარო იმ სხეულთან, რომელშიც ვცხოვრობ. 

ჩემი ცხოვრების 10 წელი მხოლოდ სხეულად ყოფნაში გავატარე. მნიშვნელოვანი იყო როგორ გამოვიყურებოდი სხვებისთვის და ვერ ვხვდებოდი რეალურად ვინ ვიყავი. როდესაც ასეთ ცხოვრებას ეჩვევი, ძნელია დაინახო საკუთარი პიროვნება სხეულის მიღმა. ჩემი ცხოვრება კაცების ხედვებს აეწყო, მათთვის შეიქმნა და მეც მათი თვალით აღვიქვამდი საკუთარ თავსა და სხეულს. მოლოდინებს, რომელიც ჩემ მიმართ არსებობდა, პირნათლად ვასრულებდი. ვერ შევძელი მომესმინა რას მეუბნებოდა თვითონ ის სხეული, რომელსაც ვეკუთვნი.

მოგვიანებით, როდესაც ჩემი მდგომარეობა გავაანალიზე, საზოგადოებაზე წარმოდგენა რადიკალურად შემეცვალა. მივხვდი, რომ ქალებისადმი ის მოთხოვნები, რომლებსაც ამდენი წელი ვაკმაყოფილებდი, უსამართლოა და დიდი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. დავიწყვე ზღვარის გავლება ჩემს საჭიროებებსა და საზოგადოების მოთხოვნებს შორის. ყველაფერის გააზრების მიუხედავად, დღემდე ჩემი სხეულის მიმღებლობის პროცესში ვარ.

მთელი ბავშვობა ვცდილობდი მოვრგებოდი საზოგადოებაში დამკვიდრებულ სილამაზის სტანდარტებს, შემდეგ უკვე დიდი დრო, ძალისხმევა, ცოდნა და გამბედაობა დამჭირდა ამ მოცემულობიდან თავის დასაღწევად.“

***

„ჩემს სხეულთან გაუცხოება თინეიჯერობიდან დამეწყო. ფიზიკურად ძალიან აქტიური და მოძრავი ბავშვი ვიყავი და არ მინდოდა გარდატეხის ასაკში შესვლა. ვფიქრობდი, რომ ვეღარ ვიქნებოდი მოქნილი და ჩემს სხეულზე კონტროლს დავკარგავდი. მახსოვს, როგორ მრცხვენოდა მკერდი რომ მეზრდებოდა, თან ჩემს თანატოლებთან შედარებით ბევრად ადრე მოვმწიფდი და ჩამომიყალიბდა ფორმები.

სხეულის ცვლილების მიმართ პროტესტის გრძნობა მოგვიანებით ჩემს სტილსა და ქცევაში აისახა. თითქმის არასდროს ვიცვამდი კაბებს, უფრო „ქალაბიჭა“ სტილი მქონდა და მაღიზიანებდა ქალის ფემინური სახე-ხატი. ჩემთვის მოკლე კაბები, მაღალი ქუსლები და დეკოლტეები წარმოუდგენლად მიუღებელი, ყალბი და საფრთხის შემცველი იყო. 

გოგოებისთვის დადგენილ გარეგნულ სტანდარტებს თინეიჯერობის პერიოდში უარვყოფდი და იმის დამტკიცებას ვცდილობდი რომ გოგოებსაც შეეძლოთ მასკულინური სტილის მორგება.

სხეულით, ფორმებით და მკერდით ყოველთვის ძალიან მომწიფებულად გამოვიყურებოდი, მაგრამ ეს უფრო ტვირთი იყო ჩემთვის ვიდრე საჩუქარი. ჩემი ჩაცმის სტილიც, რეალურად ამ სავსე ფორმების დაფარვის მუდმივი მცდელობა იყო. არასდროს მინდოდა მქონოდა ასეთი სხეული, ძალიან გამაბედნიერებდა თუ გამხდარი და ბავშვივით მოქნილი დავრჩებოდი. შემდეგში ე.წ. ჩემი არასაკმარისი ფემინურობა კომპლექსად მექცა. მუდმივმა კომენტარებმა ჩემს ჩაცმულობის შეუსაბამობაზე ჩამომიყალიბა შეხედულება, რომ სხვა გოგოებს არ ვგავდი და ვერც ბიჭებისთვის მოსაწონი ვიქნებოდი. დაბალი თვითშეფასების გამო, წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ვინმეს ჩემდამი სიმპათია ჰქონოდა. თუ ყურადღებას გამოიჩენდნენ, მრცხვენოდა, ყველანაირად ვცდილობდი თავის არიდებასა და მათ მიმართ მიჩნდებოდა აგრესია.

ბავშვობიდან ძლიერი და გამბედავი გოგოს იმიჯი შევიქმენი, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. ეს აისახა ჩემს ურთიერთობებზე სხვა ადამიანებთან. როცა გარშემო მყოფები აღგიქვამენ „ძლიერ ქალად“, მოლოდინი აქვთ, რომ ყოველთვის მაგალითის მიმცემი და დაუღალავი ხარ. არ გაქვს მოწყვლადობის უფლება და სხვას უქმნი სივრცეს ემოციების გამოსახატავად. ეს გარკვეულწილად წნეხია და პასუხისმგებლობა.“

***

„მე და ჩემი სხეული, ზოგადად, მუდმივ გაკვირვებაში ვართ. ალბათ თვითონ სხეულში ყოფნა არის უცნაური. ვერ ვიტყვი კომფორტულად თუ არაკომორტულად, მაგრამ უბრალოდ თანავცხოვრობ ჩემს სხეულთან. ხანდახან მიჭირს ჩემი თავის აღქმა, სხეულიდან ხშირად გასული ვარ და კავშირი დაკარგული მაქვს. 

პირველად ჩემს სხეულს როცა შევეხე და მასტურბაცია აღმოვაჩინე, პატარა ვიყავი, ალბათ ჯერ სკოლაშიც არ დავდიოდი, მახსოვს ფერადი კაბები მეცვა – ნაქარგებით. თვითონ პროცესი ძალიან უცნაური იყო, არაფერთან ასოცირებოდა. მეგონა, რაღაც არანორმალურს ვაკეთებდი და ამიტომ ჩემთვის მასტურბაცია მტანჯველი და გასაიდუმლოებული აქტი გახდა.

6-7 წლის რომ ვიყავი, სტუმრად წავედით ნათესავთან. მახსოვს რამდენიმე გოგო ვიყავით ოთახში. ერთ-ერთი ტახტზე ხახუნით გვაჩვენებდა დანარჩენებს მასტურბაციას. ეს აქტი წარმოდენასავით მახსოვს. აღშფოთებულები ვიყავით, იმიტომ რომ თითქოს უნდა ვყოფილიყავით, ეს ხომ გარყვნილება და უთქმელად მიუღებელი საქციელი იყო. მე საერთოდ ვერ დავაკავშირე ამ გოგოსა და ჩემი ქცევა ერთმანეთთან. აღნიშნულ თემაზე სანამ არ გავიზარდეთ, რა თქმა უნდა, არ გვისაუბრია. ალბათ რაიმე კავშირი რომ დამენახა ამ ორ ქცევას შორის მარტივად მივიღებდი საკუთარ ქმედებას და ნაკლებად ჩავთვლიდი თავს ეშმაკისეულ არსებად.  თუ რაღაცის შემეშინდებოდა და საფრთხეს ვიგრძნობდი, პირობას ვდებდი, ღმერთი თუ გადამარჩენდა, მასტურბაციას შევეშვებოდი.  

სხეულის შესწავლას რაც შეეხება, მახსოვს, რომ ვაგინა ჩემით გამოვიკვლიე, სარკით ვათვალიერებდი ვულვას და ვაკვირდებოდი ფორმებს. მეშინოდა, რომ ჩემმა არანორმალურმა ქცევამ გამოიწვია და ჩამომიყალიბა ვაგინის ე.წ. არანორმალური ფორმა და ამიტომ ის არავის უნდა ენახა.

მიუხედავად იმისა, რომ არაფერი ვიცოდი ქალის სხეულის შესახებ და სხვა ქალები ახლოდანაც არ მყავდა შიშველი ნანახი მაინც გადავწყვიტე, რომ ჩემი ვულვას ფორმა დაზიანებული იყო და ეს შიში ხანგრძლივად, ზრდასრულობამდე გამომყვა. ვფიქრობდი, რომ  ვაგინა მასტურბაციის გარეშე უფრო ლამაზი და სიმეტრიული იქნებოდა, დაახლოებით ისეთი როგორიც ბავშვებს აქვთ.

ძალიან გვიან გავიგე, რომ სხვა ადამიანებიც მასტურბირებენ და მარტო მე არ ვიყავი ეშმაკისეული. ერთი გოგო იყო, რომელიც ძალიან თამამად მიზიარებდა გამოცდილებას ამ თემაზე, რამაც შოკში ჩამაგდო. ვერც კი წარმომედგინა, რომ მსგავს თემაზე ხმამაღლა საუბარი შესაძლებელი და დაშვებული იყო.

დღესაც მაქვს არარაციონალური შიში ჩემს ვულვასთან ურთიერთობაში. პარტნიორთან ორალური სექსის დროს, ჩემი სხეული ძალიან ჩაკეტილია, მიჭირს ბოლომდე გავიხსნა და თავისუფალი ვიყო. შეიძლება ეს შიში თუ კომპლექსი დაკავშირებულია სწორედ ბავშვობის სტრესსა და გამოცდილებასთან“. 

ჩემთვის სხეული ადამიანის ის ისტორიაა, როემლიც არ უნდა განიკითხებოდეს. სტრიებიდან დაწყებული, სხეულის თმით დამთავრებული ყველაფერს ვაკვირდები და ვსწავლობ. ვცდილობ მივიღო და შევიყვარო ჩემი სხეული ისეთი, როგორიც არის. როცა ვისმენდი ქალების ისტორიებსა და სხეულთან მათ დამოკიდებულებას, მქონდა იმის განცდა რომ ფსიქლოგიური ტრავმები ხშირ შემთხვევაში, ქალის სხეულზე დაწესებული სტანდარტების დაუკმაყოფილებლობიდან ან ინფორმაციის ნაკლებობიდან მოდის. ეს  ქალებს გვაიძულებს სხვადასხვა ფორმით ვიძალადოთ ჩვენივე სხეულზე და ვერ დავამყაროთ მასთან ჰარმონიული ურთიერთობა. სხეული, რომელშიც ვცხოვრობთ და წლობით გვემსახურება საზოგადოების მიერ დაწესებული სტანდარტების მსხვერპლია.

 


პროექტს „ფემინსტრიმი” ქალთა ფონდი საქართველოში და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი წარმოგიდგენთ.