რუსთავის ქალთა ციხეში ბრალდებული გარდაიცვალა – 70 წლის ნუნუ ბრეგვაძე.
შემთხვევა 13 ნოემბერს მოხდა. როგორც „პუბლიკას“ პროკურატურაში განუცხადეს, საქმეს სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით იძიებენ.
ნუნუ ბრეგვაძე ე.წ. წინასწარ პატიმრობაში იყო. ის, ჩვენი ინფორმაციით, N5 დაწესებულებაში 26 ოქტომბერს შეასახლეს, სამ კვირაში – 13 ნოემბერს კი გარდაიცვალა.
ვიცით, რომ გარდაცვალებამდე ის გადაყვანილი იყო კიდეც კლინიკა „ვივამედში”, თუმცა მოგვიანებით ისევ ციხეში დააბრუნეს, სადაც გარდაიცვალა.
შვილი, ინგა ჯინჭარაძე გვიყვება, რომ გარდაცვლილს გულის პრობლემები ჰქონდა, ივნისის თვეში გადატანილი ჰქონდა ინფარქტიც, უჩიოდა არტერიულ ჰიპერტენზიას.
„გული აწუხებდა, არითმია ჰქონდა, ინფარქტიც გადაიტანა, წნევები აწუხებდა, ფორმა N100-ში ეწერა, რომ მოსალოდნელი იყო ინსულტიც. ექიმის კონსულტაცია ჰქონდა ჩანიშნული, უნდა ევლო კარდიოლოგთან და ემკურნალა… ადმინისტრაციასთან დამაწერინეს ფურცელზე, რომ გადატანილი ჰქონდა ავადმყოფობა და სჭირდებოდა მკურნალობა”, – ამბობს ის „პუბლიკასთან”.
ინგა ჯინჭარაძემ დედის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე არ იცის. არც შესაბამისი დოკუმენტაცია მიუღია. დანამდვილებით არც იმაზე ფლობს ინფორმაციას, მზად არის თუ არა ექსპერტიზის დასკვნა. ამბობს, რომ მას მხოლოდ სატელეფონო ზარით აცნობეს დედის გარდაცვალების შესახებ და ამ ფორმითვე დაუსახელეს მიზეზიც.
„სიტყვიერად მითხრეს, რომ თრომბით გარდაიცვალაო. ადმინისტრაციამ, გამომძიებელმა და სახალხო დამცველმაც ასე მითხრა… მე არანაირი ცნობა არ მომსვლია…
ციხის ადმინისტრაციიდან რომ დამირეკეს, ავნერვიულდი და გავუთიშე… გვიანი იყო უკვე, მერე გამომძიებელმაც დამირეკა. იმანაც მითხრა, „ვივამედში” იყო დედათქვენი, მკურნალობდა, მერე თავად განაცხადა უარი და 10 ნოემბერს გადმოიყვანეს ციხეშიო. რატომ თქვა უარი? რა პირობებში იყო, რავიცი..“, – ამბობს გარდაცვლილის შვილი.
ინგა ჯინჭარაძე თავად წყალტუბოში ცხოვრობს, ავადმყოფ ქმარს უვლის და უმეთვალყურეოდ ვერ ტოვებს.
რა სახის სამედიცინო ჩარევა დასჭირდა ნუნუ ბრეგვაძეს „ვივამედში” და იღებდა თუ არა შესაბამის დახმარებას ციხეში, შვილს ინფორმაცია არც ამის შესახებ აქვს.
„პუბლიკა“ ამ შეკითხვებით გარდაცვლილის მეორე შვილს, ირმა ჯინჭარაძესაც დაუკავშირდა. მომხდარზე დამატებით ინფორმაციას არც ის ფლობს.
„პუბლიკა“ გარდაცვლილი ბრალდებულის ადვოკატსაც ესაუბრა. გარდაცვალების მიზეზზე მას სხვაგვარი ინფორმაცია აქვს – ამბობს, რომ ამის მიზეზი მაღალი წნევა გახდა.
„ეს ცნობა მოიპოვა ბრალდების მხარე, თუმცა მეც დავრეკე იქ, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან, ვინაიდან მაღალი არტერიული წნევა აწუხებდა სწორედ ეს გახდა გარდაცვალების მიზეზი, სხვა არანაირი მიზეზი არ არის.
გაკვეთეს გვამი, რომ დაედგინათ სიკვდილის მიზეზი. ასე ხდება ყველა გარდაცვლილი პატიმრის მიმართ… გაუწევდნენ [სამედიცინო დახმარებას], მაგრამ ვერ აღმოჩნდა ალბათ საკმარისი და გარდაიცვალა“, – ამბობს „პუბლიკასთან“ საუბრისას ადვოკატი ირაკლი შენგელია.
პენიტენციურ სამსახურს შეკითხვებით 21 იანვარს მივმართეთ, თუმცა უწყებისგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. მათ ვკითხეთ ყველა იმ საგულისხმო საკითხზე, რომელიც ოჯახისთვის ამ დრომდე პასუხგაუცემელია – ექსპერტიზის დასკვნაზე, გაწეულ სამედიცინო დახმარებაზე, იმაზე, თუ რა გააკეთა ციხის ადმინისტრაციამ იმისთვის, რომ თავიდან არიდებულიყო ბრალდებულის გარდაცვალება.
შეკითხვების გაგზავნიდან ერთი კვირის თავზე შესაბამის უწყებებს – იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურებს კვლავ შევეხმიანეთ, თუმცა პასუხი არც ამის შემდეგ მიგვიღია.
გამომდინარე იქიდან, რომ უწყებიდან წერილობით პასუხს ამ დრომდე ვერ ვიღებთ [3 თებერვალი] და იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი მნიშვნელოვანი და ამავდროულად, სენსიტიურია, მასალის გამოქვეყნებამდე ციხის დირექტორს, ნესტან ვერულაშვილს პირადად დავუკავშირდით. მას მის მიმართ არსებულ შეკითხვებზე არ გვიპასუხა.
„მაგაზე გამოძიება ჩატარდა და გამოძიებას მიმართეთ. გამოძიება რომ არ ჩატარებულიყო, შეიძლებოდა კიდევ რაღაც მეპასუხა, გამოძიება რადგან ჩატარდა, ამაზე მე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ და ვერანაირ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ”, – განაცხადა მან და ტელეფონი გაგვითიშა.
„პუბლიკამ” ინფორმაციის მოსაპოვებლად სხვა ყველა შესაძლო უწყებას მიმართა.
დავუკავშირდით კლინიკა „ვივამედს” – მათ კომენტარზე უარი პერსონალური მონაცემების დაცვის საფუძვლით გვითხრეს.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხზე შეკითხვებით მივმართეთ პროკურატურასაც – ჩვენი კითხვებიდან პასუხი მივიღეთ მხოლოდ იმაზე, რომ დაწყებულია გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნებზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა გვეუბნება, რომ ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და დღეის მდგომარეობით საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„პუბლიკა” დამატებით დაუკავშირდა საქმის პროკურორს ბერდია ბურდულს. გვინდოდა, მისთვის შეკითხვები დაგვესვა გამოძიების მიმდინარეობაზე, ექსპერტიზის დასკვნაზე, ოჯახის ინფორმირებაზე და ა.შ. მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.
საკითხს სწავლობს სახალხო დამცველიც. ომბუდსმენის აპარატი ამ ეტაპზე კონკრეტულ შეკითხვებზე არ გვპასუხობს.
რის გამო ჰქონდა შეფარდებული ნუნუ ბრეგვაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა?
ნუნუ ბრეგვაძე 1956 წელს იყო დაბადებული, 31 იანვარს 70 წლის გახდებოდა. დაკავებამდე ქუთაისში ცხოვრობდა, ჰყავდა ორი შვილი.
ადვოკატი, ირაკლი შენგელია გვიყვება, რომ ის 24 ოქტომბერს ქუთაისში დააკავეს. ბრალი წარდგენილი ჰქონდა ოჯახის წევრის – [შვილის] მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის მუხლით (11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის დ-ქვეპუნქტი).
„რამდენად იყო, ეს სხვა საკითხია, გარდაიცვალა ადამიანი სამწუხაროდ და ვერ დავამტკიცეთ მისი უდანაშაულობა. ვინაიდან დევნის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია ბრალდებული პირის გარდაცვალება, პროკურორის დადგენილების საფუძველზე შეწყდა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა“, – ამბობს ადვოკატი.
ამას გარდა, ადვოკატისვე ცნობით, დაკავების პერიოდისთვის ბრეგვაძეს პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო – მობილური ტელეფონის ფარულად დაუფლების საქმეზე – „აღიარა, გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით სასჯელზე“.