▪ „კარგი იქნებოდა, პოლიგრაფი რომ იყოს, შეიძლება ცრუ მოწმეების ჩვენებების დროს სასამართლოს საშუალება ჰქონოდა, შეეფასებინა – ვინ ტყუილზე იფიცებდა და ვინ მართალზე”, – თქვა 16 ივლისს გიორგი ახობაძემ სასამართლოს წინაშე დაკითხვისას.
მანვე ერთ-ერთ სხდომაზე დამსწრეებს ფურცელზე დაწერილი წარწერაც აჩვენა – „ცრუმოწმეების დდშცვ”, რის გამოც მოსამართლის შენიშვნაც დაიმსახურა.
▪ „თქვენ იცით თუ არა, რომ თქვენი იმ ე.წ. ინფორმატორის ცრუ ჩვენებაზე მე 6 თვეა ციხეში ვარ გამოკეტილი, უსამართლოდ და თქვენ მე ოჯახი გამიმწარეთ, იცით თქვენს ეს? და გრძნობთ ამის პასუხისმგებლობას?“ – მიმართა პროკურატურის მოწმე პოლიციელს ვეფხია კასრაძემ.
▪ „ეს ადამიანი ცრუობს, ბატონო მოსამართლე“ – მიმართავს საბა სხვიტარიძე მოსამართლეს მოწმე პოლიციელის, მიხეილ სუჯაშვილის დაკითხვისას.
„ცრუ მოწმე პოლიციელი” – ტერმინს ხშირად გაიგონებდა სასამართლოში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებული საზოგადოება.
სტატიაში განვიხილავთ განვლილ სასამართლო პროცესებს და გავიხსენებთ, ვის ამხელდნენ ბრალდებულები ცრუ ჩვენების მიცემაში; შევაფასებთ, რა გამოავლინა განვლილმა პროცესებმა და ვისაუბრეთ იმაზე, რა არის ის, რაც ამ საკითხს სისტემურ გამოწვევად აქცევს და არა ერთჯერად, ინდივიდუალურ გადაცდომად.
2024 წლის 28 ნოემბერი – ირაკლი კობახიძის ბრიფინგი: „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი” – ამ განცხადების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებზე „ქართული ოცნებამ” აქციის 50-მდე მონაწილე დააკავა და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
დეკემბერში დაკავებულთა 9-თვიან საპატიმრო ვადაში, საქმეების არსებითი განხილვისას, მოვუსმინეთ მოწმის სტატუსით სასამართლოში დაკითხულ პოლიციელებს, ექსპერტ-ჰაბიტოსკოპებს, თარჯიმნებს, საქმის მთავარ გამომძიებლებსა და თავად ბრალდებულებს.
ვალერი თეთრაშვილის საქმე
ინტერნეტ სივრცეში ფართოდ გავრცელდა სასამართლო სხდომიდან პოლიციელის განცხადება, რომ ხედავდა ბრალდებულ ვალერი თეთრაშვილს სასამართლოს დარბაზში, მის წინ მდგარს, მაშინ, როდესაც იმ დღეს თეთრაშვილი სხდომას არ ესწრებოდა.
პოლიციელი გოგიტა ხარატიშვილი, საქმის მასალების მიხედვით, ვალერი თეთრაშვილის დამკავებელი პირი იყო.
ეს გროტესკული მომენტი ფართოდ გავრცელდა ინტერნეტში, ვინაიდან საქმის მასალებისა თუ სამართლებრივი ნიუანსების გარეშეც მარტივად აღქმადი იყო – მოწმის ჩვენება დამაჯერებლობას იყო მოკლებული, ვინაიდან ის ვერ ცნობდა პირს, ვინც წესით თავად დააკავა და სასამართლოში სწორედ აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად იყო მოსული.
სასამართლო განხილვებისას ასევე ვიხილეთ ბევრად კომპლექსური, სამართლებრივად რთული და სპეციფიკური დაკითხვები.
საბა სხვიტარიძის საქმე
საბა სხვიტარიძის საქმე ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც მოწმის სახით მისულ პოლიციელებს მოვუსმინეთ. სხვიტარიძის საქმე პირობითად სამ ეპიზოდად შეიძლება დაიყოს – 1 – რა მოხდა 4 დეკემბერს „ქორთიარდ მარიოტთან“; 2 – რა ვითარებაში მოხდა სხვიტარიძის დაკავება; 3 – იძალადეს თუ არა მასზე პოლიციის სამმართველოში.
სასამართლოში მოსული პოლიციელები სამივე ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდებულისგან განსხვავებულ გარემოებებზე საუბრობდნენ და უარყოფდნენ ბრალდებებს, თუმცა 4 დეკემბრის ეპიზოდზე არსებობს კადრები, რომელიც „პუბლიკის” მაყურებელმა მოწმის ჩვენებების პარალელურად არაერთხელ ნახა.
დაცვის მხარე ამბობდა, რომ „ადგილზე მყოფი პოლიციელები გამოიყურებოდნენ, იქცეოდნენ და ძალადობდნენ ისე, როგორც ძალადობენ ე.წ. ტიტუშკები“. მათივე თქმით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მირიან ქავთარაძე თავდაპირველად ხელს ურტყამს აქციაზე მყოფ თეონა ჭალიძეს, სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაიძაბა ადგილზე ვითარება და ამან ჩააყენა საბა სხვიტარიძე აუცილებელი მოგერიების პირობებში.
ურტყავს თუ არა პოლიციელი მირიან ქავთარაძე ხელს თეონა ჭალიძეს და თუ დაინახეს ეს ყოველივე – ეს იყო შეკითხვა როგორც მირიან ქავთარაძის, ასევე აქციაზე მასთან ერთად მყოფი პოლიციელების მიმართ. განხილვის საგანი ასევე იყო, განუმარტეს თუ არა მათ შეკრებილ მოქალაქეებს, რომ პოლიციელები იყვნენ.
„მე არ შევხებივარ, მით უმეტეს ხელი არ დამირტყამს თეონა ჭალიძისთვის”, – ამბობს მირიან ქავთარაძე პროცესზე. იხილეთ ვიდეო:
„მე ვერ გეტყვით ამას, ვერ შევაფასებ”, – ამბობს პოლიციელი მიხეილ სუჯაშვილი შეკითხვაზე – ხედავს თუ არა ვიდეოზე მირიან ქავთარაძის მიერ დარტყმულ ხელს. ამ პოლიციელს სხვიტარიძე გაუპატიურების მუქარაშიც ადანაშაულებდა. ნახეთ ვიდეო:
ანატოლი გიგაურის საქმე
ანატოლი გიგაურის საქმეშიც, ბრალდებული ამბობდა, რომ მას თავდაპირველად პოლიციელმა ვახტანგ გაბუნიამ დაარტყა სახეში ხელი.
მსგავსად წინა განხილული შემთხვევისა, აქაც არსებობდა კადრები, რომელზეც დაცვის მხარე მიუთითებდა.
თავდაპირველად საქმეზე დაიკითხა პოლიციელი თევდორე გიორგაშვილი. მან საქმეზე დამაგრებული ვიდეო დაათვალიერა, რაც საგამოძიებო მოქმედებას წარმოადგენს. მას სიზუსტით და ობიექტურად უნდა აესახა საქმესთან კავშირში ყველა მნიშვნელოვანი გარემოება, თუმცა ხელის დარტყმის მომენტი მის მიერ შედგენილ დათვალიერების ოქმში ვერ მოხვდა:
აღსანიშნავია, რომ თევდორე გიორგაშვილი ასევე ფიგურირებს საბა სხვიტარიძის საქმეში. სხვიტარიძის დაკავების ადგილად ის მიუთითებდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობას. სხვიტარიძე კი ამბობს, ის ზესტაფონში დააკავეს და თბილისში თავად პოლიციელებმა ჩამოიყვანეს.
ანატოლი გიგაურის საქმეს რომ დავუბრუნდეთ, სასამართლოში დაიკითხა პატრულ-ინსპექტორი გვანცა ხვიჩია, რომელიც აქციაზე მის კოლეგა – ვახტანგ გაბუნიასთან ერთად იმყოფებოდა. ადვოკატის შეკითხვაზე – დაინახა თუ არა, რომ გაბუნია სახეში ურტყავს ხელს გიგაურს – მან აღნიშნა, არ დაუნახავს, იმიტომ, რომ „მსგავსი რამ არ მომხდარა”. პოლიციელის ჩვენება „პუბლიკის” მაყურებელმა ვიდეოკადრებთან კომპილაციაში ნახა:
პროცესზე ასევე დაიკითხა დაზარალებულის სტატუსის მქონე ვახტანგ გაბუნია. მან თქვა, რომ „არანაირი შეხება არ ჰქონია გიგაურთან, ფიზიკური მით უმეტეს”… „ყველა აქეთ მოდის და გეჯაჯგურება და ამ დროს შეიძლება ვიღაცას ხელი მოხვდა, არ ვიცი. მე პირადად გამიზნულად ვინმესთვის ხელი არ დამირტყამს”.
„თავში რომ მირტყამდნენ, თქვენ რეაგირებაც არ გქონიათ, ეს სისხლჩაქცევები თქვენ ოთახში გამიჩნდა“, – მიმართა ანატოლი გიგაურმა პროცესზე მოწმის სახით დაკითხულ კიდევ ერთ პოლიციელს – ვახტანგ დაბრუნდაშვილს. მოწმედ დაკითხულმა დაბრუნდაშვილმა ბრალდებულის მიერ აღწერილი გარემოებები უარყო.
აღნიშნული პოლიციელის – ვახტანგ დაბრუნდაშვილის მიმართ ბრალდებები ჰქონდა დავით ლომიძესაც, დეკემბრის მოვლენების დროს დაკავებულ კიდევ ერთ მსჯავრდებულს. „ხელი მოვაწერინე სისხლზეო” – დავით ლომიძე ამბობს, რომ ეს ფრაზა იზოლატორში ყოფნისას ამ პოლიციელისგან მოისმინა.
ის სხდომას დისტანციურად ესწრებოდა, ვინაიდან, მისი თქმით, აქციაზე ის დააკავეს და მიკროავტობუსში სცემეს, შემდეგ კი წიწაკის სპრეი გაახსეს და კარი გარედან მიუხურეს.
დავით ლომიძეს წარსულში ხერხემალზე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, რაც, მისი თქმით, დაკავების დროს ცემის შედეგად გაურთულდა და დამატებითი ოპერაცია დასჭირდა, რომელიც პატიმრობის პერიოდში კლინიკა „ვივამედში” გაუკეთეს. სხდომების უმეტესობას ის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ფიზიკურად ვერ ესწრებოდა.
სადავო ჰაბიტოსკოპიური დასკვნა
გარდა პოლიციელებისა, რიგ საქმეებში დაცვის მხარე ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის მიკერძოებულად ჩატარებაზეც დაობდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ანრი კვარაცხელიას საქმეში იყო. „პუბლიკამ” საკითხი სკრუპულოზურად გააშუქა, მაშინ, როდესაც დაცვის მხარემ საკუთარი ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა.
ვიდეო, რომელიც სამხარაულის ბიურომ საიდენტიფიკაციოდ უვარგისად მიიჩნია, მასზე შსს-ის საექსპერტო დეპარტამენტის ექსპერტმა სახის ნაკვეთის გარჩევა შეძლო.

ბრალდების მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის ავტორმა, ნინო ბორაშვილმა ამ გამოსახულებაზე ცხვირის ზურგის, თვალის და წარბის ფორმა გაარჩია.
ბორაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტია. დაცვის მხარემ კი ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროს დაუკვეთა. მოწმის სახით დაკითხულმა სამხარაულის ექსპერტმა მარიამ როგავამ კი განაცხადა და დასკვნაშიც ჩაწერა, რომ აღნიშნული ვიდეო პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას არ იძლევა, უვარგისია.
ე.წ. ნარკოდანაშაულის საქმეები
სასამართლო პროცესების დაკვირვების შედეგად შეიძლება ითქვას ისიც, რომ პოლიციელთა ცრუმოწმეობაზე ყველაზე ხშირად და მწვავედ ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით დაკავებულთა პროცესებზე იყო აპელირება.
2024 წლის დეკემბრის მოვლენების შემდეგ ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს – გიორგი ახობაძე, თედო აბრამოვი, ნიკა კაცია, ანტონ ჩეჩინი, ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული.
გამომდინარე იქიდან, რომ მათ საქმეებში პირადი ჩხრეკის ამსახველი ნეიტრალური მტკიცებულება არ იდო, დაცვის მხარე უერთიერთსაწინააღმდეგო გარემოებების გამოვლენას შეკითხვებით ცდილობდა.
მედიის კითხვები სასამართლოში მოწმედ დაკითხულ პოლიციელებთან სწორედ ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვების საკითხს შეეხებოდა – რატომ არ გადაიღეს პოლიციელებმა ჩხრეკის პროცესი, რამდენად სარწმუნო იყო მათ მიერ დასახელებული არგუმენტი, რომ ამის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.
ამას გარდა, 6-ივე ბრალდებული აღნიშნავდა იმას, რომ დაკავების დროს ადგილზე იმაზე მეტი პოლიციელი იყო, ვიდრე ეს საქმის მასალებში ოფიციალურად ფიქსირდებოდა. ერთ-ერთ სხდომაზე გიორგი ახობაძემ დამსწრეებს პოლიციელ გიორგი გურეშიძის ფოტო უჩვენა და აღნიშნა, რომ გურეშიძე ნარკოტიკის „ჩადების სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა”. პოლიციის ეს მაღალჩინოსანი საქმეში ოფიციალურად არ ფიგურირებს.
„HE PUT DRUGS IN MY POCKETS” (მან ჩადო ნარკოტიკები ჩემს ჯიბეებში) – ეს წარწერა ფურცელზე არტემ გრიბულმა სასამართლო სხდომაზე გააკეთა, მაშინ, როცა სხდომაზე მოწმე პოლიციელი ჯემალ მირაზანაშვილი იკითხებოდა. მირაზანაშვილი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ დაკავების დროს ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა. საქმის მასალების მიხედით, მირაზანაშვილი პატაკის ავტორია.
რუსეთის მოქალაქეების შემთხვევაში დაცვის მხარეს ცრუმოწმედ ჰყავს შეფასებული თარჯიმნები – შორენა ტაბატაძე და ანაიდა საფარიანი, რომლებიც სასამართლომ ნეიტრალურ მოწმედ მიიჩნია. ლინკზე ნახავთ მასალას დაკითხვიდან – თარჯიმნები ახლო მეგობრულ ურთიერთობებზე საუბრობენ საქმის ფიგურანტ პოლიციელებთან.
ანასტაია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის საქმეში წარმოდგენილი იყო სახლის ჩხრეკის ვიდეო. ადვოკატის თქმით, ბინის ჩხრეკის ვიდეოზე – ერთ მომენტში დასტურდება, რომ სახლში დამატებით კიდევ ერთი ადამიანი იმყოფება, რაც ოფიციალურ ვერსიას და მოწმე პოლიციელთა ჩვენებებს ეწინააღმდეგება. ნახეთ ვიდეო:
რა აჩვენა ამ პროცესმა?

ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელიც დეკემბერში დაკავებულ ზინოვკინა-გრიბულის, ასევე ონისე ცხადაძის, ირაკლი მიმინოშვილისა და დავით ხომერიკის ინტერესებს იცავდა, შეჯამებულად საუბრობს იმაზე, თუ რა და სახის შემთხვევებთან ჰქონდა შეხება დაცვის მხარეს არსებითი განხილვისას:
„ჩვენ გვაქვს ხოლმე შემთხვევები, როცა პოლიციელის ჩვენება არათუ რეალობას, არამედ საკუთარ მიცემულ წინა ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა. ასევე გვაქვს შემთხვევები, როცა პოლიციელების ჩვენებები ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს.
გვაქვს ხოლმე ისეთი შემთხვევაც როცა, პოლიციელის ჩვენება ეწინააღმდეგება ვიდეო ან აუდიო ჩანაწერს, რომელიც არსებობს საქმეში და ერთმანეთთან პირდაპირი წინააღმდეგობაში მოდის. რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ცრუ ჩვენებაა მიცემული.
ანალოგიურ შემთხვევაში დაცვის მხარის მოწმემ ან მოქალაქემ, რომელიც მოწმის სახით არის წარდგენილი, ეგ რომ გააკეთოს, მეორე დღეს ბრალი ექნება წაყენებული ცრუ ჩვენების მიცემისთვის. პოლიციელებისთვის, სამწუხაროდ, ეს ასე არ მუშაობს… მათ აქვთ უსაფრთხოების გარანტია ამჟამინდელი რეჟიმისგან და იციან, რომ პასუხისგებაში არ მისცემს „ქართული ოცნება” მანამ, სანამ კვლავაც სჭირდებათ ასეთი მატყუარები”, – ამბობს ის.
თუთბერიძე გამოყოფს ასევე ე.წ. კონფიდენტისგან მიღებულ ინფორმაციებს, რომელიც მისი შეფასებით, რეალურად არც არსებობს და ამბობს, რომ ამგვარ მეთოდებს სისტემა საქმის ფალსიციფირების მიზნით იყენებს.
„როგორც წესი ეს კეთდება მტკიცებულებების გაყალბების, საქმის ფალსიფიკაციის მიზნით. მაგალითად, პოლიციელები იტყუებიან ხოლმე იმასთან დაკავშირებით, რომ მათ რაღაც საიდუმლო ინფორმაცია აქვთ კონფიდენტისგან, წყაროსგან, რაც რა თქმა უნდა ტყუილია-ხოლმე და მხოლოდ და მხოლოდ საქმის ფალსიფიკაციას ისახავს მიზნად… პოლიტიკური პატიმრების პასუხისგებაში მისაცემად, როგორც სისხლის სამართლებრივად, ასევე ადმინისტრაციული სამართლის კუთხით – მთავარი რაზეც დგას სასამართლო პროცესები – გარდა იმისა, რომ სასამართლოა უსამართლო, გარდა იმისა, რომ პოლიტიკური მოტივი არსებობს – არის ხოლმე პოლიციელის ნათქვამი, მიცემული ცრუ ჩვენებები”, – ამბობს ის.
ამგვარ ვითარებაში, როგორი იყო სასამართლოს როლი? რაში გამოიხატა ის? – თუთბერიძე ამბობს, რომ სასამართლო, მათ შორის კითხვების განრიდების გზით, ცდილობდა აერიდებინა უხერხულობა, კრიტიკული კითხვები ბრალდების მხარის მოწმეებისთვის.
„მოსამართლეების მიერ საქმის განხილვის დროს ძალიან ცალსახა არის ხოლმე მათი მცდელობა, დაეხმარონ ბრალდების მხარის ცრუ მოწმეებს, რათა მათი სიცრუე არ გამოაშკარავდეს. ისინი არიდებენ ხოლმე დაცვის მხარის კითხვებს, რომლებზეც პასუხი არ აქვს ბრალდების მხარის წარმომადგენელს”, – ამბობს თუთბერიძე.

ლაშა ცუცქირიძე, გიორგი ახობაძის, ანრი კვარაცხელიას, ანატოლი გიგაურისა და ონისე ცხადაძის ადვოკატი ასევე საუბრობს ფორსირებულ გამოძიებაზე და ამბობს, რომ ამ ფაქტორიდან გამომდინარე გაცემული დასკვნები იყო ზედმეტად ნაჩქარევი, ფორსირებულ რეჟიმში მომზადებული, ვინაიდან ათეულობით პირის იდენტიფიცირება უნდა მოეხდინათ.
„სპეციალური ცოდნის მქონე პირები, ექსპერტები და ამ შემთხვევაში გამოვყოფ ჰაბიტოსკოპებს, სასამართლოს აძლევდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ გაემართლებინათ დასკვნა, რომელიც არ იყო კვალიფიციური, ობიექტური და მიუკერძოებელი. არ იყო ჩატარებული ისე, როგორც უნდა ჩატარებულიყო – არამხოლოდ დროის კუთხით, არამედ არ იყო ჩატარებული ობიექტურად და არ ჰქონდათ გამოკვლეული რეალურად ის ობიექტური, ფაქტობრივი გარემოებები, რაც ვიდეოში ჩანდა”, – ამბობს ცუცქირიძე.
მისი თქმით, ფორსირებულად წარმართული პროცესი მოწმე პოლიციელების ჩვენებებითაც დასტურდებოდა – „ზოგიერთს იმდენი პირი ჰყავდა დაკავებული და იმდენ საქმეებზე იყვნენ ნოემბერ-დეკემბერში გადანაწილებულები, რომ არ ახსოვდათ საქმის ინდივიდუალური გარემოებები”, – ამბობს ცუცქირიძე.
ადვოკატი იხსენებს 11 პირის საქმეს და ამბობს, რომ ამ პროცესმა მოწმეთა სანდოობის კუთხით მნიშვნელოვანი გარემოებები გამოავლინა – მისი თქმით, პროცესზე დაიკითხნენ პოლიციელები, რომლებიც ამბობდნენ, რომ არ იცოდნენ, დაზიანდნენ თუ არა აქციის მონაწილეები, ისინი მხოლოდ პოლიციელების დაშავებაზე აპელირებდნენ.
„ზოგიერთი პოლიციელი არც ახსენებდა პოლიციელის განხორციელებულ უკანონო მოქმედებებს, არც სიტყვიერ შეურაცხყოფებს აქციის მონაწილეთა მიმართ, ყველა მათგანი ხელს აფარებდა თავის კოლეგას; ან ხელს აფარებდნენ ან უკვე სუბიექტურად იყვნენ მოსულები და ამგვარად განწყობილები”, – ამბობს ცუცქირიძე.
როგორ ჩანდა სასამართლოში მიმდინარე პროცესები გარეშე თვალისთვის?

აქტივისტ ელენე ქაიხოსროშვილის აზრით, ცრუმოწმეების „ინსტიტუტმა” გააშიშვლა ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მთლიანად პოლიტიზირებულია და მას კავშირი არ აქვს ადამიანების უფლებებისა და მათ ძალადობისგან დაცვასთან.
მისი თქმით, ცრუმოწმეების ის მასშტაბი, რაც მიმდინარე პროცესების კონტექსტში ვიხილეთ, არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, ვიფიქროთ, რომ უწყებაში მომუშავე ადამიანების მხოლოდ ნაწილია საკუთარი მოქალაქეების პოლიტიკური ნიშნით რეპრესიებში ჩართული – „აღნიშნული უწყების ყველა თანამშრომელი რეპრესიების თანამონაწილეა თავისი სიჩუმით”.
„აღნიშნულმა პრაქტიკამ ასევე გააშიშვლა ფაქტი, რომ ე.წ. ხელისუფლებას ამ უწყების თანამშრომლების მიმართ, მათი მუნდირის მიმართ აქვს ნულოვანი პატივისცემა და მათ ფორმებს და ხელფასს ჩუქნის რეპრესიის ინსტრუმენტობის სანაცვლოდ”, – ამბობს ქაიხოსროშივლი „პუბლიკასთან”.
„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” წარმომადგენელი, იურისტი საბა ბრაჭველი ამბობს, რომ პოლიციელების მიერ ფიცის ქვეშ ცრუ ჩვენებების მიცემის პრაქტიკა აჩვენებს, რომ როგორც სამართალდამცავი, ისე – სასამართლო სტრუქტურები ემსახურებიან პოლიტიკური ინტერესების დაცვას და არა მართლმსაჯულებას.
„გამოძიება ეყრდნობა ოპერატიული მუშაკებისა და გამომძიებლების ცრუ ინფორმაციებს, რათა აშკარად უდანაშაულო ადამიანები დააკავონ, მოსამართლეები კი ყურადღებას არ აქცევენ ნეიტრალურ მტკიცებულებებს და ისეთ ჩვენებებს ეყრდნობიან, რომ პირი პატიმრობაში დატოვონ ან მრავალწლიანი სასჯელი მიუსაჯონ.
აშკარაა, რომ სასამართლო პროცესები მხოლოდ ფორმალობაა, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლების კონტროლის ნაცვლად, მისივე ძალაუფლების მოძალადე ინსტრუმენტად არის ქცეული”, – ამბობს ბრაჭველი.